მოსაზრება: ოცნების პრეტენზიები არავის აინტერესებს - "მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის სიმძიმე, როგორც არ უნდა დააკნინონ, არ იკლებს
მოსკოვის მექანიზმი
“ჭავჭავაძის ცენტრის“ თანადამფუძნებლის, ნინო კალანდაძის თქმით, “ოცნებას” აქამდე ჰქონდა ფუფუნება რეზოლუციებზე ეთქვათ, რომ “ჩალის ფასი აქვს და არ გვაინტერესებს, ევროპა რას იტყვის“, მაგრამ “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის სიმძიმე, როგორც არ უნდა დააკნინონ, არ იკლებს.
მისივე განმარტებით, მმართველ პარტიაზე ზეწოლა გაძლიერდება, რომ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და დამთმობი ნაბიჯები გადადგან.
12 მარტს გამოქვეყნდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს. ანგარიშში, რომელიც თითქმის 217-გვერდიანია, დეტალურად აღწერილია 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში არსებული ვითარება, დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების, მედიის გაუარესებული მდგომარეობა, საპროტესტო აქციის მონაწილეების და ოპოზიციის დევნა, რეპრესიები განსხვავებული აზრის მიმართ, პოლიტიკური პატიმრების არსებობა, რეპრესიული კანონმდებლობა და სხვა.
საქართველოს ხელისუფლება ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დოკუმენტი ქვეყნის პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობის სრულ სურათს არ ასახავს. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრე მაისურაძის თქმით, ანგარიში შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.

ნინო კალანდაძე: “მოსკოვის მექანიზმი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მექანიზმია, რომელიც შესაძლოა ეუთოს წევრმა ქვეყნებმა, რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ აამუშაონ. ეს მექანიზმი არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის, როგორც რეზოლუციები, მას კონკრეტული შედეგების მოტანა შეუძლია. ეს კომისია იქმნება მაშინ, როდესაც არსებობს მყარი ვარაუდი, რომ ეს ვარაუდები გამოძიების შედეგად დადასტურდება. კომისიას მაღალი მანდატი აქვს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა კონკრეტული ქმედებები შეაფასოს და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ.
როგორც წესი „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ ხდება, სადაც იმთავითვე ივარაუდება, რომ ეს სახელმწიფო რეკომენდაციებს ნებაყოფლობით არ შეასრულებს, ამიტომ ეს მექანიზმი უნივერსალური აღსრულების შესაძლებლობას ითვალისწინებს – წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მოკვლევისა და გამოძიების დაწყება. პირობითად, შესაძლოა ერთმა ქვეყანამ გადაწყვიტოს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით ისეთი მაღალ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რომ მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული პირების დაპატიმრების შესახებ.
მათ დასკვნაში ისეთი ტერმინებია გამოყენებული როგორიც არის „პატერნი“, რომელიც გულისხმობს, რომ ძალადობას სისტემური ხასიათი ჰქონდა, ასევე გამოყენებულია „წამების ზღვარზე“, ანუ ტერმინებს, რომლითაც დატვირთულია აღწერილობითი ნაწილი, მოჰყვა ძალიან მძიმე რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციების შესრულება „ქართული ოცნების“ ხელში არ არის, ამიტომ არის, რომ ეს „ოცნების“ მწვავე რეაქციას იწვევს.
„ოცნების“ პრეტენზიები არავის აინტერესებს. აქამდე, მათ ჰქონდათ იმის ფუფუნება, რეზოლუციებზე ეთქვათ, რომ „ჩალის ფასი აქვს და არ გვაინტერესებს ევროპა რას იტყვის“, მაგრამ „მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტი როგორც არ უნდა დააკნინოს „ქართულმა ოცნებამ“, მისი სიმძიმე ამით არ იკლებს.
მათ [„ქართული ოცნების“] მიმართ საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერებულია, ვიდრე ამას წარმოიდგენენ. მათი არგუმენტები მოისმინეს, შეაფასეს და ყურად არ იგდეს, რადგან სიმართლეს არ შეესაბამება. ფაქტების დამდგენმა კომისიამ დაადგინა, რომ „ოცნების“ პასუხები არ არის ადეკვატური იმის საპირწონედ, რომ ეს რეკომენდაციები არ შესრულდეს.
„ოცნებას“ ჰქონდა მიზანმიმართული პოლიტიკა როგორც საშინაო, ისე საგარეო, რომ საქართველოს ისეთი ქვეყნების კატეგორიაში გადაენაცვლებინა, როგორიც არის რუსეთი, ბელარუსი და თურქმენეთი, რომლებიც არ დაეთანხმნენ კომისიის დასკვნას და მას აკრიტიკებდნენ. „ოცნების“ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა თუ ქმედებებმა განაპირობეს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება. ეს შემთხვევითობა არ არის. ეს კი იმიტომ გააკეთეს, რომ დასავლეთს ჩვენზე ხელი აეღო, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო ან შემდეგ შეეჩერებინათ, რომ ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა გაჩერებულიყო.
კონტექსტი შეცვალა იმ ეჭვებმა, რომ საქართველო იმის მიღმა, რომ ადამიანის უფლებებს არღვევს და მოსახლეობას არ ექცევა სამართლის ფარგლებში, შესაძლოა მონაწილეობდეს ტრანსნაციონალურ დანაშაულებში. ეს კი მძიმე და წითელი ხაზია დასავლეთისთვის, ეუთოს წევრი ქვეყნები ამას რეაგირების გარეშე ვერ დატოვებენ.
საუბარია – ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე, დერეფნის უკანონო გამოყენებაზე, ნარკოტრეფიკინგზე, „ქოლ-ცენტრებზე“, კომპლექსურ ჩართულობაზეა უკვე საუბარი „ოცნების“ მიმართ. ამას ევროპა გვერდს ვერ აუვლის. საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გაცილებით მძიმედ იწონის ის დანაშაულები, რომლებშიც „ოცნება“ ეჭვმიტანილია.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის კონტინენტზე ომი მიმდინარეობს, ასევე ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთში მაღალი რეგისტრით მოიცალეს საქართველოსთვის. ეს კი გვაფიქრებინებს იმას, რომ საქართველო ევროპის გეოსტრატეგიული პოლიტიკის ნაწილია. სწორედ ამიტომ, ისინი დამატებით რეაგირებას მოახდენენ. ეს კი შეიძლება იყოს „ოცნებაზე“ ზეწოლის გაძლიერება, რომ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და დამთმობი ნაბიჯები გადადგან. ასევე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ დასავლეთი „ოცნებას“ რეაგირებას არ დააცდის და შესაბამის ზომებს მიიღებენ, რადგან აღწერილი ფაქტები მძიმეა დასავლეთისთვის.
პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე გაკეთებული ჩანაწერი საყურადღებოა, რადგან ისინი ფაქტად ასახელებენ იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არსებობენ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეჭვს არ გამოხატავენ. დასკვნაში ნათქვამია პოლიტიკური პატიმრების „უპირობო გათავისუფლება“, ეს კი გულისხმობს იმას, რომ თუ „ოცნებას“ პოლიტპატიმრები იმისთვის ჰყავდა, რომ შემდგომ სავაჭრო ბერკეტი ჰქონოდა, დასკვნით უთხრეს, რომ პოლიტპატიმრები მძევლებად არ გამოადგებათ.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები არ უნდა ჰყავდეს, თუ რეჟიმს სურს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. „უპირობო გათავისუფლება“ – ამ ჩანაწერით, მათ თქვეს, რომ „თქვენს არანაირ პირობებს არ მივიღებთ, სანამ არ შესრულდება ეს მოთხოვნა.
პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა დღის წესრიგში იდგა და ამას „ოცნება“ როგორც შესაძლებლობას ისე უყურებდა, რომ დრო გაეწელა და ეს გამოეყენებინა მისთვის ხელსაყრელ მომენტში, დასავლეთმა კი უთხრა, რომ ეს ვაჭრობის საგანი ვერ იქნება.“