20 იანვრიდან რუსეთის არასრულწლოვანი მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის წესები გამკაცრდა: 14 წლამდე ასაკის ბავშვებს ქვეყნიდან გასასვლელად უკვე სჭირდებათ პასპორტი. ცვლილება ერთი შეხედვით ტექნიკურ დეტალად შეიძლება ჩანდეს, თუმცა რეალურად ის პირდაპირ ეხება როგორც მეზობელ რეგიონებს, ისე აფხაზეთს, სადაც ყოველდღიური მობილობა წლების განმავლობაში გამარტივებულ რეჟიმზე იყო აგებული.
ახალი რეგულაციები განსაკუთრებით ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მგზავრობას შეეხება. აქამდე ბავშვებს მშობლების თანხლებით საზღვრის გადაკვეთა დაბადების მოწმობის საფუძველზე შეეძლოთ – ეს სისტემა ოჯახურ მოგზაურობას და მოკლევადიან ვიზიტებს ამარტივებდა. ახლა ეს პრაქტიკა შეწყდა და პასპორტი აუცილებელი მოთხოვნა გახდა.
ცვლილება ირიბად, მაგრამ მტკივნეულად აისახება აფხაზეთის მოსახლეობაზეც, რომელთა დიდ ნაწილს ორმაგი – აფხაზური და რუსული – მოქალაქეობა აქვს. განსაკუთრებით პრობლემური ხდება ეს ქალებისთვის, რომლებიც ბოლო წლებში მშობიარობას რუსეთში, უმეტესად სოჭში ამჯობინებდნენ. მიზეზი მარტივია: სამედიცინო მომსახურების ხარისხი იქ მნიშვნელოვნად აღემატება აფხაზეთში არსებულ პირობებს.
ახალი წესების თანახმად, თუ ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქალი რუსეთში იმშობიარებს, ახალშობილს სამშობლოში დაბრუნებამდე რუსული პასპორტი უნდა გაუფორმდეს. პრაქტიკაში ეს პროცესი ერთიდან სამ თვემდე გრძელდება. იქ, სადაც ადრე ოჯახი რამდენიმე დღეში ბრუნდებოდა, ახლა მინიმუმ ერთი თვიანი ლოდინი ხდება საჭირო.
ეს ბიუროკრატიული შეფერხება მხოლოდ ოჯახურ გადაწყვეტილებებს არ ეხება. შეშფოთებას გამოთქვამენ აფხაზეთის ტურიზმის სფეროშიც. გამარტივებული სასაზღვრო რეჟიმი წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, რის გამოც აფხაზეთი მიმზიდველი მიმართულება გახდა რუსი ტურისტებისთვის, განსაკუთრებით ბავშვიანი ოჯახებისა და სოჭიდან ერთდღიანი ექსკურსიების მოყვარულთათვის.
ინდუსტრიის წარმომადგენლები შიშობენ, რომ დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა სპონტანურ მოგზაურობებს შეამცირებს და სეზონურ ნაკადზე იმოქმედებს. თუმცა ოფიციალური სოხუმი უფრო დამშვიდებულ ტონს ირჩევს.
აფხაზეთის ტურიზმის მინისტრი ასტამურ ლოგუა აცხადებს, რომ ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შემცირდება. მისი თქმით, ახალი წესების შესახებ ინფორმაცია წინასწარ გავრცელდა, რამაც ტუროპერატორებსა და პოტენციურ ტურისტებს ადაპტაციისთვის დრო მისცა.
მაგრამ რეალური გავლენა მხოლოდ ტურისტული სტატისტიკით არ განისაზღვრება. ცვლილება აჩვენებს, როგორ იქცევა ერთი ადმინისტრაციული გადაწყვეტილება სოციალურ, დემოგრაფიულ და ეკონომიკურ გამოწვევად რეგიონში, სადაც საზღვარი არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ყოველდღიურ რეალობას განსაზღვრავს.