აფხაზეთში დავობენ, ვინ უნდა განსაზღვროს კომუნალური მომსახურებების ტარიფები
კომუნალური მომსახურებების ტარიფები აფხაზეთში
აფხაზეთში მიმდინარეობს დავა იმაზე, თუ ვინ უნდა განსაზღვროს კომუნალური მომსახურებების ტარიფები, ცენტრალურმა ხელისუფლებამ თუ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა.
ე.წ. მთავრობის სურვილი, საკუთარ თავზე აიღოს ტარიფების პოლიტიკა, მოულოდნელ წინააღმდეგობას წააწყდა მუნიციპალიტეტების მხრიდან, კონკრეტულად კი ქალაქებისა და რაიონების საკრებულოებისგან.
აფხაზეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი “აფხაზეთის რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ, სახელმწიფო ფასების რეგულირების სფეროში“.
დეპუტატებს შორის მნიშვნელოვანი დისკუსია არ გამართულა, რადგან თავდაპირველად ცვლილებები ტექნიკურ კორექტირებად აღიქმებოდა, კერძოდ კი იმ უფლებამოსილების გადაცემად, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელ-კომუნალურ მომსახურებებზე ტარიფების განსაზღვრა ადგილობრივი ხელისუფლებიდან მთავრობას უნდა გადასცემოდა.
თუმცა, როგორც ჩანს, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა გაცილებით დაძაბული იქნება. მუნიციპალური ორგანოების მკვეთრად ნეგატიურმა რეაქციამ უკვე აჩვენა, რომ დეპუტატები ერთსულოვნები აღარ იქნებიან.
პირველებმა პროტესტი სოხუმის საკრებულოს წევრებმა გამოთქვეს. მათი შეფასებით, საუბარი არ არის მხოლოდ ტექნიკურ ცვლილებაზე, არამედ გაცილებით სერიოზულ საკითხზე.
სოხუმის საკრებულოს დეპუტატის, ასტამურ გემუას თქმით, საკითხი ეხება პასუხისმგებლობას მოქალაქეების წინაშე.
“მოქალაქეები ჩვენ მოგვმართავენ სხვადასხვა პრობლემით – წყლის, ნაგვის, ელექტროენერგიის საკითხებზე. როდესაც საქმე ტარიფებს ეხება, ჩვენ ვერ დავრჩებით განზე, რადგან ადამიანებისთვის ეს მხოლოდ ციფრები არ არის, ეს მათი ოჯახის ბიუჯეტია.
თუ ქალაქის საკრებულოს ჩამოერთმევა ტარიფებზე კონტროლი, ჩემი აზრით, მოქალაქეებს ნაწილობრივ ეზღუდებათ დაცვაც. როდესაც ადგილობრივი კონტროლი ქრება და ქალაქის აზრი აღარ არის მნიშვნელოვანი, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ვინ დაიცავს მათ ინტერესებს?“ – განაცხადა გემუამ.
სოხუმის საკრებულოში მიაჩნიათ, რომ ტარიფების განსაზღვრის უფლებამოსილების მინისტრთა კაბინეტისთვის გადაცემა, ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხის ერთდროულად გადაწყვეტის გარეშე, სერიოზულ დისბალანსს შექმნის.
ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილებები მიიღება რესპუბლიკურ დონეზე, ხოლო ფინანსური, სოციალური და ინფრასტრუქტურული შედეგები ადგილობრივ ხელისუფლებაზე გადავა. თუ მთავრობის მიერ დადგენილი ტარიფები ეკონომიკურად არასაკმარისი აღმოჩნდება, მუნიციპალური საწარმოები ზარალს განიცდიან.
სოხუმის საკრებულოს პროტესტს მხარი დაუჭირა ტყვარჩელის რაიონის საკრებულომ. ეს რეგიონი აფხაზეთში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფად მიიჩნევა, რის გამოც ტარიფების ზრდის საკითხი ადგილობრივი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა.
ტყვარჩელის საკრებულომ ერთხმად უარყო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კომუნალური ტარიფების დადგენის უფლება მთავრობას უნდა გადაეცეს. ისინი არგუმენტად არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონს, არამედ კონსტიტუციასაც ასახელებენ.
არსებული ტენდენციით, წინააღმდეგობა შესაძლოა სხვა რეგიონებშიც გავრცელდეს და აფხაზეთის სხვადასხვა საკრებულოებიც შეუერთდნენ ტარიფებთან დაკავშირებული ცვლილებების წინააღმდეგ პროტესტს.