ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი სუს-ის გამოძიების შესახებ "სერიოზულ შეშფოთებას" გამოხატავს
ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი სუს-ის გამოძიებაზე
ვაშინგტონში მოქმედი კონსერვატიული კვლევითი ცენტრის, ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ჯონ უოლტერსმა “სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის გამო, რომელიც ქვეყანაში ირანის გავლენის ზრდას ეხება.
უოლტერსის თქმით, კვლევა ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ და გადამოწმებულ ინფორმაციას და ის ინსტიტუტის კვლევითი სტანდარტების სრული დაცვით არის მომზადებული. მისი განცხადება სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.
— John Walters (@john_walters_) March 9, 2026
“ეს არის ჰადსონის ინსტიტუტის პუბლიკაცია, რომელიც ჩვენი კვლევითი სტანდარტების შესაბამისად შეიქმნა. ის ეფუძნება გადამოწმებულ ინფორმაციას, რომელიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, როგორც ეს კვლევის შენიშვნებშია მითითებული, და ინსტიტუტი მის მიგნებებს მტკიცედ უჭერს მხარს,“ – წერს უოლტერსი.
მისივე შეფასებით, კვლევა „გამომაფხიზლებელი უნდა იყოს“ იმ ფონზე, როდესაც ირანი რეგიონში დესტაბილიზაციის წყაროდ განიხილება.
„ამ კვლევის ავტორების გამოძიების ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს შეშფოთებული თავად მისი მიგნებებით – ისინი ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რომელიც ხელისუფლებას უკვე უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული,“ – აღნიშნავს უოლტერსი.
წინაისტორია
კვლევა სათაურით “საქართველოს ირანისკენ შებრუნება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს აშშ-ის ერთგულ მოკავშირეში“ 3 მარტს გამოქვეყნდა. მისი ავტორები არიან ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ლუკ კოფი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი გიორგი კანდელაკი.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში ირანის პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და კულტურული გავლენა ბოლო წლებში “მკვეთრად გაიზარდა“, გარკვეულ სფეროებში კი უკვე “სისტემური“ გახდა. კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს პროცესი ფართო გეოპოლიტიკური გადალაგების ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს მოსკოვთან დაახლოებას.
ანგარიშის ავტორების შეფასებით, აღნიშნული ტენდენცია გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ გარემოზეც – ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ზრდის სამართლებრივ ზეწოლას პროდასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე და ძირს უთხრის საქართველოს ტრადიციულ პარტნიორობას დასავლეთთან.
კვლევის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, 7 მარტს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა რამდენიმე პოლიტიკოსი და ექსპერტი, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, კვლევის თანაავტორი გიორგი კანდელაკი, ყოფილი დეპუტატი გივი თარგამაძე და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
მათი გამოკითხვა, სავარაუდოდ, უკავშირდება როგორც ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშს, ისე მათ მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებებს.
გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი, თუმცა მისი დეტალები ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.