ოცნება "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშს აკრიტიკებს და მას პოლიტიკურად მიკერძოებულს უწოდებს
მოსკოვის მექანიზმი
საქართველოს ხელისუფლება ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დოკუმენტი ქვეყნის პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობის სრულ სურათს არ ასახავს. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრე მაისურაძის თქმით, ანგარიში შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.
12 მარტს გამოქვეყნდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს.
ანგარიშში, რომელიც თითქმის 217-გვერდიანია, დეტალურად აღწერილია 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში არსებული ვითარება, დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების, მედიის გაუარესებული მდგომარეობა, საპროტესტო აქციის მონაწილეების და ოპოზიციის დევნა, რეპრესიები განსხვავებული აზრის მიმართ, პოლიტიკური პატიმრების არსებობა, რეპრესიული კანონმდებლობა და სხვა.
საქართველოს მთავრობის კრიტიკა ანგარიშის მიმართ
მაისურაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა “ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს ანგარიშის შინაარსთან დაკავშირებით. მისი თქმით, დოკუმენტი ვერ ასახავს ქვეყნის პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტის სირთულეს, არ ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებების მიერ მიწოდებულ მნიშვნელოვან განმარტებებს და შერჩევითად აკეთებს აქცენტს ცალკეულ საქმეებზე, რომლებიც წარმოდგენილია როგორც “პოლიტიკურად მოტივირებული“.
მისივე თქმით, ანგარიშში აღწერილი კანონმდებლობის, საარჩევნო პროცესებისა და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ნაწილი შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებსა და შეცდომაში შემყვან ინტერპრეტაციებს.
თანამშრომლობა მისიის ექსპერტთან

მაისურაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ თავდაპირველად ეჭვი გამოთქვა “მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენების პოლიტიკურ მოტივებზე, თბილისმა მისიის ექსპერტთან თანამშრომლობა მაინც უზრუნველყო.
მისი განმარტებით, ექსპერტი საქართველოში 17–18 თებერვალს იმყოფებოდა და ხელისუფლებამ მასთან მაღალი დონის შეხვედრები უზრუნველყო. მათ შორის იყო შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და განათლების მინისტრებთან, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, პროკურატურის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელებთან და სახალხო დამცველთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექსპერტს მიეწოდა ვრცელი წერილობითი მასალები და მიეცა წვდომა შესაბამის დოკუმენტაციასა და ინსტიტუტებზე, რათა მას შეეძლებოდა შეფასებების მომზადება.
პოლიტიზების ბრალდება
მაისურაძის თქმით, მიუხედავად თანამშრომლობისა, საბოლოო ანგარიში მაინც შერჩევით ინფორმაციას ეფუძნება. მისი შეფასებით, ინფორმაციის ასეთი წარმოდგენა და ანგარიშის გამოქვეყნების დრო მიუთითებს დასკვნების პოლიტიზების ტენდენციაზე.
მისი განცხადებით, ანგარიშში ასევე უგულებელყოფილია საქართველოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, პოლიტიკური პლურალიზმის განვითარება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი.
მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან შეტანილი სარჩელების რაოდენობა 85%-ზე მეტით შემცირდა, რაც, მისი თქმით, ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დაცვის მექანიზმების ეფექტიანობაზე მიუთითებს.
მისიის მანდატის გადაცილების ბრალდება
მაისურაძის განცხადებით, ანგარიშში წარმოდგენილი ზოგიერთი რეკომენდაცია სცდება “მოსკოვის მექანიზმის“ მანდატს. მისი თქმით, დოკუმენტი შეიცავს მოწოდებებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიმართ, იმოქმედონ საქართველოს წინააღმდეგ, რაც მისიის უფლებამოსილების ფარგლებს სცდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფაქტების დამდგენმა მისიამ ანგარიშში არაერთხელ გამოიყენა ტერმინი “საქართველოს რესპუბლიკა“, ნაცვლად ოფიციალური სახელწოდებისა – “საქართველო“.
საქართველოს მთავრობის პოზიცია
საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში წარმოდგენილ დასკვნებსა და რეკომენდაციებს და მოუწოდებს ეუთოსა და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს, გაითვალისწინონ თბილისის მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და განმარტებები.
მაისურაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მომზადებული პასუხი მოიცავს ოფიციალურ პოზიციებსა და დეტალურ განმარტებებს მისიის მიერ გამოთქმულ ვარაუდებზე და მიზნად ისახავს საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს სრულყოფილი ფაქტობრივი ინფორმაცია.
მისივე განცხადებით, მონიტორინგისა და ფაქტების დადგენის ნებისმიერი მექანიზმის სანდოობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
მაისურაძემ დასძინა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობები მათ ინსტიტუციურ ნეიტრალიტეტს აზიანებს და ნდობას ასუსტებს.
მისი თქმით, საქართველო კვლავ რჩება ეუთოს პრინციპებისა და საერთაშორისო ვალდებულებების ერთგული და ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობას აგრძელებს.