სოხუმის სანაპიროზე 5 მილიონი რუბლის ღირებულების თეთრი როიალის დამონტაჟებამ ადგილობრივ მუსიკალურ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. პროფესიონალები მიიჩნევენ, რომ ძვირადღირებული ინსტრუმენტის ღია სივრცეში, ზღვის სიახლოვეს განთავსება მისი დაზიანების რისკს ზრდის.
August Förster-ის როიალი სოხუმის სანაპიროს პარკის ტერიტორიაზე რუსეთის ელჩის, ვიაჩესლავ გლადკოვის თხოვნით დაამონტაჟეს. მისი ღირებულება 5 მილიონ რუბლს, დაახლოებით 59 000 აშშ დოლარს შეადგენს. როიალი ელჩმა სოხუმს საჩუქრად გადასცა.
სოხუმის სანაპირო 2026 წლის ივლისში, მასშტაბური სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გაიხსნა. სამუშაოები ასევე რუსული მხარის დაფინანსებით განხორციელდა.
როიალის სანაპიროზე განთავსების იდეა, როგორც განმარტეს, მისი ყველასთვის ხელმისაწვდომობა იყო. თუმცა, მუსიკოსებმა და სპეციალისტებმა გადაწყვეტილება გააკრიტიკეს.
ადგილობრივი ორკესტრის დირიჟორის განცხადებით, ასეთი ინსტრუმენტები განსაკუთრებით სწრაფად ზიანდება ღია სივრცეში, მით უმეტეს სუბტროპიკული აფხაზეთის ნოტიო კლიმატის პირობებში.
„ასეთი ინსტრუმენტები დამონტაჟებულია კლიმატ-კონტროლირებად ოთახებში, სადაც მათ გარშემო განსაკუთრებული ტემპერატურული პირობებია შექმნილი. ისინი ძალიან მგრძნობიარეა ტენიანობის მიმართ. ის არ უნდა იყოს გარეთ, ზღვასთან ახლოს, მაღალი ტენიანობის პირობებში“, – განაცხადა მან.
კრიტიკას შეუერთდა მოსკოვის ჰელიკონის ოპერის თეატრის სოლისტი და ოპერის მომღერალი ალისა გიცბაც. მისი თქმით, ძვირადღირებული როიალი სოხუმის ფილარმონიას გადასცა, რომელსაც მსგავსი ინსტრუმენტი განსაკუთრებით სჭირდებოდა.
თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, როიალზე პრეტენზია მუსიკალურმა სკოლებმაც გამოთქვეს. რამდენიმე სკოლის მასწავლებლებმა სოციალურ ქსელებში დაწერეს, რომ ინსტრუმენტი მათ დაწესებულებებსაც სჭირდებოდათ.
საზოგადოებრივი უკმაყოფილების საპასუხოდ სოხუმის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ სანაპიროსთან ახლოს, პარკის ტერიტორიაზე მუსიკალური ინსტრუმენტების განთავსება საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება.
ადმინისტრაციამ ასევე დაადასტურა, რომ როიალის კლიმატური პირობების გამო დაზიანების შესაძლებლობა გათვალისწინებულია. მის დასაცავად სპეციალური საფარის დამზადება იგეგმება, ტერიტორიაზე კი ვიდეომეთვალყურეობის კამერები დამონტაჟდება.
ადმინისტრაციის განცხადებით, მომავალში როიალის ექსპლუატაციასა და მოვლა-პატრონობაზე სოხუმის სანაპიროსა და პარკების დირექცია იზრუნებს.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას