ოფიციალურმა თბილისმა ილჰამ ალიევს უმასპინძლა. შეხვედრა შედგა ბიძინა ივანიშვილთანაც. მთავარი აქცენტები და შეფასებები
ალიევის ვიზიტი საქართველოში
6 აპრილს საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ესტუმრა. მან შეხვედრები გამართა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერთან ირაკლი კობახიძესთან. შეხვდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსაც. ივანიშვილმა მას სოლოლაკში, თავის შუშის სასახლეში უმასპინძლა.
- ილჰამ ალიევი: საქართველო-აზერბაიჯანი მესამე ქვეყნებში ერთობლივ ინვესტირებას განიხილავენ
- “მთავარ თემად რეგიონული უსაფრთხოება და მშვიდობა დასახელდა” – ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა
ოფიციალური ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი მიზანი იყო საქართველო–აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ტრანზიტისა და რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით.
პროტოკოლური შეხვედრების მიღმა, კობახიძესა და ყაველაშვილთან, ამ ვიზიტის მთავარი ინტრიგა ივანიშვილთან შეხვედრა იყო. შეხვედრის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რაც “ქართული ოცნების” გვერდმა გამოაქვეყნა – უხმო კადრები შუშის სასახლიდან და ფორმალური, მშრალი ტექსტი.
ალიევის ვიზიტმა და შეხვედრამ ივანიშვილთან, “ქართული ოცნების” კრიტიკოსებსა და პოლიტიკის მიმომხილველებში ბევრი კითხვა გააჩინა. მთავარი კითხვაა – რას ცდილობს მისი მეშვეობით ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი.
კონტექსტი
ალიევის ვიზიტამდე დღე-ნახევრით ადრე, მოულოდნელად, შუაღამით, საქართველოდან ალიევის რეჟიმის კრიტიკოსი, აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი გააძევეს.
ის გვიან ღამით დააკავეს, პოლიციელისთვის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის მიყენების საფუძვლით. არასამუშაო დღეს, შაბათს, შუაღამეს გაუმართეს სასამართლო პროცესი, დააჯარიმეს და დაადეპორტეს.
გამთენიას ჟურნალისტი უკვე ბაქოში იყო. მისი უფლებადამცველები შიშობენ, რომ იქ მას დააპატიმრებენ ან მოკლავენ.
ასევე, ალიევის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, საქართველოში კერძო თვითმფრინავით ჩამოფრინდა მისი ყოფილი სიძე, მისი შვილიშვილების მამა, მომღერალი და ბიზნესმენი ემინ აგალაროვი.
ვიდეოში, რომელიც მან Instagram-ზე გამოაქვეყნა, ჩანს რომ მას საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა უმასპინძლა. ის სტუმარს აეროპორტში დახვდა.
ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ მედიამ არაფერი იცოდა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში აზერბაიჯანის დროშები გამოფინეს. მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალური ინფორმაცია მხოლოდ 6 აპრილის დილით გაავრცელა.
ბოლო ერთი წელზე მეტია, მას შემდეგ, რაც „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს, აზერბაიჯანი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყნიდან, ვისთანაც საქართველოს ყველაზე ინტენსიური ურთიერთობა აქვს.
ალიევმა ბაქოში არაერთხელ უმასპინძლა საქართველოს დელეგაციებს, მათ შორის, “ქართული ოცნების” პრემიერ ირაკლი კობახიძეს, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს.
საქართველოშიც ხშირად ჩამოდიან დელეგაციები აზერბაიჯანიდან მინისტრების დონეზე. თვეში 2-3-ჯერ მაინც ხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში ფეიგ გულიევს.
ძირითადად აზერბაიჯანის დელეგაციებთან შეხვედრების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს საქართველოს ხელისუფლება, ევროპული ვიზიტებიდანაც, სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში.
თავად პრეზიდენტი ალიევი საქართველოში ბოლოს სამი წლის წინ, 2023 წლის ოქტომბერში იყო. მაშინ იგი იმდროინდელ პრემიერს, ამჟამად პატიმარ, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
რაზე ისაუბრეს შეხვედრებზე – მთავარი საკითხები
მიხეილ ყაველაშვილთან ალიევის შეხვედრა, მეტწილად, პროტოკოლური იყო. პრეზიდენტმა ალიევს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა, საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნების ფონზე.
მთავარი ოფიციალური შეხვედრები კობახიძესთან და შემდეგ, მთავრობის წევრებთან იყო. ეს შეხვედრები მედიისთვის დახურული იყო, მათი დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებები კი ძალიან ზოგადი.
ერთობლივ ბრიფინგზე, რომელიც შეხვედრის შემდეგ გამართეს ალიევმა და კობახიძემ, მედია მიწვეული არ იყო. ამიტომ, შეხვედრების თემატიკაზე ვიცით მხოლოდ ის, რაც ოფიციალურად თქვეს.
ამ ინფორმაციის თანახმად, შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს – ორმხრივ თანამშრომლობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კავშირებზე, ინვესტიციებსა და რეგიონის უსაფრთხოებაზე.
ახსენეს “შუა დერეფანიც” და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაც. თუმცა, რა იგულისხმება ახლო აღმოსავლეთში და იყო თუ არა საუბარი ირანში მიმდინარე მოვლენებზე, არ დაუკონკრეტებიათ. ისევე როგორც, არაფერი კონკრეტული არ უთქვამს კობახიძეს “შუა დერეფანზე”, რომლის მთავარ ინიციატორთან, შეერთებულ შტატებთან, ახლა საქართველოს ოფიციალურად ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ არსებობს პოტენციალი როგორც საქართველოში, ისე მესამე ქვეყნებში ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის.
„დღეს საუბარი გვქონდა ახალ შესაძლებლობებზე, ახალ პროექტებზე როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს მიმართულებით. შესაძლოა განვიხილოთ მესამე ქვეყნებში საერთო ინვესტიციები“, – განაცხადა ალიევმა.
ირაკლი კობახიძემ ალიევი მოიხსენია როგორც “საქართველოს ძვირფასი მეგობარი”, მადლობა გადაუხადა მას ვიზიტისთვის, თქვა, რომ მიესალმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს, „ახალ ინიციატივებს“ და მზად არის დიალოგის ხელშეწყობისთვის.
ალიევისგან კი ბევრი “კომპლიმენტი” მიიღო:
“საქართველო დინამიურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა აქვს ძალიან თვალსაჩინო. თქვენ ძალიან კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო შექმენით ქვეყანაში და ძალიან ბევრ უცხოელ ინვესტორს, მათ შორის, აზერბაიჯანელ ინვესტორებს ექმნებათ ძალიან კარგი გარემო, რომ ამ წარმატებაში დამატებითი წვლილი შეიტანონ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ ზრდას. თქვენ ხართ გარანტორი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა განვითარდება საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ალიევმა.
შეხვედრა ივანიშვილთან – უხმო კადრები შუშის სასახლიდან

დღის მეორე ნახევარში, ილჰამ ალიევს სოლოლაკში, შუშის სასახლეში, ოლიგარქმა ივანიშვილმა უმასპინძლა. ამ შეხვედრის ამსახველი კადრები, რომელშიც საუბარი არ ისმის, “ქართული ოცნების” პრესსამსახურმა გაავრცელა.
ვიდეომასალაში ჩანს, რომ პირადად ივანიშვილი ათვალიერებინებს ალიევს სასახლეს და ხედებს თბილისზე, შემდეგ კი, ერთობლივ სადილზე პატიჟებს.
„ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული მშვიდი და სტაბილური ვითარების მხარდაჭერისთვის, ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გამოწვევებით აღსავსე გარემოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ორი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა მაქსიმალური ძალისხმევის ფასად შეინარჩუნონ მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება“, – ვკითხულობთ “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იქვე ნათქვამია, რომ ალიევმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის:
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, სტაბილური და საინტერესო ადგილი ინვესტიციებისთვის. პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორმხრივ პროექტებზე, ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე აზერბაიჯანული ბუნებრივი რესურსების ექსპორტის პროცესში“.
მეტი დეტალი არც ამ შეხვედრის შესახებ ვიცით.
შეფასებები
ალიევის ვიზიტის მთავარი ინტრიგა მისი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა იყო. დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილი ასეთ ოფიციალურ შეხვედრებს ქვეყანაში ჩამოსულ დელეგაციებთან აღარ მართავს.
ბოლო ასეთი ხმაურიანი შეხვედრა, მის სასახლეში, 2025 წლის სექტემბერში, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანთან გვახსოვს. მაშინ სოციალურ მედიაში დიდხანს იყო განხილვის თემა, ივანიშვილის მანერები შეხვედრისას – თავის დახრა მისალმებისას, რაც ზოგადად, ოლიგარქ ივანიშვილს არ სჩვევია.
სოციალურ ქსელში დილიდან განიხილავდნენ, რომ ალიევთან შეხვედრა ივანიშვილს რაღაც კონკრეტული მიზნით სურდა. აკავშირებდნენ დისიდენტი ჟურნალისტის, სადიგოვის გაძევებასთან, რის სანაცვლოდაც, ივანიშვილი “რაღაცას გამოივაჭრებდა ალიევისგან”.
განიხილებოდა ორი მთავარი საკითხი – ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევები, ვინაიდან საქართველო, რეგიონში არსებული კრიზისული ვითარების ფონზე, ფაქტობრივად, სრულიად იზოლირებულია ყველასგან, ვისაც მისი დაცვა შეუძლია. და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, თეონა აქუბარდია, ხაზს უსვამს ამ ვიზიტის მოულოდნელობას:
“მესამე წელია პრეზიდენტი ალიევი საქართველოში არ ყოფილა. ბოლოს ის 2023 წელს იყო თბილისში, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობდა. მისი ჩამოსვლა საკმაოდ მოულოდნელია, წინასწარ არ ყოფილა ეს დაანონსებული. ეს გარკვეულწილად მიჩენს განცდას, რომ ერთ მხრივ, შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს ირანის კრიზისს”, – ამბობს იგი
მისივე თქმით, მეორე საკითხი არის ახალი გეოპოლიტიკური ვითარება:
“რომელიც ტრამპის მშვიდობით და ახალი დერეფნების მშენებლობის პროცესში აზერბაიჯანს გააჩნია, ისევე როგორც სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან. მან დავოსის ფორუმზე ისაუბრა, რომ როდესაც რკინიგზის დაკავშირებადობა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სრულად იქნებოდა უზრუნველყოფილი, საქართველო აღარ იქნებოდა საჭირო,“ – განაცხადა აქუბარდიამ “პალიტრანიუსის” ეთერში.
პოლიტიკის მიმომხილველი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” შესაძლოა არც ჰქონდა დიდი გათვლა ალიევის ვიზიტთან დაკავშირებით:
“მისი ამოცანა ბანალურია, შეხედეთ – ვიღაცები ჩამოდიან კიდევაც”, – ამბობს იგი. უფრო მნიშვნელოვანი მისთვის ალიევის ინტერესია:
“აზერბაიჯანი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიური დერეფნით. ეს მნიშვნელოვანი საკვანძო ადგილია ამ ტურბულენტურ სამყაროში, სადაც უსაფრთხო მარშრუტები, ფაქტობრივად, აღარ დარჩა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დერეფნის განვითარება, რაშიც სერიოზული დაყოვნება გვაქვს ჩვენი ხელისუფლების გამო“,– ამბობს იგი.
ის გამორიცხავს, რომ ალიევი “ქართულ ოცნებას” შესაძლოა ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვაში ან ლეგიტიმაციის მოპოვებაში დაეხმაროს:
“ის სხვა ტიპის ლიდერია. მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება აქ ხელისუფლებაში. ყველა ხელისუფლებასთან კარგ ურთიერთობაში იყო. ის პერსონალურ არჩევანს არ აკეთებს. ჩვენ ალიევს ვჭირდებით როგორც მომსახურე”, – დასძენს ხუხაშვილი.
ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შარაშიძე ასევე ხაზს უსვამს ამ ვიზიტის გვიან დაანონსებას და ამბობს, რომ ეს იყო ვიზიტი გზავნილით, რომ საქართველოში მთავარი ფიგურა ივანიშვილია და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვისაც ურთიერთობების “დალაგება” სურს:
“ეს ვიზიტი იყო იმიტომ, რომ ალიევი შეხვედროდა ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ვიზუალური გამოვლინება იმისა, ვინ არის ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები. კარგად ჩანს, რა პოზიციას იკავებს კობახიძე და როგორ არიან წინა პლანზე ივანიშვილი და ალიევი. ალიევის და ივანიშვილის შეხვედრა არის გზავნილი იმის შესახებ, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არის და იქნება და ვისაც სურს „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობის დალაგება, უნდა მიიღოს „ოცნება“ ისეთად, როგორიც არის. სავარაუდოდ ეს არის ამის მორიგი დემონსტრაცია. ჩემი აზრით, ეს ნაკლებად არის შიდა მოხმარების გზავნილი, უფრო მეტად საერთაშორისო, ყველაზე მეტად აშშ-სთვის“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ალიევის ვიზიტი საქართველოში