საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიში
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაერტიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება საპროტესტო აქციების დროს ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე და გააუქმოს ან არსებითად შეცვალოს კანონმდებლობა, რომელიც, მისი შეფასებით, ზღუდავს შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
მემორანდუმში, რომელიც კომისარმა საქართველოში აპრილში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ 2025 წლის მარტში წარმოდგენილი რეკომენდაციები კვლავ აქტუალურია და მათი შესრულება აუცილებელია.
რა წერია მემორანდუმში
● ო’ფლაერტი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ ბრალდებების ეფექტიან გამოძიებაზე. მისი თქმით, აუცილებელია როგორც უშუალო შემსრულებლების, ისე ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის სრულყოფილი შესწავლა, დაზარალებულებისთვის კი შესაბამისი რეპარაციების უზრუნველყოფა.
● კომისარი ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველა სამართალდამცავისთვის სავალდებულო გახდეს მკაფიოდ ხილული და ინდივიდუალურად იდენტიფიცირებადი საიდენტიფიკაციო ნომრის ტარება. იგი ასევე რეკომენდაციას უწევს გამოძიების გაფართოებას 2023 წლის მარტის, 2024 წლის გაზაფხულისა და 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის დასაწყისამდე გამართული საპროტესტო აქციების დროს დაფიქსირებულ არასათანადო მოპყრობის ყველა სარწმუნო შემთხვევაზე.
● მემორანდუმში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების საკითხს. კომისარი მოითხოვს ამ შემთხვევების დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და საფუძვლიან გამოძიებას გაეროს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და შედეგების საჯაროდ გამოქვეყნებას.
● დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების სრულად აღსრულების აუცილებლობა, მათ შორის საქმეებზე, რომლებიც სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და შეკრების თავისუფლების დარღვევას შეეხება.
● მარტის რეკომენდაციების გარდა, კომისარი შეშფოთებას გამოხატავს 2025 წლის განმავლობაში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო. მისი შეფასებით, ცვლილებები “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში საჭიროებს გადახედვას, გაუქმებას ან არსებით ცვლილებას, რათა ისინი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში მოვიდეს.
● ო’ფლაერტი მიიჩნევს, რომ დაცული უნდა იყოს სპონტანური შეკრების უფლება და გაუქმდეს მშვიდობიანი პროტესტის მიმართ დაწესებული ზოგადი შეზღუდვები. ამასთან, შეკრებების კონტექსტში თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე უნდა გამოიყენებოდეს.
● კომისარი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევისა და სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის საქმეებზე, გააძლიეროს თვითნებური დაკავებისგან დაცვის მექანიზმები და უზრუნველყოს ეფექტიანი ანგარიშვალდებულება უკანონო საპოლიციო პრაქტიკისთვის.
● მემორანდუმში ცალკე არის აღნიშნული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ დაწყებული მოკვლევები და სისხლის სამართლის საქმეები. კომისარი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს მსგავსი პროცესები, აღადგინოს ორგანიზაციების წვდომა საბანკო ანგარიშებზე და გააუქმოს GEOFARA-სთან, გრანტების, მაუწყებლობისა და სხვა შესაბამის კანონებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები.
● დოკუმენტის დასასრულს კომისარი ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ნებისმიერი ისეთი ნაბიჯისგან, რომელიც თვითნებურად ზღუდავს დემოკრატიულ თავისუფლებებს, პოლიტიკურ პლურალიზმსა და მოქალაქეთა მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ხელისუფლების რეაქცია
საქართველოს ხელისუფლება მაიკლ ო’ფლაერტის კრიტიკას უარყოფს და აცხადებს, რომ ბოლო წლებში მიღებული ყველა საკანონმდებლო ცვლილება სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, ო’ფლაერტის შეფასებები “სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია“ და უფრო პოლიტიკური ხასიათისაა. მისი განცხადებით, კომისრის ანგარიშში არ არის მითითებული კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის ადამიანის უფლებებთან შეუსაბამობაზე მიუთითებს.
გორდულაძემ ასევე გაიხსენა ო’ფლაერტის წინა მოწოდებები “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმების თაობაზე და განაცხადა, რომ კომისარი მხარს უჭერს პოლიტიკას, რომელსაც მმართველი გუნდი ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ამიტომ ო’ფლაერტის მიმდინარე კრიტიკა ხელისუფლებისთვის სანდო არ არის.
“მაიკლ ო’ფლაერტი ითხოვდა სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა დაშვებული ყოფილიყო, ინცესტის აკრძალვა გაუქმებულიყო – მისი კრიტიკა დაცლილია სამართლისგან, ჩვენი კანონები შესაბამისობაშია უფლებების ევროპულ ქარტიასთან.” – თქვა გორდულაძემ.