გაეროს ანგარიში საქართველოზე: ქვეყანაში სამოქალაქო სივრცე ვიწროვდება
გაეროს ანგარიში საქართველოზე
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ჟენევის სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის, ვოლკერ თურქის ანგარიში წარადგინეს. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ საკანონმდებლო და პოლიტიკურ პროცესებზე, რომლებიც, გაეროს შეფასებით, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
ანგარიში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) გლობალური ოპერაციების განყოფილების დირექტორმა, მაარიტ კოჰონენ შერიფმა წარადგინა.
გაეროს შეფასება: სამოქალაქო სივრცე ვიწროვდება
კოჰონენ შერიფის განცხადებით, OHCHR შეშფოთებულია 2025 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც, ორგანიზაციის შეფასებით, ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს და საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი შეკრების უფლებას.
მისივე თქმით, გაეროს ოფისი კვლავ იღებს ცნობებს საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. მათ შორის სახელდება თვითნებური დაკავებები, არასათანადო მოპყრობა, ასევე დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება.
“გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი აღნიშნავს საქართველოში საკანონმდებლო და პოლიტიკური მოვლენების განვითარებას, რომლებიც ადამიანის უფლებების კუთხით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. 2025 წელს ისეთი კანონმდებლობის მიღება გაგრძელდა, რომელიც სამოქალაქო სივრცეს ზღუდავს და მშვიდობიანი შეკრების უფლებას ძირს უთხრის“, – განაცხადა მაარიტ კოჰონენ შერიფმა.
OHCHR ხელისუფლებას მოუწოდებს, ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული ყველა ბრალდება სწრაფად, დამოუკიდებლად და სრულყოფილად გამოიძიოს.
გაეროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ოფისი ყურადღებით აფასებს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსაც, მათ შორის 2025 წლის მაისში ხუთი მოქმედი და ყოფილი სამართალდამცველის დაკავებას, რომლებიც 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს ძალადობის სავარაუდო ფაქტებს უკავშირდება. თუმცა, ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი საქმეების ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიება აუცილებელია.
კანონმდებლობის გადახედვის რეკომენდაცია
ვოლკერ თურქის ანგარიშში საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავენ, რომლებიც ეხება როგორც ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ “სერიოზულ ბრალდებებს“, ისე ბოლო პერიოდში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვას.
ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებამ უნდა გადახედოს 2025 წელს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსში, “გრანტების შესახებ“ კანონში, “შეკრებისა და დემონსტრაციების შესახებ“ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რათა ისინი სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან.
გაეროს ოფისი ასევე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ და საზოგადოების არსებითი მონაწილეობით.
სამოქალაქო საზოგადოება და მედიაგარემო
OHCHR საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, აღადგინოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელშემწყობი გარემო.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მაუწყებლების მიერ უცხოური მხარდაჭერის მიღებაზე დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ეფუძნებოდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს და შეესაბამებოდეს საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებს.
ამასთან, ორგანიზაცია ხელისუფლებას გენდერული დისკრიმინაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, ასევე პოლიტიკურ წარმომადგენლობაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ურჩევს.
ოკუპირებული ტერიტორიები
ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობას.
OHCHR აღნიშნავს, რომ საერთაშორისო და რეგიონულ ადამიანის უფლებათა მექანიზმებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომა კვლავ არ აქვთ და ყველა შესაბამის მხარეს დაუყოვნებლივი და შეუფერხებელი დაშვების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ასევე ითხოვს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ გადაადგილების შეზღუდვების მოხსნასა და ყველა გამშვები პუნქტის გახსნას, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ეფექტიან რეაგირებას, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობის უზრუნველყოფას, სიცოცხლის უფლების დარღვევის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა შემთხვევის გამოძიებას და დამნაშავეთა პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას.