ქრთამის აღებისთვის დააკავეს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე
გაზიარება
გაზიარება
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყოფილი მაღალჩინოსანი, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.
ახობაძე იმ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე იყო, რომელიც ასევე ბრალდებულია დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში.
ლევან ახობაძის ადვოკატი ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი იქნება.
სუს-ის განცხადებით, საქმე უკავშირდება 2024 წლის აპრილში ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე კერძო მეწარმისთვის 40 მილიონი რუსული რუბლის ჩამორთმევის ფაქტს. უწყების ცნობით, თანხა არადეკლარირებული იყო და მისი მოცულობა ეროვნული ბანკის იმდროინდელი კურსით დაახლოებით 1.16 მილიონ ლარს შეადგენდა.
საქართველოს კანონმდებლობით, 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის არადეკლარირებულად გადატანა ან გადმოტანა ითვალისწინებს თანხის ღირებულების 10%-ის ოდენობით ჯარიმას ან თანხის კონფისკაციას.
სუს-ის ცნობით, მეწარმემ თანხის დაბრუნების მიზნით შესაბამის უწყებებს კანონით დადგენილი წესით მიმართა, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ, გამოძიების ვერსიით, ლევან ახობაძე შუამავლების მეშვეობით დაუკავშირდა მას და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებაში დახმარებას დაჰპირდა.
უწყების განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგად, მეწარმემ კანონით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა გადაიხადა და 2024 წლის 30 აპრილს ლარსის საბაჟოზე ჩამორთმეული თანხა დაიბრუნა. ამის შემდეგ, სუს-ის მტკიცებით, ახობაძემ დახმარების სანაცვლოდ 500 000 ლარი მოითხოვა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი მოწმის ჩვენების მიხედვით, იმდროინდელი სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევის შემდეგ მოთხოვნილი თანხა 250 000 ლარამდე შემცირდა. უწყების ცნობით, თანხა შუამავალს გადაეცა, რომელმაც ის იმავე დღეს ლევან ახობაძეს მის სამუშაო კაბინეტში მიუტანა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სუს-ის განცხადებით, გამოძიება გრძელდება სხვა შესაძლო მონაწილე პირების გამოვლენისა და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.
2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი. პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.
გამოძიების მტკიცებით, ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან, ჩაღათაი ულქერისგან, ერთი მილიონი დოლარი აიღო ქრთამის სახით. თანხა, პროკურატურის განცხადებით, ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის შუამავლობით გადაეცა და მიზნად ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული მემორანდუმის გაფორმებისთვის ლობირება ისახავდა.