Freedom House: საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც ტრანსნაციონალური რეპრესიების ტაქტიკას იყენებენ
გაზიარება
გაზიარება
Freedom House-ის ანგარიში
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველო იმ ქვეყნების სიას შეუერთდა, რომლებიც ტრანსნაციონალური რეპრესიის ტაქტიკებს იყენებენ.
ორგანიზაციის 2026 წლის სპეციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ “რეპრესიის განმახორციელებელი სახელმწიფოების ჯგუფი გაფართოვდა“ და ექვსი ახალი ქვეყანა გამოვლინდა, როგორც ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის მომხმარებელი: ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე.
ანგარიშის მიხედვით, ტრანსნაციონალური რეპრესია გულისხმობს სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქეების დევნას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ შორის აქტივისტების, ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და დიასპორის წევრების მიმართ.
დოკუმენტი მიუთითებს, რომ 2025 წლის მდგომარეობით, სულ მცირე 54 სახელმწიფოს აქვს მცდელობა “გააჩუმოს საზღვარგარეთ მყოფი დისიდენტები“, რაც მსოფლიოს ქვეყნების მეოთხედზე მეტს შეადგენს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ასეთი ქმედებები მოიცავს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ მეთოდებს: უკანონო დაკავებებს, იძულებით დაბრუნებას, საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენებას და ზეწოლას უცხოეთში მცხოვრებ პირებზე.
Freedom House ასევე მიუთითებს, რომ ტრანსნაციონალური რეპრესია ხშირად ხორციელდება სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობით, რაც უცხო ქვეყნებში მყოფი დისიდენტების დაცვის პროცესს ართულებს.
საქართველოს შემთხვევაში, ანგარიში კონკრეტულ მაგალითებს არ ასახელებს. ქვეყანა დოკუმენტში მხოლოდ ერთხელ, ერთ აბზაცშია მოხსენიებული.
ანგარიშის ავტორების შეფასებით, ტრანსნაციონალური რეპრესიის ზრდა სერიოზულ გამოწვევას ქმნის როგორც ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ისე იმ დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისთვის, სადაც დისიდენტები თავშესაფრის პოვნას ცდილობენ.