საქართველოს საჯარო სკოლებში სასკოლო უნიფორმა ბრუნდება. ყველაფერი, რაც ფორმების შესახებ უნდა ვიცოდეთ
სასკოლო ფორმები

ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლების პირველი-მეთექვსმეტე კლასის მოსწავლეებისთვის ერთნაირი უნიფორმა სავალდებულო გახდება. ბიჭები მუქი ლურჯი შარვლითა და პიჯაკით ივლიან, გოგონები კი იმავე მასალის პიჯაკითა და კუბოკრული ქვედაკაბით. უნიფორმა ჩინეთში, ძირითადად სინთეტიკური მასალისგან იკერება.
განათლების სამინისტრო ფორმების შესაძენად 45 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს. თუმცა უნიფორმა მოსწავლეებისთვის უფასო არ იქნება. მშობლებს მისი სახელმწიფოსგან შეძენა მოუწევთ. უფასო კომპლექტებს მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები მიიღებენ.
სამინისტროს განმარტებით, ერთნაირი ფორმა შეამცირებს სოციალურ განსხვავებებს და მოსწავლეებს სკოლასთან მიკუთვნებულობის განცდას გაუძლიერებს. თუმცა მშობლების ნაწილი სავალდებულო უნიფორმის აუცილებლობას ეჭვქვეშ აყენებს. მათი მთავარი შეკითხვაა, რამდენად პრიორიტეტულია ფორმა მაშინ, როცა სკოლებში ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოებისა და კვების პრობლემები კვლავ მოუგვარებელია.
- ახალი განათლების რეფორმა: რა დააანონსა ირაკლი კობახიძემ და რას ამბობენ ექსპერტები
- რას მოიცავს “ქართული ოცნების” განათლების რეფორმა – კონცეფცია
- სიმონ ჯანაშია: ოცნების მიზანია, მეტად იყოს განათლების სისტემა დამოკიდებული პარტიის ინტერესებზე
კითხვები ეხება უნიფორმის ხარისხსა და კომფორტსაც. რამდენად მოსახერხებელი იქნება ის მცირეწლოვანი ბავშვებისთვის? შეძლებენ ისინი ღილებისა და ელვაშესაკრავების დამოუკიდებლად შეკვრას? ხომ არ დასცხებათ ზაფხულში ან შესცივდებათ ზამთარში?
რატომ გახდა სასკოლო ფორმა სავალდებულო? რამდენად უსაფრთხოა მისი ქსოვილი ბავშვების ჯანმრთელობისთვის? რატომ შეარჩია სახელმწიფომ ჩინური კომპანია, როდესაც ტექსტილის წარმოება საქართველოშიც განვითარებულია? რას შეცვლის ერთნაირი უნიფორმა პრობლემებით სავსე საქართველოს განათლების სისტემაში?
რატომ გადაწყვიტა სამინისტრომ სკოლებში ფორმის დაბრუნება
6 წლის მოუსვენარი ილიას ცხოვრებაში სექტემბრიდან ახალი ეტაპი იწყება – ილია სკოლაში მიდის. საბავშვო ბაღში დადიოდა, მაგრამ ახალ გარემოსთან, მეტ დისციპლინასთან ადაპტაცია, ილიასთვის მაინც გამოწვევა იქნება.
ილიამ კიდევ ერთ გამოწვევას უნდა გაუძლოს – ირბინოს და ითამაშოს დასვენებებზე პოლიესტერის პიჯაკით და ვიწრო შარვლით.
“ჩემი შვილი მიჩვეულია ბამბის ან შალის შემადგენლობის სამოსს, მცირე პროცენტულობის ელასტინით. ექვს წლამდე ჯინსიც კი არ ჩაუცვამს, რადგან ნაკლებად ელასტიურია. არ ვიცი, როგორ შეძლებს სასკოლო საათებში პიჯაკით სირბილს. და, საერთოდ, გაიჩერებს თუ არა ტანზე. ეჭვი მეპარება, მოუქნელმა ტანსაცმელმა, ადაპტაციასთან დაკავშირებული სტრესის ფონზე, დადებითად იმოქმედოს სკოლისადმი მიკუთვნებულობის ჩამოყალიბებაზე”, – გვეუბნება ილიას დედა, თაია მახარაშვილი.
თაია აპირებს განათლების სამინისტროს მიმართოს და მოითხოვოს მეტი დასაბუთება, რატომ გახდა სასკოლო ფორმა სავალდებულო:
“არასოდეს ვყოფილვარ დრესკოდის დაწესების წინააღმდეგი. მიმაჩნია, რომ აკადემიურ სივრცეში და საქმიან გარემოში მნიშვნელოვანია ადამიანი შესაბამისად გამოიყურებოდეს და ეს ბავშვობიდან გამოუმუშავდეს. მაგრამ, მიუღებელია ფორმა იმ სახით, რა სახითაც სამინისტრომ შემოგვთავაზა”.
სასკოლო ფორმები საჯარო სკოლების I-VI კლასების მოსწავლეებისთვის, განათლების სისტემაში დაგეგმილი მასშტაბური რეფორმის ერთ-ერთი მიმართულებაა. იდეა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ, 2025 წლის 2 დეკემბერს, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე გააჟღერა.
“სასკოლო ფორმა ხელს შეუწყობს სწავლაზე ორიენტირებული ატმოსფეროს შექმნას. ასევე, სასწავლო დაწესებულების მიმართ მიკუთვნების განცდას. მოსწავლეთა შორის სოციალური და ეკონომიკური განსხვავებების ვიზუალურად გამოხატვის შესაძლებლობის შემცირებას”, – განაცხადა მიქანაძემ.
სასკოლო ფორმები, საქართველოში, ერთხელ უკვე იყო სავალდებულო – საბჭოთა სკოლებში. ეს მუქი ყავისფერი, შავი ან ლურჯი ფორმა, თეთრი წინსაფრით. დამოუკიდებელ საქართველოში სასკოლო ფორმებს მხოლოდ ზოგიერთ კერძო სკოლაში ატარებენ. პრობლემები ქსოვილის ხარისხზე, ზოგიერთ კერძო სკოლასთანაც აქვთ მშობლებს.
პოლიესტერი, ვისკოზა და ელასტინი – რა მასალისგან იკერება ტანსაცმელი

სასკოლო ფორმების ვიზუალი, ფერი, ხარისხი – ყველაფერი, სახელმწიფომ, ერთპიროვნულად შეარჩია. ბიჭების ფორმა მუქი ლურჯი ფერის იქნება, სადა, ერთ ტონში, გოგონების კი კუბოკრული. პიჯაკის მარცხენა მხარეს სახელმწიფო გერბი იქნება დატანილი.
მატერია, რომლისგანაც ფორმები იკერება ძირითადად სინთეტიკურია. უფრო ზუსტად – პოლიესტერი 72%, ვისკოზა 25% და ელასტინი 3%.
პიჯაკებს სარჩულიც პოლიესტერის ექნებათ. ბამბის სარჩულს, სამინისტროს დოკუმენტების თანახმად, მხოლოდ გოგონების ქვედაკაბებს გაუკეთებენ.
ფორმა გათვლილი იქნება 40°C-ზე რეცხვაზე და 110° დაუთოებაზე. არ დაექვემდებარება მათეთრებლის გამოყენებას, ემბლემის დაუთოებას და ქიმიურ წმენდას.

სასკოლო ფორმის კომპლექტში ბიჭებისთვის პიჯაკი და შარვალი იქნება, გოგონებისთვის – პიჯაკი და ქვედაბოლო, ან პიჯაკი და შარვალი.
“ეს სამოსი, პირველ რიგში, მოუხერხებელია. ეს ჰგავს ბავშვთა ნუტრიციოლოგის დაჟინებას, აჭამო ბოსტნეული, მაშინ, როცა ბავშვი აფურთხებს ბოსტნეულს. ისეთი განცდა მაქვს, რომ სამინისტროში სხედან ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ბავშვი და ბავშვობა”, – ამბობს თაია.
ერთი კომპლექტი 95 ლარი ეღირება. ზოგი უფასოდ მიიღებს
შარვლისა და ქვედაბოლოს ფასი 25 ლარია, პიჯაკის – 45. კომპლექტში პიჯაკი და ორი შარვალი, ან პიჯაკი, შარვალი და ქვედაბოლო იქნება. შესაბამისად, ერთი მოსწავლის სასკოლოს ფორმა მშობელს 95 ლარი დაუჯდება (45 +25 +25).
მშობლების უმეტესობა ამბობს, რომ მთელი კვირის განმავლობაში ბავშვს ერთი კომპლექტი არ ეყოფა. ამას ემატება ისიც, რომ ფორმის შიგნით ბავშვებს სჭირდებათ თეთრი პერანგი ან მაისური. ისინი ცალკე უნდა იყიდონ.
სოციალურად დაუცველი მოსწავლეები ფორმებს უფასოდ მიიღებენ. საუბარია ოჯახებზე, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია.
ფორმებს უფასოდ მიიღებენ ის მოსწავლეებიც, ვინც სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება. ჩართულია მინდობით აღზრდაში; ცხოვრობს მცირე ტიპის საოჯახო სახლში ან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში.
სასკოლო ფორმებს უფასოდ დაურიგებენ იმ უკრაინელ მოსწავლეებსაც, ვინც ომის შემდგომ საქართველოში ცხოვრობს და სწავლობს.
უსაფრთხოა ეს ქსოვილი? რა უნდა ქნას მშობელმა, თუ მის შვილს ალერგია აქვს? ან კანის რაიმე დაავადება?
მესამე კლასელ სანდროს ურტიკარია და ალერგიული დერმატიტი აქვს. ამიტომ, სოფოს, სანდროს მარტოხელა დედას, ტანსაცმლის ხარისხი ძალიან ადარდებს.
“დილის 9-ის ნახევრიდან საღამოს 6 საათამდე არის ჩემი შვილი სკოლაში და ყველაფერი მანერვიულებს – ხარისხიც, კომფორტიც, ალერგენებიც”, – გვეუბნება სოფო ტრაპაიძე.
პოლიესტერი, რომლითაც ფორმებს კერავენ, ტექსტილის ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება. მათ შორის, უნიფორმებშიც, რადგან გამძლე და იაფია. თუმცა, ექიმი ეკა კვირკველია ამბობს, რომ ეს მასალა ყველა ადამიანისთვის ჰიპოალერგიული არ არის. ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სითბოს შეკავება, ოფლიანობა და კანის გაღიზიანება.
“რეალური ანტიალერგიულობა დამოკიდებულია არა მხოლოდ შემადგენლობაზე, არამედ: ქსოვილის სუნთქვადობაზე, შეღებვის ქიმიაზე, წარმოების სტანდარტებზე და სარჩულის მასალაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ „საერთაშორისო პრაქტიკა“ არ ნიშნავს ერთიან სტანდარტს. სხვადასხვა ქვეყანა იყენებს განსხვავებულ კომბინაციებს. მაგრამ, ბევრ შემთხვევაში, დაწყებით კლასებში უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ, ან ბამბის მაღალი შემცველობის ქსოვილებს”, – წერს სოციალურ ქსელში იგი.
მისი თქმით, ფორმების შეფასება უნდა ეფუძნებოდეს: კონკრეტული შემადგენლობის პროცენტულობას, დერმატოლოგიურ ტესტირებას, ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოების მონაცემებს და არა მხოლოდ ზოგად ტერმინებს, როგორიცაა, მაგალითად – „ანტიალერგიული“.

თაია მახარაშვილი დაინტერესდა როგორი პრაქტიკაა სხვა ქვეყნებში. აღმოჩნდა, რომ პოლიესტერს ზოგიერთი განვითარებული ქვეყნის სკოლებშიც იყენებენ, მაგრამ, აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია:
“პოლიესტერის შემადგენლობა ჩვენს სასკოლო სამოსში უფრო მაღალია, ვიდრე ამ ქვეყნებში. გარდა ამისა, ასეთ ქვეყნებში უფრო ხშირად აწესებენ დრესკოდს და არა ფორმას. რაც მთავარია, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ არის დამუშავებული ქსოვილი, აკმაყოფილებს თუ არა უსაფრთხოების სტანდარტს. როგორც აღმოჩნდა, ქართული სასკოლო ფორმის სპეციფიკაციებში ეს გათვალისწინებული იყო. თუმცა საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს მეტი სანდო ინფორმაცია, რომელიც გამყარებული იქნება მტკიცებულებებით – საექსპერტო დასკვნებით და ა.შ.”
განათლების სამინისტრო ამბობს, რომ დაუშვებს გამონაკლისებს
დამატებით მტკიცებულებებს, ქსოვილის ხარისხზე, მშობლები უკვე ითხოვენ განათლების სამინისტროსგან. ისინი ექიმებსაც სთხოვენ, ჩაერთონ ამ საკითხში.
“ვითხოვთ შეიცვალოს ფორმის ნაჭრის შემადგენლობა. სინთეტიკური ქსოვილით შეკერილი სამოსი საზიანოა ბავშვების ჯანმრთელობისათვის”, – წერს თამუნა გაგნიძე.
მის პოსტზე ათობით მშობელი აკომენტარებს იგივე მოთხოვნით. ბევრი წერს, რომ არ აპირებს ეს ტანსაცმელი ჩააცვას შვილს.
“აი, მაგალითად, ჩემი შვილი ვერ იცმევს პოლიესტერს, ატოპიური დერმატიტი აქვს და შეხებისას უმწვავდება. ნამდვილად არ მინდა კანიდან სისხლი სდიოდეს სასკოლო ფორმის გამო”, – ამბობს ხათუნა ლაღაძე.
არც სოფო ტრაპაიძე აპირებს, ეს ფორმა უყიდოს სანდროს: “არავითარ შემთხვევაში არ ჩავაცმევ ამ ფორმას” .
სოფო გეგმავს სანდროს თავად შეუკეროს სასკოლო ფორმა – იგივე სტილსა და ფერებში, უკეთესი ხარისხის ქსოვილისგან.
განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ გაითვალისწინებენ იმ მოსწავლეების შემთხვევებს, რომელთაც, ჯანმრთელობის განსაკუთრებული, დადასტურებული სამედიცინო ჩვენება აქვთ.
ამას “ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონიც” განსაზღვრავს. კანონის 19¹ მუხლის მე-3 პუნქტი ამბობს, რომ “დაწყებითი საფეხურის მოსწავლე სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმის ვალდებულებისგან შეიძლება გათავისუფლდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საჯარო სკოლის სამინისტროსთან წერილობით შეთანხმების საფუძველზე”.
სამინისტრო აზუსტებს, რომ ასეთ შემთხვევებს ინდივიდუალურად განიხილავენ. მშობელს სკოლაში შესაბამისი სამედიცინო ცნობის წარდგენა მოუწევს. მოსწავლე კი, უბრალოდ, დრესკოდის შესაბამისად ჩაიცვამს.
რა მოხდება, თუ მშობელი ბავშვს ფორმას არ ჩააცმევს?
სასკოლო ფორმები სავალდებულოა. ეს სამინისტრომ ხაზგასმით თქვა.
“თავიანთ შვილებს ამ ქსოვილის ტანსაცმელს ჩააცმევენ?” – ეს ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა სოციალური ქსელის თემატურ, სასკოლო ჯგუფებში და ფორმებთან დაკავშირებულ პოსტებზე.
“მე ჩემს შვილს არ ჩავაცმევ ამ ფორმას და აუკრძალავენ სკოლაში სიარულს?- კითხულობს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მშობელი.
“სამი სასკოლო შვილი მყავს. არც მე ვაპირებ შეძენას. იურისტებს ვკითხე და არავის აქვს უფლება მაგის გამო პრობლემა შეუქმნას. იმდენი პასუხისმგებლობა მაქვს, რომ ჩემი შვილები შორტებით და ამოღებული, ბრეტელებიანი მაისურებით არ დადიან სკოლაში”, – პასუხობს მეორე.
“ჩემს შვილებს პოლიესტერს არ ვაცმევ. არც მშობლები ვიცვამთ. შესაბამისად, ფორმასაც არ ჩავაცმევ”, – ამბობს იგივე პოსტზე სხვა მშობელი.
“ჩემს სამივე შვილს აკრძალული აქვს პოლიესტერი. 100 % კოტონი უნდა იხმარონ ყველაფერი. ნეტა რა გვეშველება”, – კითხულობს იქვე კიდევ ერთი დედა.
მინისტრმა გივი მიქანაძემ ფორმის შემოღებისას თქვა, რომ მშობლის მიერ ბავშვისთვის ფორმის არ ჩაცმის შემთხვევაში საკითხი შეიძლება აღმზრდელობითი და დისციპლინური მექანიზმებით დარეგულირდეს. რა კონკრეტული სანქცია შეიძლება გამოიყენოს სკოლამ, კანონში ცალკე გაწერილი არ არის.
სამინისტრო ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც უარის ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავენ. სკოლას ექნება უფლება, გამოსავალი თავად იპოვოს, სკოლის შინაგანაწესზე დაყრდნობით.
რა ვიცით იმ ჩინურ კომპანიაზე, რომელიც სასკოლო ფორმებს კერავს

სასკოლო ფორმებთან დაკავშირებულ ყველა ლოგისტიკურ საკითხს, განათლების სამინისტროში 2026 წლის მარტში შექმნილი სტრუქტურული ერთეული, შპს “საგანმანათლებლო რესურსები” აგვარებს.
თავდაპირველად, სამინისტრომ თქვა, რომ სასკოლო ფორმებს საქართველოში შეკერავდნენ. განიხილებოდა სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების სამკერვალოები.
ბაზრის კვლევა, სასკოლო ფორმების შესაძენად, 2026 წლის 3 აპრილს გამოცხადდა. 29 აპრილს „საგანმანათლებლო რესურსები“ მთავრობისგან უკვე ითხოვდა გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვას. თუმცა, 14 მაისს გაირკვა, რომ თავდაპირველად შერჩეულმა კომპანიამ სამინისტროს მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. ბაზრის კვლევა თავიდან გამოცხადდა.
ივნისში სასკოლო ფორმების შესაძენად ხელშეკრულება შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისთან“ გაფორმდა – ტენდერის გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკების გზით. განათლების სამინისტრო პირდაპირ მოლაპარაკებას დროის მოგების მიზნით ხსნის. ამბობს, რომ ფორმების შეძენა და მიწოდება ახალ სასწავლო წლამდე უნდა მოესწროს.
“გლორი ტექსტილი ინდასტრი“ საქართველოში 2026 წლის 10 მარტს რეგისტრირებული კომპანიაა. მისი 100%-იანი მფლობელი და დირექტორი ჩინეთის მოქალაქე ლიუ ქსიაოლინია. ამ კომპანიამ დაარსებიდან ორ თვეში მიიღო სასკოლო ფორმების დამზადების შეკვეთა და საქართველოს სახელმწიფოსთან 45.66 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.
კომპანიამ 25 აგვისტოდან 30 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოს 1,801,000 ერთეული ტანსაცმელი უნდა მიაწოდოს:
- გოგოს პიჯაკი – 292,000
- ბიჭის პიჯაკი – 308,000
- გოგოს შარვალი – 438,000
- ბიჭის შარვალი – 616,000
- ქვედაკაბა – 146,000
- გრძელი ქვედაკაბა – 1,000.
ფორმები იკერება ჩინეთში, ჯიანგსუს პროვინციაში მდებარე Eton Kidd-ის საწარმოო ქსელში, რომელსაც SUMEC ჯგუფი მართავს.
Eton Kidd ჩინური სასკოლო ფორმების მსხვილი ბრენდია. მის ოფიციალურ საიტზე კომპანია წერს, რომ Eton Kidd შეიქმნა 2009 წელს. კომპანია 3,400-ზე მეტ სკოლას მოემსახურა 31 პროვინციულ ერთეულში. მისი საქმიანობა სასკოლო ფორმების წარმოებასა და მიწოდებას მოიცავს.
SUMEC-ის ოფიციალური აღწერით, ის არის China National Machinery Industry Corporation – SINOMACH-ის მნიშვნელოვანი წევრი კომპანია და ჩინეთის ცენტრალური მთავრობის პირდაპირ დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო საწარმოს ჯგუფის ნაწილია.
“გლორი ტექსტილი ინდასტრიმ” სასკოლო ფორმები საქართველოს სამ ეტაპად უნდა მიაწოდოს:
- I ეტაპი – 301 000 ცალი – 2026 წლის 25 აგვისტომდე;
- II ეტაპი – 600 000 ცალი – 2026 წლის 15 ოქტომბრამდე;
- III ეტაპი – 900 000 ცალი – 2026 წლის 30 ნოემბრამდე
ფორმების პირველი პარტია უკვე საქართველოშია. სად უნდა მიაკითხონ მშობლებმა?
სასკოლო ფორმების პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოიტანეს. “საგანმანათლებლო რესურსების” ინფორმაციით, ეს რაოდენობა სრულად ეყოფათ პირველკლასელებს.
ახლა ამ ფორმებს ასაწყობებენ. მათი გაყიდვა 1 სექტემბრიდან დაიწყება და 14 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ფორმები ამ დღეებში გადანაწილდება დიდ ქალაქებსა და რეგიონებში და დაზუსტდება, რა ადგილებში შეძლებენ მშობლები მათ ყიდვას. ფორმები უნაღდო ანგარიშსწორებით გაიყიდება.
II-VI კლასელებისთვის ფორმებს მოგვიანებით ჩამოიტანენ, ორ ეტაპად – 15 ოქტომბერსა და 30 ნოემბერს.
ამიტომ, II-VI კლასების მოსწავლეებს ფორმა სექტემბერში არ ექნება. მშობლებს სასწავლო წლის დასაწყისში ჩვეულებრივი ტანსაცმლის შეძენაც მოუწევთ, მოგვიანებით კი ფორმის ყიდვაც.
შეცვლის რამეს სასკოლო ფორმა საქართველოს განათლების სისტემაში?
სახელმწიფო 45.66 მილიონ ლარს ხარჯავს მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შესაძენად სოციალური უთანასწორობის შემცირების არგუმენტით, იმ ფონზე, როდესაც იმავე სკოლებში დღემდე არ არსებობს უფასო კვება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ UNICEF-ის მხარდაჭერით ჩატარებული 2023 წლის კვლევის მიხედვით, 6-17 წლის ბავშვების მხოლოდ 27% ჭამს სკოლაში ყოველდღე. 34.9% კი სასკოლო საათებში საერთოდ არ ჭამს. მატერიალურად დაუცველ ბავშვებში ეს მაჩვენებელი 44.9%-მდე იზრდება.
ამავე კვლევის მიხედვით, მშობლების 83.2% მიიჩნევს, რომ სკოლამ ბავშვებს სასკოლო საათებში კვება უნდა უზრუნველყოს. საქართველოს ზოგ სკოლაში კი, განსაკუთრებით რეგიონებში, ბავშვებს საჭმლის ყიდვის საშუალებაც არ აქვთ – სკოლებში ბუფეტი არ არსებობს.
ამ და სხვა პრობლემების ფონზე, მოსწავლეების ჩაცმულობა, საქართველოს საჯარო სკოლებში, ყველაზე ნაკლები პრობლემაა.
“ვერ მივესალმები ფორმებში ამხელა თანხების ხარჯვას მაშინ, როცა ელემენტარული საპირფარეშო, სასადილო და სწავლის ხარისხი ვერ მოგვარებულა სკოლებში”, – გვეუბნება ანა ღვალაძე.
“80-ჯერ დავრეკეთ სამინისტროში, 161-ე სკოლაში საპირფარეშოს პრობლემა რომ მოეგვარებინათ”, – ამბობს სოფო ტრაპაიძე.
თაია, რომელიც განათლების საკითხებს უფრო ღრმად იკვლევს, ამბობს, რომ სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება არ არის მარტივი პროცესი და ის არ არის მხოლოდ ქცევის წესების ერთობლიობა:
“დღეს სკოლაში გვაქვს მრავალი პრობლემა, რომელიც იწყება ინფრასტრუქტურით და ჰიგიენის ნორმების დაუცველობით და სრულდება ბავშვისთვის ემოციურად უსაფრთხო გარემოს არარსებობით. ბავშვები მიდიან ნაცრისფერ სკოლებში. ზოგჯერ უმართლებთ რამდენიმე ან მხოლოდ ერთ მასწავლებელში, რომლისგანაც იღებენ მთელ იმ მხარდაჭერას, რასაც სისტემისგან უნდა იღებდეს ბავშვი. შესაბამისად, სასკოლო კულტურას ვერ გააძლიერებს მხოლოდ ფორმა, ისევე, როგორც ამ არაჯანსაღ გარემოში, მთლიანად სახელმწიფოში არსებული კრიმინალური გამოწვევების გათვალისწინებით, ბულინგს ვერ დაძლევს ფორმა”.
თაია ამბობს, რომ ბულინგი, სინამდვილეში, არ იწყება სამოსის გამო.
“სამოსი ზოგჯერ საბაბია. თუ ბულერი მსხვერპლს ეძებს, მას შესაძლებლობა აქვს აბუჩად აიგდოს სიმაღლის, წონის, სათვალის, ფეხსაცმლის, ჩანთის ან პენლის გამო. ფორმით ვერ დამალავ სოციალურ სხვაობას. და რაც მთავარია, როცა მინისტრი სასკოლო კულტურაზე და მიკუთვნებულობაზე ლაპარაკობდა, ნუთუ არ გაახსენდა, რომ სკოლაში, სადაც არ არსებობს ბუფეტი, ან თუ არსებობს, ესაა მხოლოდ კარტოფილიანი ღვეზელის და მშრალი, უხარისხო ხემსის გამსაღებელი პუნქტია, სადაც ბავშვს შია, არ გაუჩნდება მიკუთვნებულობის განცდა”.
მოქმედ სკოლებში არსებული პრობლემების გარდა, საქართველოში ამ ახალ სასწავლო წელს ისევ ასობით ათასი მოსწავლე დაიწყებს “ნათხოვარ” სკოლაში, სხვა შენობაში შესახლებული. ბოლო წლებში ქვეყანაში ასობით სკოლა დაანგრიეს და ბევრის მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.
სასკოლო ფორმები