ირაკლი კობახიძე: "დიპ სტეიტი“ საქართველოში რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებას ცდილობს
ირაკლი კობახიძე რუსოფობიაზე
საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რომ ქვეყანაში რადიკალური ანტირუსული განწყობები ხელოვნურად არის გაღვივებული და საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ახალი კამპანიის ნაწილია, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, საქართველოში რუსოფობიის გაძლიერების მცდელობა „დიპ სტეიტის“ მიერ საკუთარი აგენტურის გამოყენებით განხორციელებული გეგმის ნაწილია.
კობახიძის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ საუბრობდა იმაზე, რომ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ე.წ. „გლობალური ომის პარტია“ ცდილობდა საქართველო კონფლიქტის მონაწილე მხარე გამხდარიყო და ქვეყანაში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სწორედ ეს იყო ის „შესაძლებლობების ფანჯარა“, რომელიც საქართველოსა და მისი მოსახლეობისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს ქმნიდა. მისივე თქმით, საქართველოსთვის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან მიერთების მოთხოვნაც მალევე გაჩნდა და ხელისუფლების შეფასებით, ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნებოდა.
„სწორედ აღნიშნულ მოთხოვნებზე საქართველოს ხელისუფლების მიერ უარის თქმის, სუვერენული პოლიტიკის გატარებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედების გამო, ჩვენი ქვეყანა არაფორმალური ოლიგარქიული ძალებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატიის და დასავლელი ლიდერების სამიზნედ იქცა“, – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დასავლეთის მხრიდან დაწესებულ სანქციებზე. მისი თქმით, ზეწოლის მექანიზმები, მათ შორის, ამოქმედებული იყო აშშ-ის წინა ადმინისტრაციის, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში.
კობახიძის განცხადებით, სანქციები შეეხო საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ქართველ მოსამართლეებს, პოლიციის მაღალჩინოსნებსა და სხვა პირებს.
მისივე თქმით, დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზანიც გამოიყენა.
„მას შემდეგ, რაც მათთვის სასურველი შედეგი არც ამის შედეგად დადგა, რადგან საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით ზურგგამაგრებული მმართველი პარტია ვერ დაიმორჩილეს, საკუთარი აგენტურის გამოყენებით საქართველოს ახალ პროვოკაციაში გახვევას ცდილობენ“, – განაცხადა მან.
კობახიძის შეფასებით, საქართველო ამჟამად ქვეყნის, მისი მოსახლეობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული „შეტევის ახალი ეტაპის“ წინაშე დგას.
„ეს არის საქართველოს, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი, რომელიც სინქრონულად, რამდენიმე მიმართულებით ვითარდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წინაისტორია
2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე ირაკლი კობახიძემ „რუსოფობიაზე“ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.
კობახიძე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, საქართველოს შიდა პოლიტიკასა და ოპოზიციის დამოკიდებულებას შორის კავშირებზე საუბრობს. მისი თქმით, „გლობალურ ომის პარტიას“ უკრაინაში მიმდინარე ომი სჭირდებოდა იმისთვის, რომ „რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა“.
კობახიძემ ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი რუსეთის მიმართ პოზიციის შეცვლაში დაადანაშაულა. მათ დღევანდელ მკაცრ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ კი „რუსოფობია“ უწოდა.
წერილმა 2008 წლის ომის გარშემო არსებული პოლიტიკური დაპირისპირება კვლავ გაააქტიურა. თუმცა ამჯერად კამათის ცენტრში მხოლოდ ომის დაწყება და რუსეთის პასუხისმგებლობა არ მოქცეულა. პრემიერმა ყურადღება რუსეთის მოქმედებებიდან მისი ქართველი ოპონენტების პოზიციაზე გადაიტანა.