დეპუტატ ნინო წილოსანის პოსტზე კომენტარისთვის, ადვოკატი შოთა თუთბერიძე 4000 ლარით დააჯარიმეს
გაზიარება
გაზიარება
შოთა თუთბერიძე პოსტისთვის დააჯარიმეს
ადვოკატ შოთა თუთბერიძეს დეპუტატ ნინო წილოსანის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო 4000-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო.
საქმე ერთ-ერთ პირველ პრეცედენტად განიხილება იმ სამართლებრივი მექანიზმის ფარგლებში, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
საქმე ეხება 2026 წლის 2 ივნისს ნინო წილოსანის მიერ კანადაში ვიზიტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ფეისბუკ-პოსტს, რომელზეც შოთა თუთბერიძემ კომენტარი დატოვა. აღნიშნულის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო.
გამოძიება შსს-ს “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ“ წარმართა. უწყებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმით იხელმძღვანელა, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხება.
შოთა თუთბერიძის კომენტარი
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ საქმე მნიშვნელოვანი პრეცედენტია და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე სახელმწიფოს რეაგირების ახალ პრაქტიკას აყალიბებს.
“აღმოჩნდა, რომ ჩემს პოსტზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარი იყო პირველი პრეცედენტი და მიხარია, რომ დამკვიდრდა ძალიან კარგი პრაქტიკა და კონკრეტული რეაგირება მოჰყვა იმ შეურაცხყოფებს, რომელსაც ასე უხვად აფრქვევენ განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები“, – თქვა წილოსანმა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში.
მისივე თქმით, შოთა თუთბერიძე “ნაციონალების ადვოკატია“ და მისთვის შეურაცხმყოფელი განცხადებები “ჩვეულებრივი მოვლენაა“, თუმცა, როგორც აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილებამ არა მხოლოდ კონკრეტულ პირს, არამედ სხვებსაც მისცა სიგნალი, რომ მსგავსი ქმედებები რეაგირების გარეშე აღარ დარჩება.
რა არის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილმა სამმართველომ ფუნქციონირება პირველ ივნისს დაიწყო. უწყების განცხადებით, სამმართველოს მთავარი ამოცანა, საჯარო სივრცეში გავრცელებული, ადამიანის ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი განცხადებების გამოვლენა იქნება. რომლებიც, შესაძლოა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს მოიცავდეს.
შსს-ის ინფორმაციით, სამმართველო პროაქტიულ რეჟიმში დააკვირდება საჯაროდ გავრცელებულ განცხადებებს. იგი გამოავლენს სავარაუდო სამართალდამრღვევ პირებს და დაადგენს მათ ვინაობას.
იგივე სამმართველო მოამზადებს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს და შეადგენს ოქმებს. ამის შემდეგ საქმეები, განსჯადობის წესების დაცვით, სასამართლოებს გადაეგზავნება.
უწყების ცნობით, საწყის ეტაპზე სამმართველოში ათი საშტატო თანამშრომელი იმუშავებს. ახალი დანაყოფის საქმიანობა იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში განხორციელდება, რომელიც უკვე მოქმედებს.