კვლევა: ონისე ოქრიაშვილის საქმეზე კოორდინირებული საინფორმაციო კამპანია თავდასხმამდე და მის შემდეგაც მიმდინარეობდა
ონისე ოქრიაშვილის საქმე
პროსახელისუფლებო მედიის, პოლიტიკური აქტორებისა და კოორდინირებული ონლაინ-ანგარიშების მონაწილეობით იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია მასზე თავდასხმამდე დაიწყო, ხოლო თავდასხმის შემდეგ ძალადობის გამართლებასა და სავარაუდო თავდამსხმელის მხარდაჭერაზე გადაერთო, – ასეთია „მითების დეტექტორის“ კვლევის მთავარი დასკვნა, რომლის მიხედვითაც, კამპანია სხვადასხვა არხით – მედიით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებითა და ყალბი ანგარიშების აქტივობით თანმიმდევრულად ვითარდებოდა.
პროევროპული აქციების მონაწილეს, იუმორისტს, “სტენდაფერ” ონისე ოქრიაშვილს მწერალ ნოდარ დუმბაძეზე ხუმრობის გამო, 23 ივლისს სახლთან სამი პირი დახვდა და სასტიკად გაუსწორდა. მოგვიანებით მასზე თავდამსხმელი გირაოთი გაათავისუფლეს, ხოლო თავდამსხმელის მეგობარმა, MMA-ს მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად განაცხადა, რომ აფუძნებს “სახალხო მოძრაობას“, რომლის მიზნადაც “ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვა“ დაასახელა.
კვლევის თანახმად, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები და ფეისბუქ-გვერდები ონისე ოქრიაშვილის ძველ ვიდეოებსა და საჯარო განცხადებებს ავრცელებდნენ. მასალები, ავტორების შეფასებით, კონტექსტიდან იყო ამოღებული და მიზნად ისახავდა კომიკოსის წარმოჩენას ადამიანად, რომელიც ეროვნულ, კულტურულ და რელიგიურ ღირებულებებს შეურაცხყოფდა.
კვლევის მიხედვით, 22 ივლისს ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის შემდეგ, სოციალურ ქსელებსა და პროსახელისუფლებო მედიაში გავრცელდა გზავნილები, რომლებიც ძალადობის მიზეზად მის მიერ ნოდარ დუმბაძეზე გაკეთებულ ხუმრობას ასახელებდნენ. 24 ივლისიდან გამოქვეყნებულ პოსტებსა და საინფორმაციო ბარათებში, ანგარიშის თანახმად, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემსუბუქების მცდელობა იკვეთებოდა. სხვადასხვა გვერდი მას „ეროვნული ღირსების დამცველად“ წარმოაჩენდა, ხოლო თავდასხმას – ეროვნული და კულტურული ღირებულებების დაცვის მოტივით გამოწვეულ რეაქციად.
ანგარიშში აღწერილია, რომ იდენტური შინაარსის საინფორმაციო ბარათები ერთდროულად გაავრცელეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა, ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ-გვერდებმა და პროსახელისუფლებო ექსპერტებმა. გზავნილების მთავარი შინაარსი იყო, რომ ნიკოლოზ ხურცილავა სასჯელს არ იმსახურებდა, რადგან „ქართველების ეროვნული ღირსება დაიცვა“.

კვლევის მიხედვით, მსგავსი გზავნილები მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებშიც აისახა. პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება გაამახვილა არა ძალადობის ფაქტზე, არამედ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის დაუშვებლობაზე. პარლამენტის წევრმა დიმიტრი სამხარაძემ განაცხადა, რომ მზად იყო ბრალდებულს თავდებში დასდგომოდა, ხოლო ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, რომ ეკლესიაზე, პატრიარქსა და მწერლებზე მსგავსი ხუმრობების შემთხვევაში საზოგადოებრივი რეაქცია მოსალოდნელი იყო, თუმცა ძალადობა დაგმო. „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ლევან კოჭლოშვილმა კი განაცხადა, რომ ბრალდებულის მორალურ შეფასებას არ ეთანხმებოდა.

„მითების დეტექტორის“ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ თავდასხმის შემდეგ ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია ახალი მასალებით გაგრძელდა. პროსახელისუფლებო მედიებმა და ფეისბუქ-გვერდებმა კვლავ გაავრცელეს მისი ძველი ვიდეოფრაგმენტები, მათ შორის ჩანაწერები, რომლებიც რელიგიურ თემებს ეხებოდა, ასევე მანამდე გავრცელებული ვიდეო, სადაც, მათი მტკიცებით, კომიკოსი მზესუმზირის გამყიდველ ბებოებს დასცინოდა. კვლევის ავტორების შეფასებით, ამ გზით ყურადღება ძალადობის ფაქტიდან დაზარალებულის განცხადებებზე გადაიტანეს.
კვლევა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კოორდინირებული ონლაინ-აქტივობის ნიშნებზე. მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილია ყალბი ანგარიშები, რომლებიც, ანგარიშის მიხედვით, მხარს უჭერდნენ როგორც თავდასხმაში ბრალდებულს, ისე მოგვიანებით MMA-ის მებრძოლის გიორგი ქართველიშვილის მიერ დაანონსებულ მოძრაობას. ზოგიერთი ანგარიში სახელისუფლებო მედიის პოსტებზე იდენტური ტექსტებითა და ერთნაირი გრამატიკული შეცდომებით ტოვებდა კომენტარებს, ნაწილი კი სხვადასხვა ადამიანის ფოტოებსა და სახელებს იყენებდა საკუთარი ვინაობის დასაფარად.
კვლევის ერთ-ერთ მთავარ მიგნებად დასახელებულია შემთხვევა, როდესაც, ავტორების თქმით, ადრე გამოვლენილი ტროლის ფეისბუქ-პოსტი სახელისუფლებო მედიამ რეალური ადამიანის შეფასებად გაავრცელა. ანგარიშის მიხედვით, ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ და მასზე თავდამსხმელის გასამართლებლად გამოქვეყნებული პოსტი კოორდინირებულად აიტაცეს 13-მა პროსახელისუფლებო ონლაინგამოცემამ და ორი ტელევიზიის ფეისბუქ-გვერდმა.

„მითების დეტექტორი“ ასევე აღნიშნავს, რომ კამპანიის ნაწილი დაფინანსებული პოსტებით ვრცელდებოდა. ანგარიშის თანახმად, ასეთ მასალებში ონისე ოქრიაშვილი და მისი მხარდამჭერები „ანტიქართულ ძალებად“ იყვნენ წარმოჩენილი, ხოლო სავარაუდო თავდამსხმელის განცხადებები ძალადობის გამართლების კონტექსტში ვრცელდებოდა.