აფხაზეთი სამხრეთ ოსეთი არ არის და მას რუსეთთან შეერთების განზრახვა არ აქვს, – ამის შესახებ ცნობილმა აფხაზმა საზოგადო მოღვაწემ, ახრა ბჟანიამ საკუთარ ბლოგზე გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა და განმარტა, რატომ მიიჩნევს ასე.
ბჟანიას განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. ხელისუფლების ცვლილების შედეგად, ოკუპირებული რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კრემლის პროტეჟე გახდა, პარალელურად კი გახშირდა განცხადებები რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო გაერთიანების შესახებ.
ახრა ბჟანია: “სუვერენული სახელმწიფოს არსებობისთვის აუცილებელია საზოგადოება, რომელიც ქმნის და მხარს უჭერს სუვერენიტეტის იდეას.
საზოგადოება, რომელიც ისტორიულად თავისუფლებას სოციალური ურთიერთობების ყველაზე ეფექტიან და უსაფრთხო ფორმად აღიქვამდა. რა გარეგანი გავლენის ცენტრებიც არ უნდა მოქმედებდნენ ასეთ საზოგადოებაზე, მისი შინაგანი ძალები ყოველთვის შეძლებენ, ის საკუთარ ტრაექტორიაზე შეინარჩუნონ.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ აფხაზების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა სიჯიუტის გამოხატულება კი არა, შეგნებული არჩევანია.
სხვაგვარად რომ ყოფილიყო, გეოპოლიტიკურად ყველა მხრიდან შეზღუდულ ქვეყანაში თავისუფალი საზოგადოების ინსტიტუტები ვერ განვითარდებოდა. არ იარსებებდა გავლენიანი ოპოზიცია, ხელისუფლების შტოების გამიჯვნა, თავისუფალი პრესა და სამართლიანი არჩევნები…
ეს ყველაფერი აფხაზეთის მოქალაქეების შინაგანი თავისუფლების გამოხატულებაა, ხოლო თავისუფლება რეალიზებას მოითხოვს – საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ სახელმწიფოში.
ჩაატარეთ ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევა და კითხვაზე, რატომ სურთ დამოუკიდებლობა, აფხაზების 90 პროცენტი გიპასუხებთ, რომ თავად სურთ ქვეყნის მართვა, საჭირო კანონების მიღება და საკუთარი მომავლის განსაზღვრა. მხოლოდ 10 პროცენტი იტყვის, რომ დამოუკიდებლობა სჭირდება იმისთვის, რათა საქართველოში ცხოვრება თავიდან აიცილოს.
აფხაზეთის მოქალაქეებისთვის თავისუფლება, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური არჩევანია და მხოლოდ ამის შემდეგ ანტიიმპერიული.
ჩვენ თავისუფლად ცხოვრება იმიტომ გვინდა, რომ თავს თავისუფალ ადამიანებად ვგრძნობთ და არა იმიტომ, რომ ვინმესგან გამოყოფა ან ვინმესთვის რაიმეს დამტკიცება გვსურს.
ამ კონტექსტში, ჩვენი მეგობრებისა და ძმების არჩევანისადმი სრული პატივისცემის პირობებში, სამხრეთ ოსეთის შესაძლო შეერთება რუსეთის ფედერაციასთან მხოლოდ კიდევ ერთხელ დაადასტურებს აფხაზეთის, როგორც განსაკუთრებული შემთხვევის სტატუსს პოსტსაბჭოთა სივრცეში.
ეს მხოლოდ გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციებს, აჩვენებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობისადმი ურყევ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მისი აღიარებისკენ სწრაფვას.“