"ლტოლვილების სტიგმატიზაცია მიუღებელია“: ფაშინიანმა ყარაბაღელ სომხებს "გაქცეულები“ უწოდა
ფაშინიანმა ყარაბაღელ სომხებს „გაქცეულები“ უწოდა
სომხეთში ერთმა, ერთი შეხედვით ყოველდღიურმა ეპიზოდმა – მეტროში შემთხვევითმა შეხვედრამ – ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი დებატები გამოიწვია.
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მეტროში ყარაბაღელი სომეხი ქალისა და მისი შვილის გვერდით აღმოჩნდა. საუბარი, რომელიც თავდაპირველად უწყინარი ჩანდა, სწრაფად გადაიზარდა მწვავე კამათში. დაპირისპირების კულმინაციაში ფაშინიანმა თქვა: “არ გაბედოთ, გაქცეულებო, იმის თქმა, რომ მე ყარაბაღი ჩავაბარე!“
ამ ფრაზამ სოციალურ ქსელებში და ექსპერტთა წრეებში განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია.
ინციდენტის შემდეგ ადამიანის უფლებათა დამცველმა ანაჰიტ მანასიანმა საჯარო განცხადება გაავრცელა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, მეტი მგრძნობელობა გამოეჩინათ იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების მიმართ. განცხადებაში კონკრეტული შემთხვევა ან პრემიერ-მინისტრი ნახსენები არ ყოფილა, თუმცა კონტექსტი მკაფიოდ იკითხებოდა.
კრიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფაშინიანის რიტორიკა ლტოლვილების სტიგმატიზაციას უწყობს ხელს და მათ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ამ შეფასებებს დაემატა ისიც, რომ კამათი არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მიმდინარეობდა, რაც დამატებით ეთიკურ კითხვებს აჩენს.
მოგვიანებით, ფაშინიანმა ორჯერ საჯაროდ მოიხადა ბოდიში. მან აღიარა, რომ არასწორი ტონი გამოიყენა და ნაწილობრივ არასწორი შინაარსიც გამოხატა, თუმცა დასძინა, რომ თემა მისთვის განსაკუთრებით ემოციურია.
მოგვიანებით Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან ქალი და მისი შვილი მთავრობის სახლში მიიწვია, ბოდიშის მოსახდელად, მათ შორის პირდაპირ ეთერში. ასევე განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში შეხვედრას მეტროში ან ქალისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ადგილზე გამართავდა.
თუმცა ბოდიშმა დებატები ვერ შეაჩერა. ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ შეხვედრის შეთავაზება პოლიტიკურ ტაქტიკად შეიძლება ჩაითვალოს: თუ ქალი დათანხმდება, ეს შესაძლოა ხელისუფლების სასარგებლოდ პროპაგანდის ინსტრუმენტად იქცეს; თუ უარს იტყვის, კრიტიკის ახალი ტალღა გაჩნდება მის მიმართ.
დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც ფაშინიანმა ბავშვს სომხეთის რუკით გამოსახული სამკერდე ნიშანი შესთავაზა. ქალმა უპასუხა, რომ ისინი არცახიდან იყვნენ და “სხვა რუკა“ ჰქონდათ. საუბარი სწრაფად გამწვავდა: ქალი ამტკიცებდა, რომ ვერავინ აუკრძალავდა დაბრუნების იმედს, ხოლო ფაშინიანმა ხაზი გაუსვა იმ რესურსებს, რომლებიც სახელმწიფომ ყარაბაღში მცხოვრებთა მხარდასაჭერად დახარჯა, და მკაცრი ტონით გააკრიტიკა მათი პოზიცია.
საზოგადოებრივი რეაქცია მრავალმხრივი აღმოჩნდა. პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი ვარაუდობს, რომ მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა ლტოლვილების მიმართ სიძულვილის ენის ზრდას შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. მისი შეფასებით, როდესაც მსგავსი რიტორიკა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ფიგურისგან მოდის, ის ყოველდღიურ დონეზეც ლეგიტიმაციას იძენს.
ადამიანის უფლებათა დამცველი ზარუჰი ჰოვჰანისიანი ყურადღებას ამახვილებს ძალაუფლებისა და კომუნიკაციის დისბალანსზე. მისი თქმით, როდესაც ოფიციალური პირი აგრესიულ ტონს იყენებს, განსაკუთრებით ქალის მიმართ და ბავშვის თანდასწრებით, ეს შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ფსიქოლოგიური ზეწოლა და სახიფათო პრეცედენტი. ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ ბავშვთა უსაფრთხოება მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ გარემოსაც.
ინციდენტმა პოლიტიკური განზომილებაც შეიძინა. ანალიტიკოსები უკვე განიხილავენ მის შესაძლო გავლენას ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე. პოლიტოლოგი რობერტ გევონდიანი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიისთვის კონსტიტუციური უმრავლესობის მიღწევა ნაკლებად რეალისტურია, თუმცა გამარჯვება შედარებით მცირე უპირატესობით მაინც სავარაუდოა.
მისი შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს მსგავსი სკანდალებით შექმნილი ნეგატიური ეფექტის კომპენსაციას, თუმცა თავად ეს კრიზისები ხშირად თავიდან აცილებადი იყო, განსაკუთრებით მაშინ, თუ პოლიტიკური ლიდერი უფრო მკაცრად გააკონტროლებდა ემოციებს და საჯარო დაპირისპირებებს მოერიდებოდა.
საბოლოოდ, მეტროში მომხდარი კამათი მხოლოდ ერთ ეპიზოდად აღარ აღიქმება. ის გადაიქცა სიმბოლოდ იმ სენსიტიური საკითხებისა, რომლებიც სომხურ საზოგადოებაში კვლავ ღია რჩება: ომის შედეგები, ლტოლვილების მდგომარეობა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საზღვრები.
- ფაშინიანმა ევროპარლამენტში საქართველოზე, სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციაზე, აზერბაიჯანთან მშვიდობასა და შიდა კრიზისებზე ისაუბრა
- მოსაზრება: ირანიდან ლტოლვილთა შესაძლო შემოდინება სომხეთისთვის მთავარი გამოწვევაა