ევროკავშირი სომხეთიდან იმპორტზე საბაჟო გადასახადებს დროებით აუქმებს. რას ნიშნავს ეს?
სომხეთი და ევროკავშირი
ევროკავშირში სომხეთიდან ექსპორტირებული პროდუქციის ფართო სპექტრისთვის საბაჟო გადასახადები დროებით გაუქმდება. სავაჭრო რეჟიმის ლიბერალიზაციის წინასწარი ვადა ორი წელია. შესაბამის წინადადებას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა.
სომხური პროდუქციის მიმართ ავტონომიური სავაჭრო ზომების (Autonomous Trade Measures) შემოღებას 583 ევროპარლამენტარი დაეთანხმა, 49 წინააღმდეგი იყო, ხოლო 39-მა თავი შეიკავა.
გადაწყვეტილებას ახლა ევროკავშირის საბჭოს მიერ რეგულაციის დამტკიცება სჭირდება, რის შემდეგაც ის ძალაში შევა.
ევროკავშირის ინიციატივის მიზანია სომხეთის ეკონომიკის მხარდაჭერა და ადგილობრივი ექსპორტიორებისთვის ევროკავშირის ბაზარზე წვდომის დამატებითი შესაძლებლობების შექმნა.
სომხეთის სოციალურ-ეკონომიკური კვლევების ცენტრმა (ACSES) მიღებული გადაწყვეტილების შესაძლო შედეგები შეაფასა. ცენტრის ექსპერტების განცხადებით, ევროკავშირთან სავაჭრო ლიბერალიზაციის მასშტაბი მნიშვნელოვანი იქნება. თუმცა, მათი შეფასებით, შემდგომი განვითარება რამდენიმე საკვანძო ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.
„შეძლებს თუ არა სომხეთი დამოკიდებულების სტერეოტიპების დაძლევას და ექსპორტის სტრუქტურის გარდაქმნას? პასუხი დიდწილად დამოკიდებულია სომხური ბიზნესისა და მთავრობის მომავალ ნაბიჯებზე. ახალი, კომპლექსური ლოგისტიკური შესაძლებლობების შექმნა დროის მოთხოვნაა“, – აცხადებენ ექსპერტები.
სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ დროებითი სავაჭრო შეღავათები ხელს შეუწყობს ქვეყნის საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციას, სომხური პროდუქციისთვის ევროკავშირის ბაზარზე წვდომის გაფართოებას და ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
რას ითვალისწინებს ევროკავშირის გადაწყვეტილება
ევროპარლამენტმა „Made in Armenia“-ს ნიშნით პროდუქციის ექსპორტის ლიბერალიზაციის შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება 324 კატეგორიის პროდუქტზე გავრცელდება. ევროკავშირის შეფასებით, ორი წლის განმავლობაში სომხური კომპანიები ჯამში 5.4 მილიონ ევროს დაზოგავენ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ თანხის გადახდა მოუწევდათ მათ საბაჟო გადასახადების სახით.
შეღავათებით სარგებლობისთვის სომხური პროდუქცია ევროკავშირის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს როგორც საქონლის წარმოშობის, ისე საბაჟო პროცედურების კუთხით.
სომხეთმა ასევე უნდა ითანამშრომლოს ევროკავშირის შესაბამის ორგანოებთან პროდუქციის წარმოშობის დასადასტურებლად და შესაძლო თაღლითობის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
გარდა ამისა, ევროკავშირი სომხეთის სოფლის მეურნეობის რვა სახეობის პროდუქციისთვის უბაჟო იმპორტზე კვოტების დაწესებას გეგმავს. სიაში შედის გარგარი, ყურძენი, ქლიავი, ატამი, ბალი, მარწყვი, კიტრი და მსხალი.
ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ რუსეთის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა სომხური პროდუქციისთვის ქვეყნის ტრადიციულ ბაზარზე წვდომა მნიშვნელოვნად შეამცირა.
„ვითარებამ მძიმე გავლენა მოახდინა მცირე და საშუალო საწარმოებზე, მათ შორის სოფლის მეურნეობის მწარმოებლებზე, და სომხეთის ეკონომიკურ მდგრადობას საფრთხე შეუქმნა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
შეღავათიანი რეჟიმი სომხეთიდან ევროკავშირში ახალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის 99%-სა და სასმელების ექსპორტის 91%-ზე გავრცელდება.
ამასთან, ევროკავშირი საკუთარი ბაზრის დაცვის მექანიზმების ამოქმედებასაც გეგმავს.
ეს მექანიზმები ევროკავშირს საშუალებას მისცემს ჩაერიოს, თუ სომხეთიდან იმპორტის ზრდა ევროპელ მწარმოებლებზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
ევროკომისიას შეეძლება რეჟიმის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერება, თუ სომხეთიდან იმპორტის ზრდა ევროკავშირის ბაზარზე დესტაბილიზაციას გამოიწვევს. იგივე შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ერევანი შეთანხმებულ მოთხოვნებს არ შეასრულებს.
ევროკავშირი სომხეთისთვის ბაზრის გახსნას რუსეთის შეზღუდვების ფონზე გეგმავდა
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2026 წლის ივლისის დასაწყისში ერევანში ვიზიტისას სომხეთისთვის ავტონომიური სავაჭრო ზომების შესაძლო ამოქმედების შესახებ განაცხადა.
„დღეს აქ ვარ, რათა ცალსახად განვაცხადო: თუ რუსეთი სომხური პროდუქციისთვის საკუთარ ბაზარს დახურავს, ევროკავშირი მისთვის საკუთარი სამომხმარებლო ბაზრის კარს გააღებს: ბაზრის, რომელიც 450 მილიონ ადამიანს მოიცავს“, – განაცხადა მან.
მაისიდან რუსეთმა სომხეთიდან ხილის, ბოსტნეულის, თევზის პროდუქტების, ალკოჰოლისა და სხვა პროდუქციის იმპორტი აკრძალა. რუსეთის მხარემ გადაწყვეტილების მიზეზად პროდუქციის ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობა დაასახელა.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ავტონომიური სავაჭრო ზომები სომხური ექსპორტის დაახლოებით 80%-ის ლიბერალიზაციას გახდის შესაძლებელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მოცულობის პროდუქცია საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება.
ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილება 324 კატეგორიის „Made in Armenia“ პროდუქციას შეეხება. ევროკავშირის შეფასებით, ორი წლის განმავლობაში სომხური ბიზნესი დაახლოებით 5.4 მილიონ ევროს დაზოგავს.
შეღავათიანი რეჟიმი მნიშვნელოვანი მოცულობით სომხურ ექსპორტს მოიცავს. სომხეთის სოციალურ-ეკონომიკური კვლევების ცენტრის შეფასებით, 2025 წელს ქვეყნიდან დაახლოებით 3.5 მილიარდი დოლარის პროდუქცია გავიდა ექსპორტზე, რომლის ორ მესამედზე მეტი შემოთავაზებული სავაჭრო რეჟიმის ფარგლებში მოექცევა.
ექსპერტების შეფასება
ექსპერტების შეფასებით, ევროკავშირთან შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმისა და სომხეთის მთავრობის მიერ ბიზნესის მხარდასაჭერი პროგრამების ერთობლიობამ შესაძლოა ქვეყნის ექსპორტის სტრუქტურა შეცვალოს. კომპანიებმა, რომლებიც აქამდე პროდუქციას რუსეთში აგზავნიდნენ, შესაძლოა ექსპორტის ევროკავშირის ბაზარზე გადატანა დაიწყონ.
თუმცა ეკონომისტები ყურადღებას ამახვილებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დაწესებულ სატარიფო კვოტებზეც. მათი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში კვოტები სომხეთის რეალური ექსპორტის მოცულობაზე დაბალია.
მაგალითად, ქლიავის კვოტა რეალური ექსპორტის მხოლოდ 13%-ს შეადგენს, გარგარის კი 16%-ს.
ექსპერტების შეფასებით, კვოტების მცირე მოცულობა შესაძლოა ევროკავშირის ბაზრის დაცვის სურვილს კი არა, გამოყენებულ მეთოდოლოგიას უკავშირდებოდეს.
კვოტების განსაზღვრისას გათვალისწინებული იყო სომხეთში რეგისტრირებული კომპანიების საექსპორტო მონაცემები, რომლებიც გაეროს UN Comtrade-ის მონაცემთა ბაზაშია ასახული. ამასთან, არ იყო გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი ფიზიკური პირების მიერ ხორციელდება.
„შესაძლოა, ჩვენს მთავრობას ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ინტერესები უფრო თანმიმდევრულად უნდა დაეცვა“, – ნათქვამია კვლევაში.
ევროკავშირის ინიციატივის მიზნად სომხეთის ეკონომიკაზე არსებული ზეწოლის შემცირება სახელდება. ACSES-ის გათვლებით, 2026 წელს ექსპორტის სფეროში პოტენციურმა დანაკარგებმა შესაძლოა 260 მილიონი დოლარი შეადგინოს.
შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი ამ დანაკარგების ნაწილობრივ ანაზღაურებისა და სომხური ექსპორტისთვის ახალი ბაზრების შექმნის ერთ-ერთ მექანიზმად განიხილება.