ბრიტანეთმა ხომალდი SILVAR დაასანქცირა. საქართველო აცხადებს, რომ გემი ყულევში სანქციების დაწესებამდე შევიდა
ბრიტანეთმა ხომალდი SILVAR დაასანქცირა
გაერთიანებული სამეფოს მიერ ხომალდი SILVAR-ის დასანქცირების შემდეგ, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა, რომ გემი საქართველოში იმ პერიოდში იმყოფებოდა, როდესაც მის მიმართ არც ერთი საერთაშორისო სანქცია არ მოქმედებდა და ქვეყნის ყველა უწყებამ კანონმდებლობის სრული დაცვით იმოქმედა.
მანამდე გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით ახალი ზომები მიმართულია რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის“, სამხედრო შესყიდვების მიწოდების ქსელებისა და ფინანსური სქემების წინააღმდეგ, რომლებიც სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენება.
საელჩოს განცხადებით, სანქციების სიაში მოხვდა ასევე ხომალდი SILVAR, რომელიც “მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ პორტში იმყოფებოდა“. ბრიტანეთის ხელისუფლების მონაცემებით, 2026 წლის განმავლობაში, მხოლოდ რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში, სანქციები თითქმის 500 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესდა.
სააგენტოს განმარტებით, SILVAR ყულევის საზღვაო ნავსადგურში 2026 წლის თებერვალში შევიდა. უწყების ცნობით, იმ დროისთვის ხომალდი არ იყო სანქცირებული არც გაერთიანებული სამეფოს, არც ევროკავშირის, არც შეერთებული შტატების და არც გაეროს სანქციური რეჟიმების ფარგლებში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გემის საქართველოში შემოსვლამდე კომპეტენტურმა ორგანოებმა მრავალდონიანი სამართლებრივი და სანქციური შემოწმება ჩაატარეს. სააგენტოს თქმით, არ გამოვლენილა არც გემის, არც მისი მფლობელის, ოპერატორის ან სხვა დაკავშირებული პირების მიმართ მოქმედი საერთაშორისო სანქციები თუ სამართლებრივი შეზღუდვები.
უწყება ასევე მიუთითებს, რომ SILVAR იმ პერიოდში პანამის დროშის ქვეშ ცურავდა, ფლობდა ბრიტანული Lloyd’s Register-ის მოქმედ კლასს და უზრუნველყოფილი იყო შესაბამისი საზღვაო დაზღვევით. სააგენტოს ინფორმაციით, გემის რეგისტრირებული მფლობელი და ტექნიკური მენეჯერი სრულად იდენტიფიცირებული იყვნენ.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ხაზს უსვამს, რომ 2025 წლის დეკემბერში ხომალდს დანიის სკაგენის რაიონში ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტირება ჩაუტარდა. შემოწმების შედეგად მხოლოდ ოთხი უმნიშვნელო შენიშვნა დაფიქსირდა და გემი არ დაუკავებიათ, რაც, სააგენტოს შეფასებით, საერთაშორისო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე მიუთითებდა.
უწყების განცხადებით, SILVAR საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის სტანდარტულ მარშრუტებზე ოპერირებდა და სხვადასხვა დროს სტუმრობდა ევროპულ, აზიურ და აფრიკულ პორტებს, მათ შორის მალტაში, დანიაში, ეგვიპტეში, მალაიზიაში, ინდოეთსა და ჩინეთში.
სააგენტომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში საქართველოს ხსენების საჭიროება. უწყების შეფასებით, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება საქართველოს დაკავშირება იმ ხომალდთან, რომლის ქვეყანაში ყოფნისა და ოპერირების დროს მის მიმართ არც ერთი საერთაშორისო სანქცია არ არსებობდა.
„საქართველოს ნავსადგურებში ნებისმიერი გემის შემოსვლა ექვემდებარება მკაცრ სამართლებრივ, სანქციურ და უსაფრთხოების კონტროლს. საქართველო არ წარმოადგენს და ვერ გახდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
უწყება ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სანქციების ეფექტიანობა მათ სამართლებრივ განსაზღვრულობასა და დროში მოქმედების პრინციპს ეფუძნება. შესაბამისად, მისი შეფასებით, დაუშვებელია გემის საქმიანობის შეფასება იმ სანქციების საფუძველზე, რომლებიც საქართველოში მისი ყოფნიდან რამდენიმე თვის შემდეგ დაწესდა.