რუსეთში ქართულმა დიასპორამ პროექტის, „ერთად ვლოცულობთ“, დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ასობით ხატის შექმნა და მათი საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის გაცვლაა დაგეგმილი.
პროექტის ფარგლებში შექმნილ ხატებზე წმინდა მამა გაბრიელი და წმინდა სერაფიმ საროველი იქნებიან გამოსახული. ინიციატორების განცხადებით, ხატებს სახელწოდება „რუსეთისა და საქართველოს ერთა მეგობრობა“ ექნება.
რუსეთის ქართული ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის ინფორმაციით, საქართველოში ხატების პირველი პარტია უკვე დაწერილია და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიებისთვის გადასაცემად მზად არის.
ინიციატივის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტი „თანამედროვეობის გამოწვევებზე მსხვილი ცივილიზაციური პასუხი გახდება“ და რუსეთისა და საქართველოს ხალხებს საერთო სარწმუნოებისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების საფუძველზე დააახლოებს.
რუსეთში ქართული დიასპორის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ პროექტს რუსულ-ქართული ურთიერთობების ისტორიაში „ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მართლმადიდებლური“ ინიციატივა უწოდა.
„ჩვენ უბრალოდ ძღვენს არ ვცვლით. ჩვენი ერების მფარველებს ვაკავშირებთ, რათა ვაჩვენოთ: სულიერი ნათესაობა ნებისმიერ პოლიტიკურ გარემოებაზე უფრო ძლიერია. დაგეგმილია ასობით მართლმადიდებლური ხატის გაცვლა – საქართველოდან რუსეთში და პირიქით. ეს ისტორიულ პრეცედენტს ქმნის“, – განაცხადა ცეცხლაძემ.
ორგანიზაციის ცნობით, ხატების შექმნის იდეა მოხალისეთა ჯგუფს ეკუთვნის, რომელსაც ჟურნალისტი და რეჟისორი კონსტანტინე ცერცვაძე ხელმძღვანელობს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯგუფის ინიციატივას 2018 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კურთხევა მისცა.