ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია და ამაზე სრული პასუხისმგებლობა მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას“ ეკისრება.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ უკან დაიხია იმ ცხრა პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით, რომლებიც ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად განსაზღვრა. ამის გამო, რეზოლუციის ავტორების შეფასებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა “მხოლოდ სახელწოდებით“.
რეზოლუციის ავტორია ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.
ევროკავშირის შეფასება საქართველოს პროგრესზე
დოკუმენტში მოყვანილია ევროკავშირის გაფართოების კომისრის, მარტა კოსის შეფასებაც, რომლის თანახმად, ევროკომისიის 2025 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ “ყველაზე ცუდი ანგარიშია, რომელიც ოდესმე კანდიდატი ქვეყნისთვის მომზადებულა“.
რეზოლუცია აღნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა თითქმის ყველა ძირითად სფეროში ფიქსირდება. დოკუმენტის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია, საკონსტიტუციო სასამართლო, პროკურატურა, ეროვნული ბანკი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას მოკლებულნი არიან.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის მოთხოვნით შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო მოგვიანებით გაუქმდა.
არჩევნები და დემოკრატიული ინსტიტუტები
რეზოლუცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს “გაყალბებულად“ აფასებს და აღნიშნავს, რომ 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებს ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ ბოიკოტი გამოუცხადა.
ევროპარლამენტი ასევე აკრიტიკებს საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლებმაც საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა შეუზღუდა.
პოლიტპატიმრები და ოპოზიციის წარმომადგენლების საქმეები
დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ რეპრესიებსა და პოლიტპატიმრების საკითხს ეთმობა. რეზოლუციის თანახმად, საქართველოში 48 პოლიტპატიმარი და კიდევ 68 წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირია, რომლებიც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ბრალდებებით არიან დაკავებულები.
ანგარიში ასევე მოითხოვს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული საფუძვლებით გათავისუფლებას და მისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის მიცემას.
რეზოლუციაში ცალკეა გამოყოფილი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე. დოკუმენტი კრიტიკულად აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებს, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ კანონმდებლობასა და ხელისუფლების კრიტიკის კრიმინალიზების მცდელობებს.
ცალკე მუხლი ეთმობა ელენე ხოშტარიას დაკავების საქმეს. ევროპარლამენტი გმობს მისი დაკავებისას არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე
ანგარიშში მოხსენიებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეც. დოკუმენტის მიხედვით, ღარიბაშვილი პატიმრობაში კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენისა და დანაშაულის აღიარების შემდეგ აღმოჩნდა.
ამასთან, რეზოლუციის ავტორები სერიოზულ ეჭვებს გამოთქვამენ იმის შესახებ, შეესაბამებოდა თუ არა მის წინააღმდეგ წარმოებული პროცესი სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს. მათი შეფასებით, ეს საქმე ასახავს უფრო ფართო პრობლემებს, მათ შორის პოლიტიკურად გავლენიან მართლმსაჯულებას, არაფორმალურ ძალაუფლებრივ სტრუქტურებსა და “ქართული ოცნების“ შიდა დაპირისპირებებს, სადაც ყურადღება ბიძინა ივანიშვილის როლზეც არის გამახვილებული.
სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
რეზოლუცია ევროკავშირს მოუწოდებს, დააწესოს მიზნობრივი სანქციები “ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და გარემოცვის წინააღმდეგ.
დოკუმენტში ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც საქართველოს პოლიტიკური სისტემის მთავარი გავლენის მქონე ფიგურა და ქვეყნის პროევროპული კურსის ცვლილებაზე პასუხისმგებელი პირი.
პროსამთავრობო ტელევიზიების შესახებ
რეზოლუცია მკაცრად გმობს “ქართული ოცნების“ მოკავშირე მედიასაშუალებების, მათ შორის “იმედის“, “პოსტვისა“ და “რუსთავი 2“-ის როლს ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების, კერძოდ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატების წინააღმდეგ სისტემატური დეზინფორმაციის, ცილისმწამებლური კამპანიებისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს მიერ ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებას “იმედის“ და “პოსტვის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადახედონ ასეთი მედიასაშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის ინსტიტუტებში და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მიჰყვნენ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს და მიიღონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდველი ზომები იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დეზინფორმაციული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე, მათ შორის ევროკავშირის გლობალური ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმის ფარგლებში.
რუსეთი, ჩინეთი და ირანი
რეზოლუცია ასევე ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, მოსკოვისთვის სანქციების შესაძლო გვერდის ავლის სქემებს, ჩინეთისა და ირანის მზარდ გავლენას საქართველოში, ასევე აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას.
ჩინეთთან დაკავშირებით ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩინური სახელმწიფო კომპანიის მონაწილეობის გამო.
ირანის შემთხვევაში კი დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკური და ფინანსური ქსელების გამოყენების რისკებზე, რომლებიც, დეპუტატების შეფასებით, შესაძლოა სანქციების გვერდის ავლასა და ფულის გათეთრებას ემსახურებოდეს.