"ქართულმა ოცნებამ" ახალი სარჩელით ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალს პარტია "ფედერალისტები" დაამატა
ასაკრძალი პარტიები
მმართველი პარტია “ქართული ოცნება“ გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით ახალი სარჩელით მიმართოს და ამავე დროს, მანამდე შეტანილი განაცხადი უკან გაიწვიოს. განახლებული სარჩელი მოიცავს დამატებით პოლიტიკურ სუბიექტს – პარტია “ფედერალისტებს“, რაც პარტიათა ჩამონათვალის გაფართოებას ნიშნავს.
“ქართული ოცნების” პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებულ ახალ საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმომწერი დეპუტატების ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა. საკონსტიტუციო სარჩელს პარლამენტის 89 წევრი აწერს ხელს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება უკავშირდება 2 მარტს ოპოზიციური გაერთიანების მიერ ხელმოწერილ დეკლარაციას. მისი თქმით, მმართველი გუნდი აფასებს იმ პარტიების გავლენას, რომლებიც აღნიშნულ ალიანსში მონაწილეობენ, თუმცა ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური პროცესის ძირითად ლიდერებად მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია მიიჩნევიან.
პაპუაშვილის განმარტებით, თავდაპირველი სარჩელი სამი პარტიის – “ნაციონალური მოძრაობის“, “კოალიცია ცვლილებებისთვის“ და “ლელოს“ – წინააღმდეგ იყო მიმართული, ახალ განაცხადში კი მათ “ფედერალისტებიც“ დაემატებიან. მმართველი პარტია აღნიშნავს, რომ ცვლილება სარჩელის “დაკორექტირებასა“ და გაფართოებას ემსახურება.
ოპოზიციურ სპექტრში ამ ნაბიჯს განსხვავებული ინტერპრეტაცია მოჰყვა. პარტია “ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლო აკრძალვა მათ პოლიტიკურ გეგმებზე გავლენას არ მოახდენს. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის ნაბიჯი უფრო პროცედურულ მოტივებს უკავშირდება და მიზნად ახალი ვადის ათვლის დაწყებას ისახავს.

თამარ ჩერგოლეიშვილი: “რეჟიმს გადაუწყვეტია, პარტია ფედერალისტებიც აგვკრძალოს. ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება, იმიტომ რომ სანამ ერთ პარტიას მაინც კრძალავენ, იმის მიუხედავად, ჩვენ ამ პარტიასთან რა დამოკიდებულება გვაქვს, ვთვლით, რომ პოლიტიკური პროცესი კვდება და ჩვენ არანაირ ფორმალურ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ და რეჟიმის დეკორაცია არ გავხდებით.
რასაკვირველია, ჩვენ ყველა სხვა პარტიას კონკურენტად აღვიქვამთ, მაგრამ კონკურენტების დამარცხება თანასწორ ველზე, სამართლიან ბრძოლაში გვინდა და არა ბიძინა ივანიშვილის აკრძალვების შედეგად.
რეჟიმს ეს ყველაფერი ახლა იმიტომ დასჭირდა, რომ წინა სარჩელს 9-თვიანი ვადა გასდის, იმის თავი არ აქვს, მიადგეს და ის 3 პარტია აკრძალოს, ამიტომ ახალი ვადა სჭირდება და შესაბამისად, ის 9-თვიანი გამოითხოვეს და ახალი შეიტანეს, რომ ვადის ათვლა ახლიდან დაიწყოს. ეს რეჟიმის სისუსტის დემონსტრაციაა და სხვა არაფრის.
ჩვენ აქციით, სანქციითა და ალტერნატივით, რეჟიმს დათმობებზე წამოსვლას ვაიძულებთ და ამის შედეგად, ბუნებრივია, რეჟიმი შეიცვლება და სათავეში დემოკრატიული ხელისუფლება მოვა, რომლის ნაწილი პარტია ფედერალისტებიც ვიქნებით – და ქვეყანაში დავამყარებთ სამართლიანობას; მოქალაქეებს უსაფრთხოებას მოვუტანთ; სამოქალაქო თავისუფლებებს აღვადგენთ, ანუ ყველა რუსულ კანონს გავაუქმებთ. ამის მიღმა, საარჩევნო კანონმდებლობას შევცვლით იმისთვის, რომ ადამიანებმა არჩევანის უფლება დაიბრუნონ და შემდეგ სამართლიანმა სასამართლომ უზრუნველყოს ის, რომ მათი არჩევანი ყოველთვის დაცული იქნება და ივანიშვილის მსგავსი ავაზაკები ვერ მიიტაცებენ.”
2025 წლის შემოდგომაზე მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლის მიხედვითაც სამი უმსხვილესი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვას ითხოვს. ეს პარტიებია: “ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა“, “ლელო — ძლიერი საქართველო“, და “კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა“. პარალელურად, ხელისუფლებამ საჯაროდ მიანიშნა იმ პარტიათა უფრო ფართო ჩამონათვალზეც, რომლებიც შესაძლოა მსგავსი ზეწოლის სამიზნე გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ იმ პარტიებმა, რომელთა აკრძალვასაც ოცნება აპირებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სადაო მონაცემებითაც კი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჯამში 623 299 ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღო, რაც 49 სადეპუტატო მანდატს და ხმების 30.01 პროცენტს შეადგენს.