Facebook პოსტის გამო საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გაუშვეს პატიმრობაში - ექიმი გიორგი ახობაძე
გაზიარება
გაზიარება
გიორგი ახობაძე პატიმრობაში გაუშვეს
24 ივლისს, Facebook -ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, საქართველოში კიდევ ერთ ადამიანს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა. ექიმი, პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, გიორგი ახობაძე საპატიმროში 25 დღეს გაატარებს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოიტანა. გიორგი ახობაძე სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. მის ინტერესებს ადვოკატი მიხეილ ზაქარეიშვილი იცავდა.
ახობაძე გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, სპეცოპერაციით დააკავეს საკუთარ სახლში.
გიორგი ახობაძის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი “სიძულვილის ენის მონიტორინგის” სამმართველოს ოქმის საფუძველზე დაიწყო. ახობაძე დააპატიმრეს პოსტის გამო, რომელშიც ის აგინებდა მისი სისხლის სამართლის საქმის ცრუ მოწმე პოლიციელებს.
გიორგი ახობაძე “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ერთხელ უკვე დააპატიმრა – სისხლის სამართლის წესით. მაშინ, ის აქციიდან სახლში მიმავალი დააკავეს და ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალი წაუყენეს.
ახობაძე და მისი დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს. 8-თვიანი სასამართლო პროცესების შემდეგ, გიორგი ახობაძე გაამართლეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
პოსტი, რომელსაც მისი ადმინისტრაციული პატიმრობა მოჰყვა, სწორედ იმ პოლიციელებს ეხებოდა, რომელთაც ახობაძე ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს.
„ყველა ჩამდები პოლიციელის დედა მოვ***ან“, – გაიმეორა ახობაძემ „TV პირველთან“ საუბრისას, მას შემდეგ, რაც მის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო.
„წამოვწვები, დავისვენებ 25 დღე და მაგათ თუ ჰგონიათ, რომ გამოვალ სხვა აზრზე ვიქნები, ძალიან ცდებიან“, – განაცხადა ახობაძემ დაკავებამდე.
დაჯარიმება და დაპატიმრება სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო
გიორგი ახობაძე მეორე ადამიანია, ვინც სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრების გამო, გარკვეულ დღეებს საპატიმროში გაატარებს.
პირველი ასეთი ადამიანი ჟურნალისტი, „ფორმულას“ ტელეწამყვანი ვახო სანაია იყო. 22 ივლისს ვახო სანაიას, თბილისის საქალაქო სასამართლომ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელიც “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს შეეხებოდა.
საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავები, შსს-ში ახლად შექმნილი “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” ოქმების საფუძველზე იწყება.
ახალი სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ამოქმედებიდან, 1 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში, ამ სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც 150 საქმე უკვე სასამართლოშია წარდგენილი.
ამ 150 შემთხვევიდან, 33 საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – 31 ადამიანი დააჯარიმეს, 2 ადამიანს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. დაჯარიმებულთა უმეტესობა მოქალაქეები და აქტივისტები არიან.