უკრაინა განიხილავს რუსეთთან ე.წ. „აეროპორტების ზავის“ შეთანხმების შესაძლებლობას. საუბარია შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც მხარეები თავს შეიკავებენ აეროპორტებზე თავდასხმებისგან. კიევი იმედოვნებს, რომ ამ ინიციატივის განხილვაში ევროპული ქვეყნები ცალკე როლს შეასრულებენ.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ Politico-სთან კომენტარში განაცხადა.
„ჩვენ, ალბათ, გვჭირდება ევროპის ახალი როლი ჩვენს სამშვიდობო ძალისხმევაში. შესაძლოა, ვცადოთ ე.წ. აეროპორტების ზავის მიღწევა“, – თქვა სიბიჰამ.
მისი თქმით, იდეა აეროპორტების ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისგან ორმხრივად თავის შეკავებას გულისხმობს. სიბიჰა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა დაინტერესდეს ასეთი შეთანხმებით, რადგან უკრაინის შორი მოქმედების იერიშების ფონზე რუსული აეროპორტები სულ უფრო მოწყვლადი ხდება.
„შესაძლოა, ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა, პლატფორმის ან სპეციალური ჯგუფის შექმნით, შეძლონ ამ ზავის განხილვა“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სიბიჰამ ასევე თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს იდეა უკვე განიხილა რამდენიმე ევროპელ ლიდერთან.
ამავე დროს, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კიევი ევროპას არ სთავაზობს, შეცვალოს აშშ რუსეთთან მოლაპარაკებებში.
„ეს უნდა იყოს დამატებითი მიმართულება – არა ჩანაცვლება და არა ალტერნატივა“, – თქვა მან.
კიევი: რუსეთი უკრაინელი ბავშვების გაცვლის სიებში ჩართვას სთავაზობდა
ცალკე სიბიჰამ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას სთავაზობდა გატაცებული უკრაინელი ბავშვების გაცვლის სიებში ჩართვას. უკრაინელი მინისტრის თქმით, კიევი ასეთ მიდგომას მიუღებლად მიიჩნევს.
ამის შესახებ მან ბრიუსელში, უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საერთაშორისო კოალიციის სხდომაზე განაცხადა, იუწყება „უკრინფორმი“.
სიბიჰას თქმით, უკრაინელი ბავშვების დაბრუნება ნებისმიერი სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი უნდა იყოს.
„დღეს მინდა ეს ოფიციალურად განვაცხადო: უკრაინელი ბავშვების ბედი არასდროს გახდება რაიმე კომპრომისის ნაწილი. რუსეთი უკვე გვთავაზობდა ბავშვების გაცვლის სიებში ჩართვას. მაგრამ ეს მიუღებელია. ბავშვების თავისუფლება უპირობოა“, – თქვა მან.
მინისტრის თქმით, უკრაინამ შეძლო 2 ათასზე მეტი ბავშვის დაბრუნება. სიბიჰამ ხაზი გაუსვა, რომ ეს შესაძლებელი გახდა არა საერთაშორისო მექანიზმების მუშაობის შედეგად, არამედ დიდწილად იმის მიუხედავად, რომ ეს მექანიზმები არ ამოქმედდა.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს ბავშვების დეპორტაციის თემის მნიშვნელობის დაკნინებას და საერთაშორისო დღის წესრიგიდან მის ამოღებას მოითხოვს.
„ისინი ითხოვენ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას. მათ ესმით, რომ დანაშაულს სჩადიან და მართლმსაჯულების ეშინიათ“, – თქვა სიბიჰამ.
უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია
Bring Kids Back Ukraine-ის პლატფორმის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინიდან 20 ათასზე მეტი ბავშვი გაიყვანა. უკრაინის მონაცემებით, მათგან 2083 ბავშვის დაბრუნება მოხერხდა.
2023 წლის 17 მარტს ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთში ბავშვთა უფლებების საკითხებში უფლებამოსილი პირის, მარია ლვოვა-ბელოვას, დაპატიმრების ორდერები გასცა. მათ ბრალი ედებათ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციასა და გადაყვანაში.
2023 წლის ივლისში უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა დაიწყო გამოძიება უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში ბელარუსის წითელი ჯვრის შესაძლო მონაწილეობის შესახებ.