თბილისის ზოოპარკში ორი ინდური მაჩვზღარბა ბინადრობს, გოგო და ბიჭი – ხრაშუნა და ხრამუნა. ეს სახელები მომვლელებს შემთხვევით არ შეურჩევიათ. ჭამის დროს მაჩვზღარბები ხმამაღალ და სასაცილო ხმებს გამოსცემენ, ახრაშუნებენ და ახრამუნებენ. ხრაშუნა უფრო გამბედავია, ხრამუნა- შედარებით ფრთხილი.
მაჩვზღარბებს არაფერი აქვთ საერთო არც მაჩვებთან და არც ზღარბებთან. მაჩვები მტაცბელები, ზღარბები მწერიჭამიები, ხოლო მაჩვზღარბები მღრღნელები არიან.
მათი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, გრძელი და სქელი ეკლებია, რომელსაც ძირითადად თავდაცვისთვის იყენებს. საფრთხესთან შეხვედრისას მისი პირველი არჩევანი თავდასხმა კი არა, გაქცევაა.
გავრცელებული აზრი, რომ მაჩვზღარბა ეკლებს ისვრის, მხოლოდ მითია. საფრთხის დროს ის ეკლებს მაღლა სწევს რომ უფრო დიდი გამოჩნდეს, კუდს ამოძრავებს და სპეციალური ღრუ ეკლებით ხმაურს გამოსცემს — მოწინააღმდეგეს აფრთხილებს. იმ შემთხვევაში, თუ ეს გაფრთხილება არ ჭრის, მაჩვზღარბა ტრიალდება და ეკლებით იცავს თავს.
ხრაშუნასა და ხრამუნას მრავალფეროვან რაციონთან ერთად, ვოლიერში ყოველთვის აქვთ ტოტები. ისინი მერქანს ღრღნიან, რაც მათი კბილების სიძლიერისთვის მნიშვნელოვანია.
მაჩვზღარბები ღამის ცხოველები არიან. დღის განმავლობაში, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში, ისინი თავშესაფარში ყოფნას ამჯობინებენ, საღამოს კი აქტიურდებიან და საკვების ძებნას იწყებენ. სწორედ ამიტომ, ზოოპარკის ვოლიერთან დღისით მისულმა სტუმარმა შეიძლება მხოლოდ სოროდან გამოყოფილი მისი ცხვირი ან თავი დაინახოს.
თბილისის ზოოპარკს არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის 1927 წლის 10 თებერვალს, კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.
თავდაპირველად ზოოპარკი მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარზე იყო გაშენებული. წლების განმავლობაში დედაქალაქის განვითარებამ, მოგვიანებით კი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, ძველი ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა. დღესდღეობით მას 5 ჰექტარი უკავია. ზოოპარკს 1500-მდე ბინადარი ჰყავს. ყველა ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს.
ბლოგების ამ სერიით თბილისის ზოოპარკის ბინადრებს გაგაცნობთ. მოგიყვებით როგორია მათი ერთი, რუტინული დღე, როგორ ურთიერთობენ სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან, როგორი იცვლება მათი ქცევები ამინდის და სეზონების მიხედვით. აქ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ.