აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის საქმე ტერორიზმზე ხუთ ქვეყანაში: რას ედავებიან საქმის ფიგურანტებს?
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერაცია ხუთ ქვეყანაში
აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად შეგროვებული თანხები კრიპტოვალუტის საშუალებით ტერორისტულ ორგანიზაციებს გადაეცემოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაფინანსების ეს სქემა და საზოგადოებრივი და რელიგიური მოღვაწეების წინააღმდეგ დაგეგმილი თავდასხმები ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოექცა და მიმდინარეობს გამოძიება.
თუმცა მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში არ არის მითითებული არც თანხის ოდენობა, არც ის ორგანიზაციები, რომლებმაც, უწყების მტკიცებით, ეს თანხები მიიღეს და არც იმ ხუთი ქვეყნის სახელები, სადაც ოპერაციები ჩატარდა.
ღია წყაროებში არსებული მონაცემები საქმის მასშტაბის დამოუკიდებლად დადასტურების საშუალებას არ იძლევა. ამ დროისთვის ხელმისაწვდომი მასალები ძირითადად იმ უწყების ვერსიას იმეორებს, რომელიც გამოძიებას აწარმოებს.
წარდგენილი ბრალდებები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრალდებულთა ვინაობა დაასახელა: ვუგარ აბდულაევი, ჯალალ ჰაჯიევი, ჯავიდ ალიევი, ნიჯატ აჰმედოვი, ნაზიმ ალიევი, ილქინ ჰასანზადე, აიჰან ჰუსეინოვი, ელშან ასკეროვი, ფაჰრედდინ იმანოვი, ნაილ რასულოვი და ელგიუნ ისმაილოვი. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში 10 პირის დაკავებაზეა საუბარი, ბრალდებულთა სიაში 11 ადამიანია. ამ შეუსაბამობის მიზეზი განმარტებული არ არის.
მათ ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით, რომლებიც ტერორიზმის დაფინანსებას, დანაშაულებრივი გაერთიანების შექმნას, სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფის მომზადებასა და სხვა დანაშაულებს ეხება. უწყების ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ორი ეპიზოდის დამაკავშირებელი ფიგურა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, ჯალალ ჰაჯიევის სახელი როგორც თავდასხმის მომზადების, ისე დაფინანსების ეპიზოდში ფიგურირებს. უწყების მტკიცებით, ვუგარ აბდულაევი და სხვა ბრალდებულები სავარაუდო სამიზნეების გადაადგილების მარშრუტებსა და დაცვაზე ინფორმაციას აგროვებდნენ. ჰაჯიევი კი, როგორც უწყება აცხადებს, საზღვარგარეთ არსებული კავშირების მეშვეობით ორგანიზებას უწევდა შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილე პირებისთვის, ასევე ტერორისტული ორგანიზაციებისთვის თანხების გადარიცხვას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ეპიზოდი ერთ საქმეში განიხილება, არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად რა ფინანსური კავშირი არსებობს მათ შორის: გამოიყენებოდა თუ არა საზღვარგარეთ გადარიცხული თანხები აზერბაიჯანში თავდასხმების მომზადების დასაფინანსებლად? მიუხედავად იმისა, რომ ორივე ეპიზოდში ერთი და იგივე პირები ფიგურირებენ, არ არის წარმოდგენილი ფაქტები, რომლებიც თანხების მოძრაობასა და თავდასხმების დაგეგმვას შორის კავშირს დაადასტურებდა.
როგორ მოხერხდა თანხების კვალის მიგნება?
უწყების ინფორმაციით, თანხებს სოციალურ ქსელებში განთავსებული ყალბი განცხადებების საშუალებით აგროვებდნენ, თითქოს რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად. გამოძიება აცხადებს, რომ მოიპოვა მტკიცებულებები თანხების წარმომავლობისა და მათი გადარიცხვის მექანიზმების შესახებ.
ამ მტკიცებების გადასამოწმებლად მნიშვნელოვანია განცხადებების არქივი, გადახდის რეკვიზიტები, ტრანზაქციების თარიღები და ინფორმაცია თანხის მიმღებთა შესახებ. იცოდნენ თუ არა ადამიანებმა, რომლებიც ფულს რიცხავდნენ, სინამდვილეში რისთვის იყო ის განკუთვნილი, თუ თავადაც თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ? ამ ორ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ხარისხი განსხვავებულია.
მხოლოდ კრიპტოვალუტის ხსენება ასევე ვერ ხსნის, როგორ მოძრაობდა თანხები. უცნობია, რომელი ციფრული აქტივი გამოიყენებოდა, ვის ეკუთვნოდა გადარიცხვებში გამოყენებული მისამართები და როგორ დადგინდა თანხის მიმღებთა კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებთან.
ფულის გათეთრების წინააღმდეგ ფინანსური ზომების შემმუშავებელი ჯგუფის (FATF) 2023 წლის ანგარიშში აღწერილია სოციალური ქსელების საშუალებით თანხების მოზიდვისა და ტერორიზმის დასაფინანსებლად ვირტუალური აქტივების გამოყენების რისკები. დოკუმენტში ასევე საუბარია იმ სირთულეებზე, რომლებიც ახლავს იმის მტკიცებას, რომ თანხები ტერორისტული მიზნებისთვის იყო განკუთვნილი, და ხაზგასმულია კანონიერი საქველმოქმედო საქმიანობის დაცვის აუცილებლობა.
საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღწერილი სქემა პრინციპში შესაძლებელია. თუმცა კონკრეტული პირების მიმართ წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს. ამ ეტაპზე ეს მტკიცებულებები საზოგადოებისთვის წარმოდგენილი არ არის.