თბილისში ტრადიციული “შაბათის მარში” გაიმართა. აქციის მონაწილეები კვლავ ავლაბრის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობა მთავრობის კანცელარიის გავლით, პარლამენტის შენობის მიმართულებით გამართეს.
“საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ” – ეს იყო 5 სექტემბრის მარშის მთავარი გზავნილი.
ორგანიზატორების განმარტებით, ყველაფერი, რაც საქართველოს დაემართა, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, ამიტომ, პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე არ დასრულდება “ივანიშვილის ხელისუფლება”.
ტრადიციული “შაბათის მარში” თბილისში უკვე 38-ე კვირაა იმართება. აქციის მოთხოვნები უცვლელია: გათავისუფლედნენ აქციების დროს დაკავებული პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.
თითქმის ორი წელია საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ყოველ საღამოს იკრიბებიან ქვეყნის დედაქალაქში, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე პატარა ქალაქში.
აქციების მიმდინარეობისას ათობით ადამიანი დააკავეს. ბევრ მათგანს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს და პატიმრობა მიუსაჯეს. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, გვყავს 150-მდე სინდისის პატიმარი, მათ შორის ქალები. დაპატიმრებულია გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. მას ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე.
აქციის მონაწილეები ითხოვენ გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გაუქმდეს ყველა ის ანტიდემოკრატიული კანონი, რაც ბოლო ორ წელიწადში მიიღო “ქართულმა ოცნებამ”.
პროტესტის ჩასახშობად, “ქართული ოცნება” სულ უფრო ამკაცრებს რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ. თუმცა, უწყვეტი პროტესტი, სხვადასხვა ფორმით, დღემდე გრძელდება.