კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე დაინიშნა
გაზიარება
გაზიარება
მაია ბითაძე კულტურის მინისტრად
მაია ბითაძე საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა. გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.
ბითაძე 2020 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ხელმძღვანელობს. ის სამართლის დოქტორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
კობახიძის თქმით, ბითაძეს სახელმწიფო მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და სხვადასხვა დროს მაღალი თანამდებობები ეკავა. ის წლების განმავლობაში გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე იყო, მოგვიანებით კი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დედაქალაქის კულტურის მიმართულებასაც კურირებდა.
„მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ქალბატონ მაიას ვთხოვეთ, რომ დაეკავებინა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა“, – განაცხადა კობახიძემ.
ბითაძემ მინისტრად დანიშვნის შემდეგ განაცხადა, რომ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც როგორც სამინისტროს გუნდთან, ისე ქართული კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებთან მიმართებით დაეკისრა.
„კულტურა ეს არამხოლოდ შემოქმედება და კულტურული მემკვიდრეობა, არამედ ეს ჩვენი ერის თვითმყოფადობის, იდენტობის ნაწილი და ის ენაა, რითაც ჩვენ უნდა ვესაუბროთ მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ახალ თანამდებობაზე მუშაობისას სურს მოუსმინოს კულტურის სფეროს პროფესიონალებსა და ადამიანებს, რომლებიც ქართული კულტურის შექმნაში მონაწილეობენ.
„კარგად მესმის, თუ რა დიდი გზა გვაქვს გასავლელი. იმედი მაქვს, რომ ძალიან წარმატებული იქნება ჩვენი საქმიანობა, ღირსეულად გავართმევ თავს იმ ნდობას და პასუხისმგებლობას, რომელიც გუნდმა დამაკისრა“, – თქვა ბითაძემ.
კულტურის მინისტრის თანამდებობა 28 ივლისს თინათინ რუხაძემ დატოვა. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება კობახიძესთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის „საგანგებო კურსის“ გავლის აუცილებლობა დაასახელა. რუხაძის თქმით, ამის გამო ის მინისტრის მოვალეობას სათანადოდ ვეღარ შეასრულებდა.
რუხაძის გადადგომის შემდეგ კულტურის მინისტრის მოვალეობას შიდა აუდიტის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ასრულებდა.
კულტურის სამინისტრო ცალკე უწყებად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა. კობახიძემ კულტურისა და სპორტის სამინისტროების გამიჯვნა არჩევნებამდე დააანონსა, ხოლო 2024 წლის 27 ნოემბერს პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტებმა მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს. კულტურის მინისტრად მაშინ თინათინ რუხაძე დაინიშნა.