ბელგოროდის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი რუსეთის ელჩი გახდება აფხაზეთში. გლადკოვი, როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილისა და აფხაზეთის “კურატორის“, სერგეი კირიენკოს პროტეჟეა.
აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი თავის ბლოგში კრემლის ამ ახალი საკადრო გადაწყვეტილების მნიშვნელობას განიხილავს.
ინალ ხაშიგი წერს, რომ გლადკოვის ელჩად დანიშვნა მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, სოხუმში მოსალოდნელი საკადრო ცვლილების შესახებ აპრილის ბოლოსთვის უკვე იცოდნენ.
ინალ ხაშიგი: “ის ფაქტი, რომ გლადკოვი ახალი ელჩი იქნება, გასაკვირი არ ყოფილა. მოსალოდნელი საკადრო ცვლილების შესახებ სოხუმში აპრილის ბოლოს უკვე იცოდნენ.
მოსკოვმა, სავარაუდოდ, ეს კანდიდატურა წინასწარ შეათანხმა აფხაზეთის ხელისუფლებასთან და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო გლადკოვის დიპლომატიურ თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშვნის პროცესი.
რას ნიშნავს ახალი ელჩის მოსვლა?
სხვადასხვა მედიასაშუალების ცნობით, გლადკოვი კრემლის პოლიტიკური ბლოკის ხელმძღვანელის, სერგეი კირიენკოს გარემოცვის მხარდაჭერით სარგებლობს, რომლის პასუხისმგებლობის არეალშიც აფხაზეთი შედის. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ უფრო კოორდინირებული იქნება, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.
ელჩის შეცვლის აუცილებლობა საკმაოდ აშკარა იყო. სწორედ წინა ელჩის, მიხაილ შურგალინის დროს მოხდა რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებში ყველაზე მძიმე კრიზისი, რამაც პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ვადაზე ადრე გადადგომა გამოიწვია 2024 წლის ნოემბერში.
ამის შემდეგ აფხაზეთის ოპოზიცია მოსკოვის კეთილგანწყობას კარგავდა და “ანტირუსულ ძალად“ იყო წარმოჩენილი, თუმცა სინამდვილეში ასე არ ყოფილა.
ძნელი სათქმელია, რა როლი ითამაშა შურგალინმა ამ ნარატივის შექმნაში, მაგრამ 2022 წელს ელჩად დანიშვნის შემდეგ აშკარა იყო, რომ ის აფხაზეთის ოპოზიციასთან კავშირს არ ამყარებდა.
კრემლის მიერ აფხაზეთში სიტუაციის სტაბილიზაციის ამჟამინდელი პოლიტიკის კონტექსტში, მათ შორის რუსეთ-აფხაზურ ურთიერთობებში არსებული “უხეში ლაქების“ გამოსწორების სურვილის გათვალისწინებით, ელჩის შეცვლა სრულიად ლოგიკურ ნაბიჯად მეჩვენება.
დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ელჩის, ვიაჩესლავ გლადკოვის წინაშე მდგარი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა აფხაზეთის მთელ პოლიტიკურ სპექტრთან ნორმალური კომუნიკაციის აღდგენა.“