ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში მოხვდა ყულევის ქარხანა და რამდენიმე კრიპტოპლატფორმა საქართველოდან
ყულევის ქარხანა სანქციების სიაში მოხვდა
ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტში საქართველოდან ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა და რამდენიმე კრიპტოპლატფორმა მოხვდა.
საქართველოს ქალაქ ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ საწარმოსთან, რომელიც რუსულ ნავთობს ამუშავებს და ყიდის, სანქციები გარკვეული დათქმებით დაწესდა. კერძოდ, ტრანზაქციების აკრძალვა ძალაში შევა ექვს თვეში, თუკი ქარხანა პრაქტიკას არ შეცვლის.
- ბრიტანეთმა სანქციების სიაში შეიყვანა ტანკერი, რომელმაც ყულევში რუსული ნავთობი შემოიტანა
- ბრიტანეთმა ხომალდი SILVAR დაასანქცირა. საქართველო აცხადებს, რომ გემი ყულევში სანქციების დაწესებამდე შევიდა
ყულევის ქარხნის დასანქცირება აქამდეც იგეგმებოდა – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში. თუმცა, მაშინ ყულევი სანქციების სიიდან ამოიღეს.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრა“. ეს ეწერა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის წერილში, რომელიც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს გაუგზავნა.
რას ითვალისწინებს სანქციების 21-ე პაკეტი
სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მალე ამოქმედდება, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა 23 ივლისს, საბოლოოდ შეათანხმეს.
სანქციები, სავარაუდოდ, 23 ივლისსვე შევა ძალაში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიერ დამტკიცებისა და ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ.
სანქციები ეხება რუსეთის ეკონომიკის იმ სექტორებს, რომლებიც ყველაზე მეტად აფინანსებენ უკრაინის წინააღმდეგ ომს – ენერგეტიკას, ფინანსურ მომსახურებასა და კრიპტო სექტორს.
სანქციები ასევე დაუწესდა 50-ზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციას, რომლებიც რუსეთის სამხედრო წარმოებასა და შეიარაღებას ამარაგებენ.
ასევე, სანქციების პაკეტში მოხვდა ინდივიდუალური სანქციების ყველაზე დიდი ჯგუფი: ჯამში 218 სუბიექტი – 48 ფიზიკური და 170 იურიდიული პირი.
ეს არის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური გაფართოება.
ყულევის ქარხნის ექვსთვიანი ვადა – რას ნიშნავს ეს?
“პაკეტი ქმნის შესაძლებლობას აიკრძალოს ტრანზაქციები სიაში შეყვანილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან რუსეთსა და მესამე ქვეყნებში, რომლებიც ამუშავებენ ან ასუფთავებენ რუსულ ნედლ ნავთობს და ნავთობპროდუქტებს. ამ ჩარჩოში, ევროკავშირი აწესებს ტრანზაქციების აკრძალვას – რომელიც ძალაში შევა ექვს თვეში – ქართულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც ვაჭრობს და ამუშავებს რუსულ ნავთობს ყულევში“, – ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“რადიო თავისუფლება” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს კონკრეტული ზომა – ექვსთვიანი ვადის, ერთგვარი „დედლაინის“ დაწესება – ევროკავშირმა თავის პრაქტიკაში პირველად მიიღო.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ამის საფუძველი გახდა თბილისის მზაობა, რომ მოთხოვნებს (შე)ასრულებდნენ, – რაც პორტის სანქცირების განხილვისას გამოჩნდა.
ეს ნიშნავს, რომ თუ ექვსი თვის განმავლობაში ყულევის ქარხანა განაგრძობს ნავთობის გადამუშავებას, სანქციები ამოქმედდება. ქარხნის მფლობელმა კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმმა“ ჯერ კიდევ 2026 წლის 1 ივლისს განაცხადა, რომ “მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია იწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას“.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2026 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა მკვეთრად გაიზარდა, რაც ნავთობპროდუქტების ექსპორტის დამსახურებაა.
2026 წლის იანვარში, სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში, ნავთობი და ნავთობპროდუქტები 58.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.2 პროცენტი), მეორე ადგილზეა.
კრიპტოპლატფორმები სანქციების სიაში
ევროკავშირის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ტრანზაქციების აკრძალვას ავრცელებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ 14 მომსახურების პლატფორმაზე, რომლებიც ბაზირებულია საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში.
ვროკავშირი პირველად ქმნის მექანიზმს, რომელიც საშუალებას მისცემს სრულად აკრძალოს ტრანზაქციები ევროკავშირის კომპანიებსა და იმ კრიპტოპლატფორმებს შორის, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
ეს ზომა ეხება ასევე მესამე ქვეყნებში მოქმედ კრიპტოსერვისების მიმწოდებლებს, თუ ისინი რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან.
სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმება ევროკავშირის თვე-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ყულევის ქარხანა სანქციების სიაში მოხვდა