კონფერენცია ბაქოში: აზერბაიჯანმა სომხეთთან დაკარგული პირების საკითხზე ახალი ინიციატივა წარადგინა
ყარაბაღის ომში დაკარგული პირები
ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც დაკარგული პირების საკითხს მიეძღვნა, აზერბაიჯანმა სომხეთთან თანამშრომლობის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატა და განაცხადა, რომ 2020 წლის ნოემბრის შემდეგ სომხეთს 2000-ზე მეტი სომეხი სამხედრო მოსამსახურის ნეშტი გადასცა. ამასთან, ბაქომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად წარადგინა ინიციატივა, რომელიც ორ ქვეყანას შორის დაკარგული პირების შესახებ ერთობლივი მონაცემთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს.
30 ივნისს გამართული კონფერენცია: „დაკარგული პირების საკითხის გადაჭრის თანამედროვე მიდგომები და თანამშრომლობის გაძლიერება“, აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და დაკარგული პირების სახელმწიფო კომისიამ დაკარგული პირების საერთაშორისო კომისიასთან (ICMP) თანამშრომლობით მოაწყო. ღონისძიებაში მონაწილეობდა ICMP-ის გენერალური დირექტორი კეტრინ ბომბერგერი.
საერთაშორისო მხარდაჭერა და მშვიდობის პროცესის მნიშვნელობა
კეტრინ ბომბერგერი მიესალმა ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა დაკარგული პირების ბედის დადგენისთვის. მისი თქმით, საერთაშორისო სამართალი სახელმწიფოებს ავალდებულებს, გამოიძიონ დაკარგული ადამიანების საქმეები და ოჯახებისთვის უზრუნველყონ სიმართლის ცოდნის, სამართლიანობისა და შესაბამისი კომპენსაციის უფლება.
ბომბერგერმა ასევე დადებითად შეაფასა აზერბაიჯანის მცდელობები შესაბამისი კანონმდებლობის განახლების მიმართულებით და ხაზი გაუსვა, რომ დაკარგული პირების საკითხის მოგვარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოჯახების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების, აქტიურ მონაწილეობას. მისივე თქმით, ICMP მზად არის ორივე ქვეყანას გაუწიოს დახმარება ამ პროცესში.
ბაქო ერევანს ინფორმაციის გაცვლისკენ მოუწოდებს
კონფერენციის ფარგლებში აზერბაიჯანელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა მზად არის სომხეთთან თანამშრომლობისთვის, თუმცა, მათი შეფასებით, ერევნის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ შარაფატ ჰასანოვის განცხადებით, აზერბაიჯანი ღიაა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, მათ შორის სომხურ მხარესთანაც, თუმცა დამატებითი ინფორმაცია ერევნისგან დღემდე არ მიუღია.
სახელმწიფო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრმა ჯეიჰუნ რზაევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელ და სომეხ სპეციალისტებს შორის პირველი შეხვედრა 2025 წლის თებერვალში გაიმართა. მისი თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ პარტნიორებს ყარაბაღის პირველი ომის დროს დაკარგული აზერბაიჯანელი მოქალაქეების შესახებ არსებული მონაცემები გადასცა და, ამავე დროს, შესთავაზა სომხური წარმოშობის დაკარგული პირების ოჯახის წევრების დნმ-ის პროფილების გამოყენება მათი იდენტიფიცირების პროცესის დასაჩქარებლად.
რზაევის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სომხურმა მხარემ განაცხადა, წარმოდგენილ მასალებს შეისწავლიდა, ამ დრომდე აზერბაიჯანს დამატებითი ინფორმაცია არ მიუღია.
საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების მცდელობა
შარაფატ ჰასანოვის განცხადებით, აზერბაიჯანი აგრძელებს ძალისხმევას, რათა დაკარგული პირების საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნდეს. მისი თქმით, 2023 წლიდან ბაქოში ამ თემაზე არაერთი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა, ხოლო მათი შედეგები გაეროს გენერალური ასამბლეისა და უშიშროების საბჭოს ოფიციალურ დოკუმენტებად გავრცელდა.
ჰასანოვმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ICMP-ს დაკარგული პირების მოძიებისა და იდენტიფიცირების სფეროში მთავარ საერთაშორისო პარტნიორად მიიჩნევს და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება.
სახელმწიფო კომისიის მდივნის, გაზანფარ ახმედოვის განცხადებით, 2027 წელს აზერბაიჯანი სპეციალიზებული მიწისქვეშა რადარის სისტემების შეძენას გეგმავს, რაც, მისი თქმით, სამძებრო სამუშაოების უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.
2000-ზე მეტი სომეხი სამხედრო მოსამსახურის ნეშტის გადაცემა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ელნურ მამედოვის განცხადებით, 2020 წლის ნოემბრიდან აზერბაიჯანმა ბრძოლის ველზე აღმოჩენილი 2000-ზე მეტი სომეხი სამხედრო მოსამსახურის ნეშტი სომხეთს გადასცა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ჰუმანიტარულ პრინციპებს ეფუძნება და მიზნად არ ისახავს შურისძიებას. მამედოვმა აღნიშნა, რომ დაკარგული პირების საკითხის გადაწყვეტა მდგრადი მშვიდობის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია.
მისივე განცხადებით, სამძებრო სამუშაოები რთულ კლიმატურ პირობებსა და ნაღმებით დაბინძურებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობდა, თუმცა აზერბაიჯანი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, მათ შორის 1949 წლის ჟენევის კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების მოთხოვნების ერთგული რჩება.
კონფერენციის მონაწილეებმა ნეშტების გადაცემა ჰუმანიტარულ ნაბიჯად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ თითოეული იდენტიფიცირებული და ოჯახისთვის დაბრუნებული ადამიანი მრავალწლიანი გაურკვევლობის დასრულების შესაძლებლობას ქმნის, ხოლო მსგავსი ქმედებები ნდობის აღდგენასა და სამშვიდობო პროცესსაც უწყობს ხელს.
განახლებული სტატისტიკა დაკარგული პირების შესახებ
კონფერენციაზე წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომისიას დაკარგულად რეგისტრირებული ჰყავს 4010 ადამიანი. მათგან 3228 სამხედრო მოსამსახურეა, ხოლო 782 კი მშვიდობიანი მოქალაქე. სამოქალაქო პირებს შორის არიან 71 არასრულწლოვანი, 288 ქალი და 319 ხანდაზმული.
ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად 3683 ადამიანის ბედი კვლავ უცნობია.
ერთობლივი მონაცემთა ბაზის შექმნის ინიციატივა
კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაკარგული პირების შესახებ ერთობლივი მონაცემთა ბაზის შექმნის შეთავაზება გახდა.
კეტრინ ბომბერგერის განცხადებით, მსგავსი მოდელი წარმატებით გამოიყენეს ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში, სადაც კონფლიქტის დასრულების შემდეგ მთავრობებმა შექმნეს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი და გაუხსნელი საქმეების საერთო მონაცემთა ბაზის მეშვეობით დაიწყეს ინფორმაციის გაცვლა.
მისი შეფასებით, მსგავსი მექანიზმი სამხრეთ კავკასიაშიც შეიძლება იქცეს თანამშრომლობისა და მშვიდობის განმტკიცების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად.
ინიციატივის თანახმად, ორივე ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ კონფიდენციალურად მიაწოდონ ინფორმაცია დაკარგული პირებისა და მათი სავარაუდო დაკრძალვის ადგილების შესახებ.
ICMP-ის მიერ შექმნილი ინფორმაციის მართვის სისტემა არსებულ მონაცემებს ერთ სივრცეში გააერთიანებს, რაც ინფორმაციის გაცვლას გაამარტივებს და ოჯახებს დაკარგული ახლობლების ბედის გარკვევის დამატებით შესაძლებლობას მისცემს.