ოპოზიციის ალიანსმა ფასების შესამცირებლად საკუთარი ხედვა წარადგინა
ფასების შემცირება
ოპოზიციიის ალიანსმა ქვეყანაში გაზრდილი ფასების ფონზე, ეკონომიკური სწრაფი რეაგირების გეგმა წარადგინა და ხელისუფლებას საგადასახადო ტვირთის დაუყოვნებლივ შემცირებისკენ მოუწოდა. ინიციატივა მიზნად ისახავს ფასების შემცირების მიზნით საწვავზე აქციზის გადასახადის განახევრებას, ხოლო დამატებითი ღირებულებისა და საშემოსავლო გადასახადების თითო-თითო პროცენტით შემცირებას.
მყისიერი ეკონომიკური ჩარევის მოთხოვნა
წარდგენილი გეგმის ბირთვს სწრაფი და პირდაპირი ზომები წარმოადგენს. ალიანსი ითხოვს საწვავზე აქციზის განახევრებას, საშემოსავლო და დამატებითი ღირებულების გადასახადების (დღგ) თითო პროცენტული პუნქტით შემცირებას. ასევე, მოგებისა და დივიდენდის გადასახადების ერთი პროცენტული პუნქტით შემცირებას.
მათი შეფასებით, ეს ცვლილებები ეკონომიკაში დაახლოებით 1.6 მილიარდ ლარს დატოვებს, ეს თანხა მოქალაქეების ჯიბეში დარჩება და ფასების ზრდის ზეწოლას შეამსუბუქებს. ოპოზიციის გათვლებით, აღნიშნული ნაბიჯები საწვავის ფასსაც შეამცირებს დაახლოებით 20 თეთრით, რაც ჯაჭვურ ეფექტს გამოიწვევს და სხვა პროდუქტებსა და სერვისებზე ფასების ზრდის ტემპს შეანელებს.
ამჟამად საქართველოში საშემოსავლო გადასახადი – რომელიც ყველასთვის უნივერსალურია – 20%-ს შეადგეს; ხოლო დღგ – 18%-ს; მოგების გადასახადი 15%-ია, დივიდენდისა კი – 5%.
სისტემური პრობლემების კრიტიკა
ალიანსის განცხადებაში ასევე მწვავედ არის გაკრიტიკებული ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა. ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში ფასების ზრდა არა მხოლოდ გლობალური ფაქტორებით, არამედ შიდა პოლიტიკითაც არის განპირობებული, მათ შორის კორუფციით, მაღალი საგადასახადო და რეგულაციური ტვირთით და ინსტიტუციური სისუსტით.
ოპოზიციის შეფასებით, ეროვნული ბანკი პოლიტიზებულია, სასამართლო სისტემა – არასამართლებრივი, ხოლო ბიუჯეტი მმართველი ჯგუფის ინტერესებს ემსახურება. მათი განცხადებით, ეს გარემო ინვესტიციების შემცირებას იწვევს და ბიზნესისთვის ხარჯებს ზრდის, რაც საბოლოოდ მომხმარებელზე აისახება.
პარალელი საერთაშორისო პრაქტიკასთან
ოპოზიცია ხაზს უსვამს, რომ ენერგომატარებლების გლობალური კრიზისის ფონზე, რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა გადასახადების შემცირებით სცადეს მოსახლეობის დაცვა. მათ შორის ასახელებენ გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთსა და შვედეთს. მათი თქმით, მსგავსი მიდგომა საქართველოში არ გამოიყენება, რადგან ხელისუფლება მაღალ გადასახადებს ბიუჯეტის შევსების მარტივ გზად განიხილავს.
ძირითადი ფაქტორები
ოპოზიციური ალიანსი ფასების ზრდის მიზეზებად რამდენიმე ძირითად ტენდენციას ასახელებს:
- გაზრდილი საგადასახადო ტვირთი;
- ფულის მასის მკვეთრი ზრდა;
- შიდა ვალის ზრდა;
- უცხოური ინვესტიციების შემცირება;
- ენერგომატარებლებზე აქციზის ზრდა;
- კორუფციული და ბიუროკრატიული ხარჯები.
მათი შეფასებით, ეს ფაქტორები ერთად ქმნის გარემოს, სადაც ფასები სისტემურად იზრდება და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება.
საშუალო და გრძელვადიანი ხედვა
გრძელვადიან პერსპექტივაში, ოპოზიცია ეკონომიკური მოდელის გადახედვას მოითხოვს. მათ გეგმაში შედის საგადასახადო და ბიუროკრატიული ტვირთის შემცირება, შიდა ვალის სტაბილიზაცია, ეროვნული ბანკის დეპოლიტიზაცია და დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება.
ასევე, საუბარია კორუფციის გავლენის შემცირებაზე და ეკონომიკის უფრო ღრმა ინტეგრაციაზე განვითარებულ ბაზრებთან, რაც, მათი აზრით, უცხოური ინვესტიციების ზრდას შეუწყობს ხელს.
ბიუჯეტის გადანაწილების წინადადება
ინიციატივა მოიცავს ბიუჯეტის შიდა რესტრუქტურიზაციასაც. ოპოზიცია “სხვა ხარჯების”, სუბსიდიებისა და ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას სთავაზობს, რათა მიღებული დანაზოგი, დაახლოებით 1.6 მილიარდი ლარი, საგადასახადო შეღავათების დასაფინანსებლად გამოიყენოს.
მათი განცხადებით, ეს შემცირება არ შეეხება სახელფასო ხარჯებს, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებს.
ოპოზიციის ხედვით, ასეთი გადანაწილება შესაძლებელს გახდის, რომ საგადასახადო შეღავათები ბიუჯეტზე დამატებითი ზეწოლის გარეშე განხორციელდეს და ეკონომიკაში მეტი თავისუფალი რესურსი დარჩეს.