მარია ზახაროვა: საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალია
მარია ზახაროვას კომენტარი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებებს რუსეთის მხრიდან დამატებითი დადასტურება არ სჭირდება და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა უკვე დიდი ხანია “აგრესიის, აგრესიული რიტორიკისა და დესტრუქციული ქმედებების გზას“ ადგას.
ზახაროვამ ეს განცხადება პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც მას ჰკითხეს, იზიარებს თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კობახიძის შეფასებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მანამდე განაცხადა, რომ ეუთო და ევროპული ინსტიტუტები ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობაში არიან ჩართული.

მარია ზახაროვა: “მიმაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები ჩვენს დადასტურებას არ საჭიროებს. საუბარია სუვერენული სახელმწიფოს ხელმძღვანელზე, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და მის ხალხს წარმოადგენს.
როგორც ჩანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე მიღებული ჰააგის დეკლარაციის შესახებ საუბრობდა, რომელშიც არაერთი რეზოლუციაა, მათ შორის საქართველოში “არადემოკრატიული“ არჩევნების შესახებ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მსგავსი მოქმედება ჩვენთვის მოულოდნელი არ არის. ასამბლეამ უკვე დიდი ხანია აირჩია აგრესიის, აგრესიული რიტორიკისა და დესტრუქციული ქმედებების გზა და საპარლამენტთაშორისო დიალოგის მშენებლობაზე უარი თქვა.
თბილისის სწრაფვა, გაატაროს დამოუკიდებელი, ეროვნულ ინტერესებსა და საკუთარ ხალზე ორიენტირებული პოლიტიკა, კოლექტიური დასავლეთის მიერ აღიქმება, როგორც პირდაპირი გამოწვევა, როგორც ყელში გაჩხერილი ძვალი.
ეს იმდენად აღიზიანებთ დასავლეთის წარმომადგენლებს, რომ ისინი პირდაპირ მზად არიან გავლენის ყველა ბერკეტი გამოიყენონ, რათა მათთვის არასასურველი მოქმედი მთავრობა გადააყენონ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის საკუთარი ხალხის ინტერესებს ემსახურება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის იცნობს თავის ხალხს, მის ისტორიას და მომავალსაც ამის საფუძველზე აშენებს და არ ემსახურება მათ, ვისაც ქართველ ხალხთან და ისტორიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
რიგი სახელმწიფოები ეუთოს პლატფორმას იყენებენ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების კრიტიკისთვის, მათ შორის, მოძველებული “მოსკოვის მექანიზმის“ ინსტრუმენტის გამოყენებით. ასე რომ, ყველაფერი რასაც ისინი საქართველოს აბრალებენ, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.“
ეუთოს რეზოლუცია
8 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ, სამოქალაქო თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმებისა და დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს.
რეზოლუცია, სახელწოდებით „საქართველოში არჩევნების კეთილსინდისიერებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ“, ჰააგის დეკლარაციის ნაწილად იქცა.
დოკუმენტი ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესიის დასკვნითი ტექსტია, რომელიც 4-8 ივლისს ნიდერლანდებში გაიმართა. სხდომას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, თუმცა მათ რეზოლუციისადმი პროტესტის ნიშნად ასამბლეის მუშაობა დატოვეს.