"ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს“ — აქტივისტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მიუსაფარი ცხოველები
40-ზე მეტი ორგანიზაცია და ათასობით ცხოველმოყვარული აქტივისტი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ისინი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწყებულ მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის პროგრამას აკრიტიკებენ.
განცხადების მიხედვით, სააგენტოს საპილოტე პროგრამა 9 000 ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციასა და ვაქცინაციას მოიცავდა კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში. თუმცა აქტივისტები ამტკიცებენ, რომ პროგრამის განხორციელებისას სერიოზული ხარვეზები გამოვლინდა.
მათივე ინფორმაციით, სააგენტო ცხოველების მნიშვნელოვან ნაწილს უკან აღარ აბრუნებდა, ხოლო მიმკედლებლებს – ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებს უვლიან – არ აწვდიდა ინფორმაციას მათი ადგილსამყოფელის შესახებ.
“სააგენტოს, ასევე, მასობრივად მიჰყავდა უკვე სტერილიზებული და შესაბამისად, საჭდით მონიშნული ცხოველები. შედეგად, იფლანგებოდა ბიუჯეტი, ცხოველები კი ტყუილუბრალოდ ხვდებოდნენ თავშესაფარსა და ტრანსპორტში, სადაც ადვილად ვრცელდება ვირუსები, განსაკუთრებით ძაღლის ჭირი და ცოფი. ასეთ შორ მანძილზე გადაადგილება და უამრავ უცხო ცხოველთან დაყოვნება არის დამატებითი სტრესი, რომელიც ეწინააღმდეგება ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის ჰუმანურ მიდგომას“, — ნათქვამია განცხადებაში.
აქტივისტების შეშფოთებას კიდევ უფრო აძლიერებს 2026 წლისთვის დაგეგმილი გაფართოებული პროგრამა, რომელიც უკვე 36 000-ზე მეტი მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლის სტერილიზაციას ითვალისწინებს იმავე ლოგისტიკური სქემით.
ცალკე კრიტიკის საგანი გახდა ახალი განკარგულება, რომელიც კრძალავს ძაღლების დაბრუნებას გარკვეული ტიპის ობიექტების მიმდებარედ, მათ შორის საგანმანათლებლო, სამედიცინო, კვების და სპორტულ სივრცეებთან. ცხოველთა დამცველების შეფასებით, აღნიშნული ჩანაწერი ბუნდოვანია და პრაქტიკულად შეუსრულებელი.
მათი თქმით, მსგავსი შეზღუდვები არ ამცირებს პრობლემას, რადგან კონკრეტული ტერიტორიიდან ძაღლის გაყვანის შემდეგ, მის ადგილს სხვა მიუსაფარი ცხოველი იკავებს. ამასთან, ისინი შიშობენ, რომ აღნიშნული ჩანაწერი შეიძლება გამოყენებულ იქნას მიუსაფარი ცხოველების გაუჩინარების გასამართლებლად.
აქტივისტები ხაზს უსვამენ, რომ მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების მასობრივი სტერილიზაცია აუცილებელია ჰიპერპოპულაციის პრობლემის ჰუმანური გზით გადასაჭრელად, თუმცა პროგრამის ამჟამინდელი განხორციელება ამ მიზანს ვერ ემსახურება.
მათ განცხადებაში ჩამოთვლილია მოთხოვნები, რომლებიც, მათი თქმით, აუცილებელია პროგრამის ეფექტიანობისა და ჰუმანურობის უზრუნველსაყოფად:
- თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი უნდა დაბრუნდეს პირვანდელ საცხოვრებელ არეალში და ნებისმიერი მოქალაქისთვის საჯარო უნდა იყოს ამის დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეო მასალა. ახალ ლოკაციაზე დაბრუნებისას ცხოველი კარგავს ორიენტაციასა და საკვებ წყაროებს. შესაძლოა, ახალ ლოკაციაზე მოუწიოს სხვა ძაღლებთან კონკურენციაში შესვლა და თავის დაცვა. თუკი ცხოველს მის პირვანდელ არეალში არ ვაბრუნებთ, მას ვწირავთ სიკვდილისათვის და ამ შემთხვევაში სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამა აზრს კარგავს.
- პირვანდელ არეალში დაბრუნების ვალდებულება უნდა გაიწეროს კანონშიც, განკარგულებებშიც და, რაც მთავარია, დაინერგოს პრაქტიკაშიც. განკარგულებიდან ამოსაღებია ბუნდოვანი ჩანაწერი დაბრუნების არეალის შეზღუდვაზე.
- სააგენტომ თავშესაფარში არ უნდა გადაიყვანოს ცხოველი, თუ ამის საჭიროება არ დგას. სანაცვლოდ, თუ ცხოველი უკვე სტერილიზებულია, ვაქცინაცია და აღრიცხვა უნდა ჩატარდეს ადგილზევე; შესაძლებლობის ფარგლებში სააგენტომ უნდა ითანამშრომლოს ადგილობრივ და მობილურ კლინიკებთან.
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნებისმიერ მიმკედლებელს თუ დაინტერესებულ მოქალაქეს უნდა მიაწოდოს ოფიციალური, დოკუმენტებით გამყარებული ინფორმაცია იმაზე, თუ სად იმყოფება/სად დასვეს ნებისმიერი გაუჩინარებული ცხოველი.
განცხადებას ამ ეტაპზე 41 ორგანიზაცია და საინიციატივო ჯგუფი უერთდება და მას დაახლოებით 25 000 მოქალაქე აწერს ხელს. ხელმოწერების რაოდენობა, ავტორების თქმით, კვლავ იზრდება.