"კულტურას ჩვენ შორის ნდობის აღდგენა შეუძლია " — პუტინის სპეციალური წარმომადგენელი თბილისში იმყოფებოდა
გაზიარება
გაზიარება
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი თბილისში
თბილისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობაში მიხაილ შვიდკოი ეწვია. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი იუწყება.
შვიდკოი, რომელიც ამავდროულად მოსკოვის მიუზიკლის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, თბილისში ამავე თეატრის დადგმების – “ცირკის პრინცესისა“ და “რევერსის“ კინოსპექტაკლის ჩვენებას დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში მან განაცხადა, რომ კულტურას შეუძლია რუსეთსა და საქართველოს შორის ნდობის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
“მგონია, რომ კულტურა ის სფეროა, რომელსაც შეუძლია აღადგინოს ნდობის ატმოსფერო, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობდა. ხალხები ყოველთვის ერთმანეთისკენ ისწრაფვიან და ჩვენ საკმაოდ ღრმა კავშირები გვაკავშირებს,“ – განაცხადა შვიდკოიმ.
მისი თქმით, მოსკოვის თეატრის წარმოდგენები შესაძლოა ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან კონტაქტების გაღრმავების საფუძველი გახდეს.
“ვფიქრობ, ეს ჩვენს კოლეგებში ინტერესს გამოიწვევს, რადგან გვსურს, საქართველოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, გავაცნოთ თანამედროვე რუსული ხელოვნება – ფერწერა, კინემატოგრაფია და თანამედროვე არტისტების შემოქმედება. ცხადია, გავაკეთებთ მხოლოდ იმას, რაც ჩვენი ქართველი პარტნიორებისთვის მისაღები და კომფორტული იქნება, თუმცა, ჩემი აზრით, ასეთ კულტურულ ინიციატივებს საკუთარი მნიშვნელობა აქვს,“ – თქვა მან.
შვიდკოიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ღიაა ქართველი ხელოვანებისა და შემსრულებლებისთვის.
“უნდა ითქვას, რომ რუსეთში მრავალი ქართველი არტისტი საქმიანობს. დიდი ქართული კოლექტივები რეგულარულად მართავენ გასტროლებს, ხოლო არაერთი ცნობილი მუსიკოსი და შემსრულებელი ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში,“ – განაცხადა მან.
ეს ბოლო სამი თვის განმავლობაში მიხაილ შვიდკოის საქართველოში მეორე ვიზიტია. მანამდე იგი რუსული დელეგაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის რანგში იმყოფებოდა თბილისში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.