ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
PACE-ს რეზოლუცია
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის, პოლიტიკური რეპრესიებისა და ღრმა ინსტიტუციური კრიზისის შესახებ მწვავე შეშფოთებაა გამოთქმული.
რეზოლუციის პროექტი, სახელწოდებით „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“, ეფუძნება საქართველოს მონიტორინგის საკითხებში თანამომხსენებლების ანგარიშს. დოკუმენტი ასამბლეის წინა შეფასებებს იმეორებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა, ასევე ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, ოპოზიციასა და კრიტიკულ ხმებზე, კვლავ გრძელდება.
მსგავსი რეზოლუციის მიღება ხდება რამდენიმე წელიწადში ერთხელ იმ 10 სახელმწიფოს მიმართ, რომლებიც მონიტორინგის პროცედურის ქვეშ იმყოფებიან.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და მათი ლიდერების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს ერთპარტიული მმართველობისა და დიქტატურისკენ უბიძგებს. ასამბლეა მოითხოვს ოპოზიციის აკრძალვის პროცესის შეწყვეტასა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დასრულებას.
PACE-ის შეფასებით, ქვეყანაში არსებული ზეწოლისა და მწვავე პოლარიზაციის ფონზე, ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი პირობები არ არსებობს. ასამბლეა “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიწყოს ღია და ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორთან.
რეზოლუციაში ასევე მკაცრად არის გაკრიტიკებული გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა, დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა. დოკუმენტი მოითხოვს იმ კანონების გაუქმებას, რომლებიც რეპრესიულად არის შეფასებული, მათ შორის:
- “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი;
- “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი;
- ბოლო პერიოდში მიღებული სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც კრიტიკოსების შეფასებით, სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვას ემსახურება.
ასამბლეა ასევე შეშფოთებას გამოთქვამს პოლიციის მხრიდან ძალადობის, დაკავებულთა შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო და მოითხოვს ამ ფაქტებზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას.
რეზოლუციაში მხარდაჭერილია ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის დასკვნები, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეასრულოს მასში წარმოდგენილი რეკომენდაციები.
დამატებით შესწორებებში ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს შემდეგ საკითხებზე:
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა;
- მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და მისი ჯანმრთელობის გაუარესება: რეზოლუცია მოითხოვს მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას;
- ცნობები საქართველოს შესაძლო როლის შესახებ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის სქემებში;
- აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის დეპორტაციის საქმე;
- შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო აქტივობა და ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობის გეგმა.