საქართველოს მოსახლეობას სესხი გაუძვირდება — სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა
საქართველოს მოსახლეობას სესხი გაუძვირდება
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 6 მაისის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა და 8.25 პროცენტამდე აიყვანა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს თითქმის 250 000 მოქალაქეს სესხი გაუძვირდება. განაკვეთი 2024 წლის მაისიდან 8 პროცენტზე უცვლელად იყო შენარჩუნებული.
ეროვნული ბანკის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავებამ და ჰორმუზის სრუტის გავლით სატრანსპორტო მარშრუტების შეფერხებებმა გლობალური მიწოდების ახალი შოკი წარმოქმნა, რაც საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასების ზრდაში აისახა. ამ პროცესებმა, სებ-ის თანახმად, როგორც წარმოების ხარჯები, ისე ტრანსპორტირების ღირებულება გაზარდა და ინფლაციური წნეხი გააძლიერა.
ბანკის განცხადებით, ნავთობის ფასების ზრდის ეფექტი საქართველოს ბაზარზეც უკვე აისახა საწვავის გაძვირებით. აპრილში მთლიანი ინფლაცია 5.9 პროცენტამდე გაიზარდა, რაც მიზნობრივ 3-პროცენტიან მაჩვენებელს აღემატება. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გარეშე ითვლება, 3.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 3.7 პროცენტი.
სებ აღნიშნავს, რომ შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორების დაჩქარება მიუთითებს როგორც გრძელვადიანი ინფლაციური პროცესების, ისე ინფლაციური მოლოდინების გაძლიერებაზე, რაც მეორე რაუნდის ეფექტების რისკებს ზრდის, მიუხედავად იმისა, რომ მაჩვენებლები კვლავ მიზნობრივ დონესთან ახლოს რჩება.
ეკონომიკური აქტივობის კუთხით, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა გეოპოლიტიკური შოკების ფონზე მდგრადობას ინარჩუნებს. წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მარტში ეკონომიკური ზრდა 10.7 პროცენტი იყო, ხოლო პირველ კვარტალში 9.1 პროცენტი. ბანკის შეფასებით, ზრდას ძირითადად მაღალი პროდუქტიულობის სექტორები განაპირობებს, რაც მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს ნაწილობრივ აბალანსებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეფასებით, განაკვეთის ზრდა მიზნად ისახავს ინფლაციური მოლოდინების მიზნობრივ დონესთან შესაბამისობაში შენარჩუნებას. ბანკის ცენტრალური სცენარის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მეორე კვარტალში დასრულებაა მოსალოდნელი, თუმცა აღნიშნული დაშვება მაღალი გაურკვევლობით ხასიათდება. ასევე ხაზგასმულია, რომ გლობალური მიწოდების ჯაჭვების აღდგენას შესაძლოა ხანგრძლივი დრო დასჭირდეს.
სცენარების ანალიზის ფარგლებში კომიტეტმა განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური განვითარების ვარიანტები. მაღალინფლაციური სცენარი მოიაზრებს კონფლიქტის გახანგრძლივებას, საერთაშორისო ფასების დამატებით ზრდას და მიწოდების ჯაჭვების უფრო ფართომასშტაბიან დარღვევებს, რაც ინფლაციას ცენტრალურ პროგნოზზე მაღლა აიყვანს და მონეტარული პოლიტიკის უფრო მკაცრ ტრაექტორიას მოითხოვს.
სებ-ის განმარტებით, დაბალინფლაციური სცენარის შემთხვევაში, გეოპოლიტიკური დაძაბულობის სწრაფი შემცირება საერთაშორისო ბაზრებზე ფასების წნეხს შეამცირებს, ტრანსპორტირების ხარჯებს შეამსუბუქებს და გლობალური ინფლაციური ზეწოლა შემცირდება, რაც მონეტარული პოლიტიკის უფრო სწრაფ ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.
კომიტეტის შეფასებით, მიმდინარე პირობებში პოლიტიკის განაკვეთის 8.25 პროცენტამდე გაზრდა ზომიერ გამკაცრებას წარმოადგენს და მიზნად ისახავს ინფლაციის ეტაპობრივ დაბრუნებას 3-პროცენტიან სამიზნე დონემდე მიწოდებითი შოკების ამოწურვის შემდეგ. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ განაგრძობს ეკონომიკური და ინფლაციური ტენდენციების მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის შემდგომ კორექტირებას არ გამორიცხავს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 17 ივნისს არის დაგეგმილი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კომენტარი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას თქმით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა წინასწარი, პრევენციული ნაბიჯია, რომელიც გლობალური ბაზრებიდან მომდინარე ინფლაციურ რისკებს ეხმაურება.
მისი განმარტებით, ინფლაციაზე მთავარი ზეწოლა ამ ეტაპზე ენერგომატარებლების, განსაკუთრებით კი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასების მერყეობას უკავშირდება. თურნავამ აღნიშნა, რომ ეს ტენდენცია აპრილის ინფლაციის მონაცემებშიც აისახა და მნიშვნელოვან წილად სწორედ გარე ფაქტორებმა განსაზღვრეს ფასების ზრდა.
როგორც მან თქვა, საქართველოს მსგავს იმპორტდამოკიდებულ ეკონომიკას განსაკუთრებით სენსიტიურად ეხება გლობალური ენერგეტიკული შოკები და ახლო აღმოსავლეთში არსებული გაურკვევლობა, რომელიც ნავთობის ბაზარზე დამატებით რყევებს ქმნის.
თურნავას განცხადებით, გადაწყვეტილება განაკვეთის მცირე ზრდის შესახებ სწორედ ამ რისკების წინასწარ განეიტრალებას ისახავს მიზნად. მისი თქმით, ცენტრალური ბანკის ამოცანაა ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაცია და ფასების გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველყოფა.

“აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუნდაც მცირე ბიჯით გაგვეზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რაც ატარებს მკვეთრად გამოხატულ პრევენციულ ხასიათს. ეს არის ინფლაციური წნეხის, ინფლაციური რისკების ჩვენზე გადმოცემის პრევენცია… რათა დავაზღვიოთ სტაბილური ფასების დონე და ეტაპობრივად დავაბრუნოთ ინფლაცია მიზნობრივ 3%-თან“, — განაცხადა მან.
თურნავას შეფასებით, მიუხედავად არსებული გაურკვევლობისა, ეროვნული ბანკი ცდილობს ინფლაციური ზეწოლის მართვას ისე, რომ ეკონომიკამ საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის ტრაექტორია შეინარჩუნოს.