"(გულბაათ რცხილაძემ) ჩვენი ხალხების დაახლოებისთვის მართლაც ბევრი გააკეთა" — მარია ზახაროვა
გაზიარება
გაზიარება
მარია ზახაროვა გულბაათ რცხილაძეზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი შეშფოთებულია საქართველოში ჯაშუშობის საქმეზე დაკავებული გულბაათ რცხილაძის ბედით.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოქალაქე დააკავეს ფაქტობრივად რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მან საქართველოში საჯარო სივრცეში “რუსოფობიის მონიტორინგის პროექტის” დაწყება დააანონსა.
გიორგი უძილაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 5 მაისს დააკავა. პროკურატურის განცხადებით, ის უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით, მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას, რაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა.
უძილაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჯაშუშობისთვის აქვს წარდგენილი. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მარია ზახაროვა: “მე ვნახე ეს ცნობები [გულბაათ რცხილაძის დაკავების შესახებ] და დავაზუსტე იმ კოლეგებთან, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. მათ მითხრეს, რომ ის მათთვის კარგად არის ცნობილი, როგორც ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საჯაროდ, გულწრფელად და ყოველგვარი დამალვის გარეშე რუსეთისა და საქართველოს შორის არსებული უთანხმოებების დაძლევას, ასევე ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების უჭერდა მხარს.
ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ მან მართლაც ბევრი გააკეთა ჩვენი ხალხების დაახლოებისთვის. ის იკვლევდა ჩვენს საერთო წარსულს, ეწეოდა მემორიალურ საქმიანობას, მათ შორის იძიებდა დიდი სამამულო ომის წლებში დაღუპულებს, აღადგენდა ძეგლებს და იცავდა ისტორიულ სიმართლეს. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ფაშიზმზე გამარჯვებაში ქართველი ხალხის დიდ და ფასდაუდებელ წვლილზე.
ყველა ამ საქმიანობას იგი ღიად და ოფიციალურად ახორციელებდა.
ასევე მსურს აღვნიშნო, რომ ის დააკავეს ფაქტობრივად რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც საქართველოში საჯარო სივრცეში რუსოფობიის მონიტორინგის პროექტის დაწყება დააანონსა.
როგორც ჩანს, გარკვეული ძალები ქსენოფობიის გამოვლინებების შესახებ ინფორმაციის საერთაშორისო საზოგადოებისთვის დამალვით არიან დაინტერესებულნი.
რა თქმა უნდა, მისი ბედი არ შეიძლება არ გვაღელვებდეს. ასევე დავაზუსტებ, რომ მისი მზრუნველობის ქვეშ იმყოფება მძიმედ ავადმყოფი ხანდაზმული მამა. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ამ საკითხში გარკვევას. უდავოდ, პატივს ვცემთ ამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და კანონმდებლობას, თუმცა, თქვენი კითხვის საპასუხოდ, ჩვენი შეფასებებიც გაგიზიარეთ.”