საია: საქართველოში "არაფორმალური მორალის პოლიციის“ შექმნა ძალადობის ახალი ფორმის გაჩენის საფრთხეს ქმნის
არაფორმალური მორალის პოლიცია
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) ქვეყანაში ახალი არაფორმალური ჯგუფის შექმნის შესახებ გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ საკანონმდებლო შეზღუდვებთან ერთად, შესაძლოა არაფორმალური ძალადობის მექანიზმებიც ამოქმედდეს. მათივე განმარტებით, “არაფორმალური მორალის პოლიციის“ შექმნა ძალადობის ახალი ფორმის გაჩენის საფრთხეს ქმნის
ორგანიზაციის შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშოა ქვეყანაში “სადამსჯელო რაზმების“ ფორმირების მცდელობა იმ ფონზე, როდესაც ბოლო წლებში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ ძალადობისა და დაშინების შემთხვევები გახშირდა.
MMA-ს მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად განაცხადა, რომ აფუძნებს “სახალხო მოძრაობას“, რომლის მიზნადაც “ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვა“ დაასახელა. ქართველიშვილის თქმით, მოძრაობა “ძალიან აქტიური, სოლიდური და კონსტრუქციული იქნება“ და მასში გაწევრიანება ნებისმიერ “პატრიოტ ქართველს“ შეეძლება. ჯგუფის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ მზად არიან საკუთარ ქმედებებზე პასუხი აგონ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, პატიმრობაც მიიღონ.
საიას განცხადებით, 27 ივლისს თბილისში MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ახალი “სახალხო მოძრაობის“ დაფუძნების შესახებ განაცხადა. ორგანიზაციის შეფასებით, გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ ჯგუფის მიზანი შესაძლოა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების არაფორმალური კონტროლი, დაშინება ან მათზე ზეწოლა იყოს.
საია აღნიშნავს, რომ ახალი ჯგუფის წარმომადგენლები იყენებენ იმგვარ დისკრედიტაციულ და დეზინფორმაციულ ტერმინოლოგიას, რომელიც ხშირად გვხვდება ხელისუფლებისა და პრო-სამთავრობო მედიების ნარატივებში. მათი განცხადებით, ისინი იწყებენ ბრძოლას “უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ“.
ორგანიზაციის შეფასებით, ჯგუფის განცხადებებში ძალადობრივი შინაარსის ნიშნებიც იკვეთება. საია ყურადღებას ამახვილებს იმ ფრაზაზე, რომლის მიხედვითაც ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ “თუკი შესაბამისი გარემოპირობები სხვა გზას არ დაგვიტოვებს, არც პატიმრობის შეგვეშინდება“.
საიას განცხადებით, ჯგუფი ასევე მოითხოვს იუმორისტ ონისე ოქრიაშვილისა და სხვა იუმორისტებისგან ბოდიშის მოხდას და პროკურატურისთვის მიმართვას, რათა ოქრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული პირისთვის პატიმრობა არ მოითხოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაცია მათ შესაძლო ანგარიშსწორებით ემუქრება.
“ქართველი ერის ღირსებას შემლახავ თითოეულ ქმედებასა და კომენტარზე მოვითხოვთ პასუხს“, – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში, რომელსაც საია ციტირებს.
საია მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები თანხვედრაშია “ქართული ოცნების” ზოგიერთი მაღალჩინოსნის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებთან, რომლებიც, ორგანიზაციის შეფასებით, გამოხატვის კონტროლისკენ მოწოდებებს შეიცავს.
ორგანიზაცია ასევე იხსენებს, რომ მესამე პირების მხრიდან ძალადობის შემთხვევები ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების წინააღმდეგ საქართველოში აქტიურად ფიქსირდებოდა როგორც 2024 წლის საპროტესტო აქციების პერიოდში, ისე მოგვიანებით. საიას განცხადებით, ასეთ შემთხვევებში ხშირად იკვეთებოდა სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მოძალადეების მხარდამჭერი განცხადებები ან სამართალდამცავი ორგანოების არასათანადო რეაგირება.
“ყოველივე ამის გათვალისწინებით, ცხადია, რომ სადამსჯელო დაჯგუფების შექმნა და მის მიერ მოქალაქეთა გამოხატვის კონტროლის დაანონსება მჭიდრო კავშირშია აქამდე ნორმალიზებულ სახელმწიფო ძალადობასთან“, – აცხადებს საია.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა კრძალავს უკანონო შეიარაღებული ან ძალადობრივი ფორმირებების შექმნას, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობას. ასევე აკრძალულია ისეთი გაერთიანებების შექმნა ან მათში მონაწილეობა, რომელთა საქმიანობას ადამიანის მიმართ ძალადობა ახლავს თან.
საიას განცხადებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა თავიდან აიცილონ ადამიანებზე ძალადობა ან მათი დაშინება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო.
ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს სახელმწიფოს წარმომადგენლებსა და პრო-სამთავრობო მედიასაშუალებებს, შეწყვიტონ დისკრედიტაციული კამპანიებითა და დეზინფორმაციით ძალადობის წახალისება, მოძალადეთა მხარდაჭერა ან კონკრეტული ადამიანების სამიზნედ წარმოჩენა.
“საქართველოში 2024 წლიდან ადამიანების დაშინების, დევნისა და სისტემური ზეწოლის პარალელურად, ასევე კანონმდებლობით მათი უფლებრივი სივრცის მიზანმიმართული შევიწროებისა და პოლიტიკური პატიმრების არსებობის ფონზე, სადამსჯელო რაზმების შექმნა განსაკუთრებით საგანგაშოა“, – ნათქვამია განცხადებაში.
საიას შეფასებით, როდესაც პრო-სამთავრობო მედია აქტიურად მონაწილეობს ადამიანების დემონიზებასა და მიზანში ამოღებაში, ეს შესაძლოა ძალადობის წახალისებისა და თანამონაწილეობის ნიშნებს შეიცავდეს. ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების უმოქმედობა ან გაჭიანურებული რეაგირება ქმნის გარემოს, რომელიც ძალადობის გავრცელებას უწყობს ხელს.