მოსაზრება: მდინარაძის გადადგომა არის კობახიძის საბოლოოდ ჩარეცხვის პრელუდია
მდინარაძის გადადგომა
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, მამუკა მდინარაძის წასვლა არ არის მხოლოდ ერთი პოლიტიკოსის კარიერის დასრულება, არამედ პროცესის ნაწილია, რომლის საბოლოო სამიზნეც ირაკლი კობახიძეა. ხუხაშვილი კობახიძის მდგომარეობას “სახლში მარტოდ დარჩენილი ბავშვის“ მდგომარეობას ადარებს.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ მდინარაძის გადადგომა პროცესების ლოგიკური გაგრძელებაა და სხვადასხვა თანამდებობაზე მისი ოდისეა რეალურად უკავშირდებოდა კობახიძეს და კობახიძის სტერილიზაციისა და იზოლაციის პროცესს.
მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან წავიდა და რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და გადაწყვეტილება ოჯახისთვის მეტი დროის დათმობის სურვილით ახსნა.

გია ხუხაშვილი: “ეს ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესების, რაც მიმდინარეობს. პრინციპში, მდინარაძე ნაკლებად საინტერესოა იმიტომ, რომ მისი ეს ბოლო ეპიზოდები კომიკურ ხასიათს ატარებდა და გასაგები იყო, რითაც დაასრულებდა. მაგრამ აქ მთავარი კითხვა კობახიძის მიმართ ისმის. ვისი პრემიერ-მინისტრია კობახიძე?! ერთადერთი დაქვემდებარებული, ვინც ჰყავდა, იყო მდინარაძე, მეტი მთავრობაში მის დაქვემდებარებაში აღარავინ აღარ არის.
ის არის ერთგვარად მარტო სახლში დარჩენილი ბავშვი, რომელსაც შეუძლია მარტო გააფუჭოს, გაკეთების საშუალებას იქ არავინ არაფრისას არ მისცემს. შესაბამისად, მდინარაძის გადადგომა არის კობახიძის საბოლოოდ დაცურების პრელუდია, ერთგვარი ანონსი და მეტი არაფერი. თავად მდინარაძე არაფერს არ წარმოადგენდა და პრინციპში, მისი გადადგომის სამიზნე არის კობახიძე. ბიძინა დიდხანს მარტოს სახლში მას არ დატოვებს.
კობახიძე ისედაც დიდი ხანია გამზადებულია ჩასარეცხად. „ჩარეცხვას“ ტერმინს იმიტომ ვხმარობ, რომ ბიძინასთვის ასეა დამახასიათებელი. მარტოა სახლში დარჩენილი იმიტომ, რომ მთავრობა ტექნიკურია, მას მთავრობაში არავინ ექვემდებარება, არავინ ემორჩილება დიდი ხანია უკვე. ტექნიკური მთავრობაა, პოლიტიკური კომპონენტი აღარ არის დარჩენილი.
მე არ ვაკეთებ იმის პროგნოზს, რომ ხვალ ან ზეგ მოხდება ეს, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ბუნებრივია, უნდა აჰკიდოს ის ცოდვები, რაც ბოლო პერიოდში დაგროვდა და ამ ცოდვებთან ერთად უნდა გაისტუმროს, რაღაც ბონუსი ხომ უნდა მიიღოს მისი წასვლიდან და როდის მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ცალკე თემაა, მაგრამ ის, რომ კობახიძე მარტოა სახლში დარჩენილი, აქ ორი აზრი არ არის, რომ გადახედოთ მთავრობის შემდგენლობას, ამის გააზრება ძნელი არ არის.
მდინარაძეს ეჭვი მეპარება, რომ სუს-ში რაიმე გავლენა ჰქონდა, რომ რეალურად ის აკონტროლებდა სუს-ს, ეს ასე არ იყო. ის ისე წამოვიდა სუს-იდან, რომ მე მგონი დღემდე არ იცის ეს რა ორგანიზაციაა. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ იქ იმ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებდა, რომ ძალიან დაძაბა სისტემაში სავარაუდოდ სიტუაცია, გამომდინარე იქიდან, რომ კარიერული სუს-ის თანამშრომლები, რომლებიც მორიგი ვარსკვლავისთვის წლები მუშაობენ და ეს ორ კვირაში გენერალ-მაიორი გახდა, გასაგებია, იქ რა ხდებოდა.
სუს-იდან წამოსვლის შემდეგ, ის ფაქტობრივად ნომინალურ თანამდებობებზე იყო, ჰაერში იყო და დიდი ხანი ჰაერში აბურთავებდნენ. რეალურად მდინარაძის მთელი ეს ისტორია, ოდისეა უკავშირდებოდა კობახიძეს და კობახიძის სტერილიზაციის პროცესი მიმდინარეობდა, კობახიძის იზოლირების და დღეს ფაქტობრივად არის სიტუაცია, როდესაც კობახიძე რეალურად არაფერს აკონტროლებს, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეეძლო დალაპარაკებოდა მთავრობაში, იყო მდინარაძე დარჩენილი.
შესაბამისად, ის ახლა არის ბავშვი, მარტო სახლში დარჩენილი, რომელსაც ასანთი ჯერ კიდევ უჭირავს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ვინმემ ახლა მაინც და მაინც კოცონის დანთების საშუალება მისცეს. მდინარაძის გადადგომა არაფერს არ ნიშნავს, ეს არის პრელუდია კობახიძის ჩარეცხვის.“