აფხაზეთის დაბრუნება ომის გარეშე - რას სთავაზობს ნიკა გვარამია ქართულ პოლიტიკას
ნიკა გვარამიას ინტერვიუ აფხაზეთზე
აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საფუძველი შეიძლება გახდეს არა ომი ან მხოლოდ წარსულზე საუბარი, არამედ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ეკონომიკური განვითარება და საერთო უსაფრთხოების ინტერესები. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანია “ფორმულასთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
გვარამია მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა დაძლიოს ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ტრავმული მდგომარეობა. ამავე დროს, ქვეყანა აფხაზებისთვის მიმზიდველ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცედ უნდა იქცეს.
ამ სტრატეგიის ძირითად ნაწილებად კი ის ევროკავშირში გაწევრიანებას, ანაკლიის პორტის განვითარებას და შუა დერეფანში საქართველოს როლის გაძლიერებას ასახელებს.
გვარამიას ამ ინტერვიუმ უკვე გამოიწვია დისკუსია. სხვადასხვა შეფასებით, გვარამია გასცდა ტრადიციულ პოლიტიკურ რიტორიკას და ისაუბრა კონფლიქტის მოგვარების რაციონალური და პრაგმატული პარადიგმა, რაც საკმაოდ იშვიათია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.
სოხუმის პირადი მეხსიერება და აფხაზეთის სტრატეგიული მნიშვნელობა
ნიკა გვარამია 16 წლის იყო, როდესაც სოხუმი დატოვა. ინტერვიუში მან თქვა, რომ თბილისში უკვე ორჯერ მეტი ხანი ცხოვრობს, ვიდრე სოხუმში იცხოვრა. მიუხედავად ამისა, საკუთარ ქალაქად კვლავ სოხუმს მიიჩნევს.
მისთვის აფხაზეთი ერთდროულად პირადი სამშობლო და საქართველოსთვის განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორიაა. გვარამია ამ საკითხს მხოლოდ დევნილის პოზიციიდან არ განიხილავს.
მისი თქმით, აფხაზეთის მდებარეობა, შავი ზღვის სანაპირო და ეკონომიკური პოტენციალი მას სხვა პოსტსაბჭოთა კონფლიქტებისგან განასხვავებს.
თუმცა, 2008 წლის ომმა, მისი შეფასებით, ასევე აჩვენა ცხინვალის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა, რადგან ამ ტერიტორიიდან ქვეყნის მთავარი სატრანსპორტო ხაზის გადაკეტვამ ქვეყნის შუაზწე გაყოფა გამოიწვია და საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს შორის კავშირი საფრთხის წინაშე დააყენა.

გვარამია ამბობს, რომ ომისა და დევნილობის გამოცდილება მას დიდი ხნის განმავლობაში ხელს უშლიდა, აფხაზეთის საკითხისთვის ემოციის გარეშე შეეხედა. ის იხსენებს აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ჩვენებებსაც, რომლებზეც პროკურატურაში მუშაობდა.
თუმცა, მისი თქმით, ბოლო წლებში მივიდა დასკვნამდე, რომ მხოლოდ ტრავმაზე დამყარებული დამოკიდებულება გამოსავლის პოვნას შეუძლებელს ხდის.
„ტრავმები ძალიან მნიშვნელოვანია, ისტორიული მეხსიერებაა… მაგრამ ტრავმული მეხსიერება საფრთხის შემცველია, საფრთხის მატარებელია, ღუზასავით მუშაობს, წინ არ გიშვებს, განვითარებას ბლოკავს.“
ტრავმა, ომის შიში და ხელისუფლების რიტორიკა
გვარამიას შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ომის გამოცდილებით გამოწვეული საზოგადოებრივი ტრავმა მუდმივ შიშად გარდაქმნა. შედეგად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილი ჩაანაცვლა მიდგომამ – „ოღონდ ომი არ იყოს“.
მისი თქმით, თავადაც წლების განმავლობაში აფხაზეთის საკითხს ბრაზისა და შეურიგებლობის პოზიციიდან უყურებდა. აფხაზებთან დიალოგი შეუძლებლად მიაჩნდა და გამოსავალს ძალის გამოყენებაში ხედავდა. მოგვიანებით კი დაასკვნა, რომ ასეთი დამოკიდებულება ქვეყნისთვის საზიანოა.
„ჩვენ სამწუხაროდ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, გააკეთა ის, რომ ეს იმაში კი არ ტრანსლირდა, რომ ჩემია და ბოლომდე ვიბრძოლებ, არა – ტრანსლირდა იმაში, რომ ომი არ მინდა, ოღონდ ომი არ იყოს.“
გვარამია ომის თავიდან აცილების სურვილს ბუნებრივად მიიჩნევს. საქართველოს მოსახლეობას 2008 წლის ომის უშუალო გამოცდილება აქვს. ადამიანებმა პირდაპირ ეთერში ნახეს დაბომბილი ქალაქები, დაღუპული ადამიანები და ქვეყანაში ჩამოგდებული ბომბები.
თუმცა, მისი აზრით, პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც ხელისუფლება ამ გამოცდილებას პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად იყენებს. საზოგადოებისთვის ახალი ომის მუდმივი შეხსენება მას გამოსავლის ძიების ნაცვლად უმოქმედობისკენ უბიძგებს.
მისი შეფასებით, ქართულ საზოგადოებას აფხაზეთის დაბრუნება სურს, თუმცა არა ომით. პოლიტიკოსებმა ეს ორი განწყობა ერთდროულად უნდა გაითვალისწინონ, მიიჩვევს გვარამია.
„ამ ხალხთან თუ გვინდა ჩვენ მუშაობა და პოლიტიკოსები ვართ, უნდა ვიცოდეთ, რომ მათ აფხაზეთიც აღელვებთ, მაგრამ არც ომი არ უნდათ.“
გვარამიას თქმით, სამხედრო გზა დღეს არა მხოლოდ საზოგადოებრივი ნების გამოა მიუღებელი. საქართველოს არც შესაბამისი რესურსი აქვს, ამიტომ ომის შესახებ განცხადებები, რომლებიც შესაძლებლობების რეალურ შეფასებას არ ეფუძნება, პასუხისმგებლიან პოლიტიკურ გეგმას ვერ ქმნის.
მისი თქმით, ახალგაზრდა თაობებში აფხაზეთთან ემოციური კავშირი თანდათან სუსტდება. გვარამია ამას ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასახელებს.
“პრაქტიკულად ჩვენ თუ მეხსიერებით დავკარგეთ აფხაზეთი ეგ არის სინამდვილეში ტერიტორიის დაკარგვა”.
მისი აზრით, დროის გასვლასთან ერთად მხოლოდ წარსულის ხსოვნა ტერიტორიული მთლიანობის იდეის შესანარჩუნებლად საკმარისი აღარ იქნება.
ფაშინიანის მაგალითი და ტრავმის გადალახვა
ტრავმული მეხსიერების დაძლევის მაგალითად გვარამია სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ასახელებს. მისი შეფასებით, ფაშინიანმა სცადა სახელმწიფოს მომავალი ისტორიული და ტერიტორიული პრეტენზიებისგან გაემიჯნა.
ამ კონტექსტში გვარამია საუბრობს სომხეთის დამოკიდებულების ცვლილებაზე არარატისა და ყარაბაღის საკითხების მიმართ.
მისი აზრით, ამ პოლიტიკის მიზანი რუსეთის გავლენისგან გათავისუფლება და ქვეყნისთვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა იყო:
“ასეთ ცვლილებებს დეკადები ჭირდება, მაგრამ ფაშინიანმა გააკეთა უმოკლეს ვადაში. მან არარატი წაშალა ბეჭდიდან და თქვა, რომ ის ჩვენი ისტორიის ნაწილია, მაგრამ არ არის ჩვენი გეოგრაფიის ნაწილი.
თურქეთან პრობლემა თუ გვინდა, მაშინ ეხატოს ის არარატი, მაგრამ ვიქნებით ღარიბები და რუსეთზე მიბმულები. თუ არ გვინდა, მაშნ მოდი შევთანხმდეთ და ამოვიღოთ შტამპიდან ეს არარატი, რომელიც მართლა არ არის ჩვენ ტერიტორიაზე.
თურქეთთან ურთიერთობაც დაგვილაგდება, აზერბაიჯანთანაც. გვექნება მეტი ფული, პერსპექტივა, რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ და რუსეთთან აღარ ვიქნებით”.
ამასთან, გვარამია აფხაზეთსა და ყარაბაღს შორის სამართლებრივ განსხვავებას უსვამს ხაზს. ის აღნიშნავს, რომ აფხაზეთი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საქართველოს ტერიტორიად არის აღიარებული, ხოლო ყარაბაღი სომხეთის ნაწილად აღიარებული არ ყოფილა.
მისთვის მთავარი პარალელი ტერიტორიების სტატუსი კი არა, ტრავმული მეხსიერების პოლიტიკური გავლენა და ამ მეხსიერების მძევლობიდან გამოსვლაა.
გვარამიას შეფასებით, ასეთმა მეხსიერებამ შეიძლება ქვეყანა წარსულში დატოვოს და განვითარების არჩევანი შეუზღუდოს.
ევროკავშირი, როგორც აფხაზეთის მიზიდულობის ცენტრი
გვარამიას ხედვით, აფხაზებთან დაახლოების საფუძველი პირველ ეტაპზე ურთიერთსაჭიროება უნდა გახდეს და არა ურთიერთსიყვარულის შესახებ რიტორიკა. მისი თქმით, ომის შემდეგ ჩამოყალიბებული დამოკიდებულებების გათვალისწინებით, მსგავსი მოწოდებები რეალობას არ შეესაბამება.
მისი თქმით, სიმართლე არის ის, რომ აფხაზებს და ქათველები დღეს არ უყვართ ერთმანეთი:
„ჩვენ ვიტყუებით რომ ძმები ვართ… ჩვენ ახლა არ გვიყვარს ისინი, ვერ გვეყვარება ჩვენი მეზობლების დამხოცი ხალხი. მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ამ წუთში ჩვენ პრაგმატულად ერთმანეთი დაგვჭირდეს.“
ამავე დროს გვარამია ხაზს უსვამს იმასაც, რომ აფხაზები არც რუსების მიმართ არიან კეთილგანწყობილნი:
“აფხაზები არ არიან რუსებზე შეყვარებული ხალხი, არც არასდროს არ ყოფილან და ამას აქვს ძალიან რაციონალური მიზეზი. რუსებს ისინი მიაჩნიათ მესამე ხარისხოვან ადამიანებად, ქართველები არ მიაჩნიათ ასეთებად და ისინი – კი და აფხაზები ამას გრძნობენ ძალიან კარგად” .
გვარამია აფხაზებისთვის მიმზიდველ საქართველოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს წარმოიდგენს. ასეთ ქვეყანას ექნება ევროპული პასპორტი, თავისუფალი მიმოსვლა, განვითარებული ეკონომიკა და უმცირესობათა დაცვის ინსტიტუციური გარანტიები.
მისი აზრით, ევროკავშირის ჩართულობა აფხაზეთის აღდგენისთვის ფინანსურ შესაძლებლობებსაც შექმნის. ამავე დროს, უსაფრთხოების გარანტიებს რუსული სამხედრო ყოფნა კი არა, საერთაშორისო და ევროპული ინსტიტუტები უზრუნველყოფენ.
ამ მოდელში აფხაზები საქართველოს მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არ უნდა გახდნენ. მათ სრულფასოვანი პოლიტიკური და სამოქალაქო სტატუსი უნდა ჰქონდეთ.
„აფხაზებს ვთავაზობთ კარგ ცხოვრებას და არსებობს აფხაზი, რომელიც კარგ ცხოვრებაზე ამბობს უარს? ოღონდ ამას არ ვთავაზობთ იმის ფასად, რომ ის იყოს მეორე ხარისხოვანი სადმე. არა, ის უნდა იყოს სრულფასოვანი საქართველოს მოქალაქე.“
გვარამია ვარაუდობს, რომ ქართველებისა და აფხაზების ერთმანეთთან ხელახლა შეგუებას რამდენიმე ათწლეული დასჭირდება. პირველ ეტაპზე ურთიერთობის საფუძველი შეიძლება ორმხრივად სასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობა გახდეს.
ანაკლია და შუა დერეფანი
გვარამიას სტრატეგიაში ცენტრალური ადგილი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს უკავია. ის ანაკლიას აფხაზეთისთვის შესაძლო ეკონომიკურ „გრავიტაციულ ცენტრად“ განიხილავს.
მისი ხედვით, საქართველომ ცენტრალური აზიიდან შავ ზღვამდე მიმავალი შუა დერეფნის მთავარი ნაწილი უნდა გახდეს. ეს გზა ევროპას ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნების ბაზრებთან და რესურსებთან დააკავშირებს.
გვარამია განსაკუთრებით გამოყოფს იშვიათ მინერალებსა და ლითიუმს. მისი შეფასებით, ამ რესურსების მნიშვნელობა იზრდება, ხოლო ცენტრალური აზიის ქვეყნებს დასავლურ ბაზრებზე გასასვლელად ალტერნატიული გზა სჭირდებათ. არსებული მარშრუტები რუსეთზე, ჩინეთზე ან ირანზეა დამოკიდებული.
„ჩემი მთავარი ამბავი ევროკავშირის წევრობა და შუა კორიდორის დათრევაა. პირდაპირ ვამბობ ამ სიტყვას, დათრევა. ეს ჩვენ უნდა დავითრიოთ.“
მისი აზრით, ანაკლიის პორტი დასავლური კაპიტალით უნდა აშენდეს და მისი მართვა ამერიკული, ბრიტანული და ევროპული ინტერესების მონაწილეობით მოხდეს. ასეთ შემთხვევაში პორტი მხოლოდ ეკონომიკური ობიექტი აღარ იქნება. ის საქართველოს უსაფრთხოების დამატებით გარანტიადაც შეიძლება იქცეს.
„არ არსებობს რამეს ისე იცავდეს დასავლური სამყარო, როგორც საკუთრებას, არც ხელშეკრულებებს, არც მიცემულ პირობებს დაცვასთან დაკავშირებით, არც რომელიმე ალიანსის წესნებას. არა, საკუთრებას ყველაზე უფრო მეტად იცავს ნებისმიერი დასავლური საზოგადოება.“
გვარამიას აზრით, ანაკლიის განვითარება დემოკრატიულ მმართველობასაც მოითხოვს. მსხვილი საერთაშორისო ინვესტორი კორუმპირებულ და გაუმჭვირვალე გარემოში გრძელვადიან პროექტს არ განახორციელებს.
ამიტომაც დასავლელი ინვესტორი პორტის მშენებლობას, ევროპულ ინტეგრაციას, დემოკრატიასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ერთი სტრატეგიის ნაწილებად განიხილავს.
მისი ხედვით, ამ ეკონომიკურ სივრცეში მომავალში შეიძლება ოჩამჩირის პორტიც ჩაერთოს. ამგვარად, აფხაზეთისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა ეკონომიკური ინტერესის ნაწილი გახდება.
კომპრომისის საზღვრები და ძალაუფლების მოდელი
ინტერვიუში გვარამია ამბობს, რომ კონფლიქტის მოგვარება დათმობების გარეშე შეუძლებელი იქნება. თუმცა, შესაძლო პოლიტიკური მოწყობის ზუსტ მოდელს არ ასახელებს.
საუბრისას განიხილეს ლიბანის, ბოსნიის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და კვიპროსის გამოცდილება. ზოგი მათგანი აჩვენებს, რომ თანამდებობებისა და უფლებამოსილებების ეთნიკური ნიშნით განაწილებამ სახელმწიფო შეიძლება არაეფექტიან სისტემამდე მიიყვანოს.
გვარამია არ გამორიცხავს, რომ შეთანხმება შეეხოს აფხაზეთის განსაკუთრებულ სამართლებრივ მდგომარეობას, ძალაუფლების განაწილებას, დევნილთა დაბრუნებასა და საკუთრების საკითხებს.
„დათმობების გარეშე არ შეიძლება შეხორცებები მოხდეს. გამორიცხული ამბავია.“
ამავე დროს, მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აღიარებული სახელმწიფოა. ამიტომ ახალი სახელმწიფოს თავიდან დაფუძნება საკითხის გადაწყვეტის აუცილებელი წინაპირობა არ უნდა გახდეს.
გვარამია ევროკავშირს შესაძლო შეთანხმების მთავარ ჩარჩოდ განიხილავს. მისი აზრით, გაწევრიანების პროცესმა შეიძლება აფხაზებისთვის უსაფრთხოების გარანტიები შექმნას, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი შეინარჩუნოს.
ენგურჰესი, მაინინგი და კორუფციის ბრალდებები
ინტერვიუს ბოლო ნაწილში გვარამიამ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებასა და კრიპტოვალუტის მაინინგზე ისაუბრა. მან ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს მძიმე კორუფციული ბრალდებები წაუყენა.
გვარამიას მტკიცებით, ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიის დიდი ნაწილი აფხაზეთს უფასოდ მიეწოდება. თუმცა, ამ რესურსის მნიშვნელოვანი წილი მოსახლეობის ნაცვლად მაინინგის ობიექტებში გამოიყენება.
„მიეწოდებათ ორჯერ მეტი დენი, ვიდრე სჭირდებათ და მაინც დენის დეფიციტი აქვთ. საოცრებაა. რატომ? იმიტომ, რომ ეს დენი მიდის კრიპტოქარხნებზე, ფულის კეთების შესაძლებლობაზე, რაც ჰაერია.“
მისი განცხადებით, ამ სქემით სარგებელს იღებენ აფხაზეთის დე-ფაქტო ტერიტორიაზე მოქმედი ჯგუფები, რუსული ინტერესები და საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები.
მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთში საწვავის შესაძლო მიწოდება. გვარამიას თქმით, გაურკვეველია, როგორ ხდება ასეთი ტვირთის გაფორმება, ვინ იხდის თანხას და სად მიდის საწვავი.
მისი შეფასებით, არსებობს რისკი, რომ საწვავი აფხაზეთში არსებულ რუსულ სამხედრო ინფრასტრუქტურას მოხმარდეს. გვარამია ამას უკრაინაში რუსეთის ომის კონტექსტშიც განიხილავს.
თამთა მიქელაძის შეფასება: მნიშვნელოვანი ხედვა და პასუხგაუცემელი კითხვები
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ ინტერვიუს რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკური ხედვა უწოდა. მისი შეფასებით, გვარამია გასცდა აფხაზეთის შესახებ დამკვიდრებულ პოლიტიკურ რიტორიკას და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ქვეყნის განვითარების სტრატეგიას დაუკავშირა.
მიქელაძე განსაკუთრებით გამოყოფს ტრავმული მეხსიერების დაძლევას, ომსა და კაპიტულაციას შორის მცდარი არჩე
ვანის უარყოფას, ევროკავშირის მიზიდულობის ძალას და ანაკლიის პორტის შესაძლო უსაფრთხოების ფუნქციას.
მისი აზრით, ინტერვიუს მნიშვნელოვანი ნაწილია ოპოზიციისთვის შეთავაზებული ამოცანაც. ხელისუფლების კრიტიკასთან ერთად, ოპოზიციამ ქვეყანას მსხვილი ალტერნატიული პროექტი უნდა შესთავაზოს.

თუმცა, მიქელაძე გვარამიას ხედვაში რამდენიმე პრობლემასაც ხედავს. პირველი ეკონომიკური ინტერესების როლის შესაძლო გადაჭარბებაა.
მისი თქმით, ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტებში ეკონომიკური სარგებელი ყოველთვის ვერ გადაწონის იდენტობის დაკარგვის შიშს, ნაციონალისტურ ნარატივებსა და დამოუკიდებლობის იდეას.
ამიტომ, თბილისს პასუხი უნდა ჰქონდეს აფხაზური იდენტობის, ენისა და პოლიტიკური ავტონომიის დაცვის საკითხებზე. მხოლოდ კეთილდღეობის შეთავაზება ამისთვის საკმარისი არ იქნება.
მეორე პრობლემა რუსეთის ფაქტორია. მიქელაძის შეფასებით, გვარამიას მოდელი მნიშვნელოვანწილად რუსეთის დასუსტებას ეყრდნობა.
გაურკვეველი რჩება, რა მოხდება, თუ მოსკოვი რეგიონში გავლენასა და სამხედრო ბაზებს შეინარჩუნებს. ასეთ პირობებში ეკონომიკური მიზიდულობა უსაფრთხოების ალტერნატიულ გარანტიებს ვერ ჩაანაცვლებს.
მესამე საკითხი ტრავმის დაძლევის პოლიტიკას ეხება. მიქელაძე აღნიშნავს, რომ ფაშინიანის მიდგომამ სომხეთში მნიშვნელოვანი შიდა რყევები გამოიწვია.
საზოგადოების ნაწილი მას ტრავმის გადალახვად კი არა, ეროვნულ მარცხად აღიქვამს. შესაბამისად, მსგავსი ცვლილება კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან ხანგრძლივ დემოკრატიულ, სოციალურ და კულტურულ მუშაობას მოითხოვს.
მეოთხე საკითხი ძალაუფლების განაწილების მოდელია. მიქელაძის თქმით, წარსულში სამშვიდობო ფორმატები ხშირად სწორედ ამ საკითხზე ჩავარდა. ამიტომ აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი, წარმომადგენლობა და უფლებამოსილებების განაწილება მეორეხარისხოვანი დეტალები არ არის.
მიუხედავად ამ კითხვებისა, მიქელაძე ინტერვიუს საჯარო დისკუსიისთვის მნიშვნელოვან საფუძვლად მიიჩნევს. მისი აზრით, სხვა პოლიტიკოსებმაც უნდა წარმოადგინონ მომავალზე ორიენტირებული დემოკრატიული ალტერნატივები და თავიანთი პოზიციები ტრავმასა და დაპირისპირებაზე არ ააგონ.
ის მედიასაც სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მიქელაძის შეფასებით, თუ „ქართული ოცნება“ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესების გასამართლებლად გამოიყენებს, ოპოზიციას დასაბუთებული პასუხი უნდა ჰქონდეს.
მისი მთავარი გზავნილია, რომ აფხაზეთზე დისკუსია მხოლოდ ომის მოგონებით, ურთიერთბრალდებებითა და ზოგადი მოწოდებებით აღარ უნდა შემოიფარგლოს.
საჯარო პოლიტიკამ პასუხი უნდა გასცეს რთულ საკითხებს: როგორ იქნება დაცული აფხაზური იდენტობა, ვინ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, როგორ განაწილდება ძალაუფლება და რა პირობებით შეიძლება შეიქმნას საერთო პოლიტიკური სივრცე.