"გახარია საქართველოსთვის“ ხელისუფლებას განმარტებებს სთხოვს ჟენევის ფორმატის შესაძლო ცვლილებაზე
ჟენევის ფორმატის ცვლილება
საქართველოს ოპოზიციურმა პარტიამ “გახარია საქართველოსთვის“ ხელისუფლებას საჯარო განმარტებებისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოლაპარაკებების ალტერნატიული ფორმატის ძიებაზე მუშაობს, მათ შორის, ჟენევის დისკუსიების “ნეიტრალურ ტერიტორიაზე“ გადატანის შესაძლებლობაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესაძლო გადატანა სხვა ლოკაციაზე, მათ შორის მინსკში, კვლავაც აქტუალურ თემად რჩება, დისკუსიაში კი განსაკუთრებული ყურადღება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაწილეობის საკითხს ეთმობა.
პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ინიციატივა სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის კუთხით. ისინი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვენ, დაადასტუროს ან უარყოს მონაწილეობა ე.წ. კონფიდენციალურ მოლაპარაკებებში და განმარტოს, რა პოზიცია აქვს სახელმწიფოს აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით.
ოპოზიციის შეფასებით, ბოლო თვეებში ქართული მხარე არ ასაჯაროებს არც ჟენევის ფორმატის ფარგლებში გამართული შეხვედრების შინაარსს და არც “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) მუშაობის დეტალებს. ამ ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში, მათი თქმით, პერიოდულად ვრცელდება რუსეთის მიერ კონტროლირებული მედიის ცნობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ “საგანგაშო“ სიგნალებს შეიცავს.
განცხადებაში მკვეთრადაა გაკრიტიკებული მმართველი პარტიის პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. “გახარია საქართველოსთვის“ ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მოქმედებები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს თბილისი თანდათან ეთანხმება მოსკოვის ნარატივს, მათ შორის, 2008 წლის ომის შეფასების საკითხში.
ამ კონტექსტში პარტია იხსენებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც უკავშირდება სოფელ ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოს განთავსებას, გადაწყვეტილებას, რომელსაც მაშინ ხელისუფლება უსაფრთხოების ზომად ასაბუთებდა, ხოლო დღეს, ოპონენტების თქმით, მასზე კრიტიკა ემთხვევა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების რიტორიკას.
სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2019 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტყეში საგუშაგო განთავსდა. საპასუხოდ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების” სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, რაც შსს-მ არ დააკმაყოფილა.
მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლებამ გიორგი გახარიას ჩორჩანის საგუშაგოს გახსნაზე ბრალი წაუყენა და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ფორმატის “ნეიტრალურ სივრცეში“ გადატანა ან მისი ჩანაცვლება პრაქტიკულად ნიშნავს დასავლური ჩართულობის შესუსტებას, რაც, მათი შეფასებით, პირდაპირ აზიანებს საქართველოს პოზიციებს.
ამ ფონზე, ოპოზიცია მთავარ კითხვას სვამს: მოქმედებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად, თუ მისი პოლიტიკა თანხვედრაში მოდის რუსეთის სტრატეგიულ მიზნებთან?
ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია აღნიშნულ საკითხზე ამ ეტაპზე უცნობია.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყდა ყველანაირი პირდაპირი დიალოგი. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, სადაც რუსეთი და საქართველო სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებთან და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა ჰუმანიტარულ საკითხზე იმსჯელებდა. ჟენევაში წელიწადში 4 რაუნდი ტარდება.