ბიჭვინთა ტურისტებს კარგავს: რა დაემართა აფხაზეთის საკურორტო სამოთხეს? VIDEO
რუსი ტურისტები აფხაზეთში
ბიჭვინთა, შესაძლოა, აფხაზეთის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. ქალაქზე აფხაზეთში შემომავალი ტურისტული ნაკადის დაახლოებით 20-25% მოდის. ამის მთავარი მიზეზი საბჭოთა პერიოდის მაღალსართულიანი პანსიონატების კომპლექსი „კურორტ პიცუნდა“ და კერძო სექტორია.
აფხაზეთში ტურისტების აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთიდან ჩადის, ამიტომ ტურისტული სეზონის წარმატება თუ ჩავარდნა დიდწილად რუსეთის ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზეა დამოკიდებული.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისა და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაწესების შემდეგ აფხაზეთში რუსი ტურისტების ნაკადი გაიზარდა. მანამდე კი, სეზონის განმავლობაში, რეგიონი დაახლოებით 1,2-1,5 მილიონ ტურისტს მასპინძლობდა. იმ პერიოდში ბიჭვინთა თავისი მოძველებული სასტუმრო და საკურორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობდა.
აფხაზეთი რუსი დამსვენებლებისთვის მეზობელ სოჭთან შედარებით იაფ ალტერნატივად პოზიციონირებდა. ინფრასტრუქტურული პრობლემები, წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტი, ასევე ქსელების გაცვეთა მაშინაც არსებობდა, თუმცა დაბალი ფასების გამო ტურისტები მათ ნაკლებად მწვავედ აღიქვამდნენ.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აფხაზეთში რუსი ტურისტების უპრეცედენტო ნაკადი გაიზარდა. 2025 წელს რეგიონში რეკორდული რაოდენობის – 1,88 მილიონი ადამიანი ჩავიდა.
ტურისტული მოთხოვნის ზრდას ხელი შეუწყო იმ შეზღუდვებმაც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანამ რუსეთის მოქალაქეებისთვის დააწესა.
თუმცა 2026 წლის ტურისტული სეზონის დაწყების შემდეგ აფხაზეთში ტურებზე მოთხოვნის შესამჩნევი შემცირება დაფიქსირდა: დაახლოებით 15-20%-ით.
რატომ იკლებს მოთხოვნა
ტურისტული ბაზრის მონაწილეები მოთხოვნის შემცირების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.
ერთ-ერთი მათგანი მზარდი კონკურენციაა. ინფლაციის გამო აფხაზეთში დასვენების ფასები გაიზარდა და რიგ შემთხვევებში თურქეთის, ეგვიპტისა და ევროპის შედარებით იაფი ტურების ღირებულებას გაუთანაბრდა.
პრობლემას ქმნის სამართლებრივი და ლოგისტიკური ბარიერებიც. მათ შორისაა 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საზღვრის გადაკვეთის რეგულაციები, რაც ოჯახებისთვის მოგზაურობის დაგეგმვას ართულებს.
კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა ინფრასტრუქტურის მდგომარეობაა. ტურისტული სეზონის პიკზე ელექტროენერგიისა და წყლის გათიშვა ჩვეულებრივ მოვლენად რჩება.
ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებით სირთულეს ქმნის მსხვილი რუსი ტუროპერატორების მიერ ფასების დემპინგი, რაც მცირე სასტუმროებსა და საოჯახო განთავსების ობიექტებს კონკურენციას ურთულებს.
ამას ემატება უნებართვო მშენებლობების გამო უძველესი კორომის დაზიანების საფრთხე და, ზოგადად, მზარდი შეუსაბამობა ტურისტული მომსახურების ხარისხსა და მის ფასს შორის.
როგორ გამოიყურება აფხაზეთის ტურისტული ბაზარი
კერძო სექტორსა და საოჯახო ტიპის სასტუმროებს აფხაზეთის ტურისტული ბაზრის დაახლოებით 65-70% უჭირავს. ეს არის მინი-სასტუმროები, მრავალსართულიან კორპუსებში მდებარე ბინები და კერძო სახლები, განსაკუთრებით ლიძაასა და ალახაძიში.
ტურისტების უმრავლესობა სწორედ დასვენების ამ ფორმატს ირჩევს.
მსხვილი სასტუმროები და პანსიონატები, საბჭოთა მემკვიდრეობა, მათ შორის „კურორტ პიცუნდა“ თავისი მაღალსართულიანი კორპუსებითა და სანატორიუმებით, ასევე ახალი საშუალო ზომის სასტუმროები ბაზრის დაახლოებით 30-35%-ს შეადგენენ.
თუმცა ამ ობიექტებს ყველაზე შემოსავლიანი სეგმენტი – ორგანიზებულად, საგზურებითა და ტურისტული პაკეტებით ჩამოსული დამსვენებლები – ჰყავთ.
ბოლო ორი წლის განმავლობაში გარკვეული დადებითი ცვლილებებიც გამოჩნდა. პანსიონატების ძველი საბჭოთა კორპუსების ნაწილი ნაწილობრივ განახლდა, ლიძააში თანამედროვე ბუტიკ-სასტუმროები გაიხსნა, ხოლო მომსახურების სფეროში უფრო ფართოდ გავრცელდა ონლაინ დაჯავშნა და უნაღდო ანგარიშსწორება.
კერძო სექტორი გადასახადების წინააღმდეგ
ტურისტული ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება კერძო სექტორის ჩრდილოვანი საქმიანობა. საცხოვრებლის გაქირავების სფეროში კერძო ობიექტების დაახლოებით 60-70% წლების განმავლობაში სრულფასოვანი გადასახადების გადახდის გარეშე მუშაობდა.
ბოლო წლებში ე.წ. ხელისუფლება კონტროლის გამკაცრებას ცდილობს. ერთ-ერთი ნაბიჯია თვითდასაქმებულებისთვის პატენტური სისტემის დანერგვა, ასევე განთავსების ობიექტების სავალდებულო კლასიფიკაცია.
თუმცა ახალი წესები ადგილობრივ ბიზნესში რთულად მკვიდრდება და ტურისტული სექტორისთვის გადასახადებთან დაკავშირებული საკითხი კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება.
______________________________________________________________________________
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას