საქართველო: ჯარში გაწვევის წესებში ცვლილებები შედის. რა უნდა ვიცოდეთ
თავდაცვის კოდექსში ცვლილებები შედის
საზღვარგარეთ დროებით წასული წვევამდელი ვალდებული იქნება, ჯარში გაწვევის შეტყობინების მიღებისთანავე საქართველოში დაბრუნდეს და გაწვევის კომისიაში გამოცხადდეს. ამას გარდა, ჩაბარებულად ჩაითვლება უწყება, რომელიც გაწვევაზე პასუხისმგებელი ორგანოს საიტზე გამოქვეყნდება, – საქართველოს თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის ავტორი თავდაცვის სამინისტროა, უკვე შევიდა პარლამენტის დღის წესრიგში და თავდაცვის კომიტეტმა მას პირველივე მოსმენით დაუჭირა მხარი.
საზღვარგარეთ მყოფი წვევამდელების ახალი ვალდებულებები
ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი ასპექტი საზღვარგარეთ მყოფი წვევამდელების ვალდებულებებს უკავშირდება. კანონპროექტის მიხედვით, ისინი სამხედრო გაწვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე უნდა დაბრუნდნენ საქართველოში “გონივრულ ვადაში“ და გამოცხადდნენ შესაბამის კომისიაზე.
მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როცა ის სამხედრო გაწვევაზე პასუხისმგებელი ორგანოს ვებგვერდზე აიტვირთება – ეს შეეხება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მყოფ წვევამდელებსაც.
თუ პირისთვის შეტყობინების ჩაბარება სხვა გზებით ვერ ხერხდება, მაგალითად, სატელეფონო, ელექტრონული ან ფოსტის საშუალებით, უწყება ვალდებულია იგი ვებგვერდზე გამოაქვეყნოს არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა. ასეთ შემთხვევაში, შეტყობინება ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან მეშვიდე კალენდარულ დღეს, ხოლო მოქალაქეს ევალება კომისარიატში ათი დღის ვადაში გამოცხადება.
შეტყობინების ჩაბარების წესები
კანონპროექტი დეტალურად განსაზღვრავს, როგორ უნდა მოხდეს გამოძახების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მათ შორის, გათვალისწინებულია რამდენიმე ფორმა:
- პირისთვის შეტყობინების/უწყების ჩაბარება, რაც დასტურდება ხელმოწერილი დოკუმენტით, ან უარის შემთხვევაში — შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაფორმებული აქტით;
- ტექნიკური ან კომუნიკაციის საშუალებით გაგზავნა, რაც დასტურდება უკუკავშირით;
- შეტყობინების საჯაროდ გამოქვეყნება ოფიციალურ ვებგვერდზე.
შეტყობინება შესაძლოა ჩაბარდეს არა მხოლოდ თავად წვევამდელს, არამედ მისი ოჯახის სრულწლოვან წევრსაც, რომლის განსაზღვრაც მთავრობის დადგენილებით მოხდება.
ტერმინოლოგიური ცვლილებები კანონში
ცვლილებები ეხება სხვა კანონმდებლობასაც. კერძოდ, “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში იცვლება ფორმულირება: ფრაზა “სათანადო შეტყობინების მიღებისთანავე“ ჩანაცვლდება უფრო მკაცრი ფორმით – “სათანადო შეტყობინების/უწყების ჩაბარებისთანავე“, რაც იურიდიულად უფრო მკაფიო ვალდებულებას ქმნის.
სამხედრო მოსამსახურეების პარალელური საქმიანობა
კანონპროექტი ასევე არეგულირებს სამხედრო მოსამსახურეების პარალელურ დასაქმებას. თავდაცვის სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მათ შეეძლებათ დროებით იმუშაონ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის:
- სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი და სამედიცინო საქმიანობა;
- საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო;
- სახელმწიფო ან სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში, მათ შორის საავიაციო სექტორში;
- საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობა, პარტნიორობის ან სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში.
ასეთი საქმიანობა შეზღუდულია მაქსიმუმ ერთწლიანი ვადით და საჭიროებს სამინისტროს თანხმობას, ზოგ შემთხვევაში კი მის უშუალო მონაწილეობას შერჩევის პროცესში.
კონტრაქტის შეწყვეტის შედეგები
ცვლილებები ეხება საკონტრაქტო სამხედრო სამსახურსაც. თუ სამხედრო მოსამსახურე კონტრაქტს თვითნებურად შეწყვეტს და მას ერთ წელზე ნაკლები აქვს ნამსახურები, იგი გადაყვანილი იქნება 8-თვიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პირს აქვს გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი.
მათთვის, ვისაც ერთ წელზე მეტი აქვს ნამსახურები, გათვალისწინებულია რეზერვში ჩარიცხვა.
საკანონმდებლო პროცესი
ცვლილებების მიღების შემთხვევაში, სამხედრო გაწვევის ადმინისტრირების პროცესი უფრო ცენტრალიზებული და ფორმალიზებული გახდება, განსაკუთრებით კი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან.