"ქართული ოცნება“ BBC-ს უჩივის და მასალების წაშლასა და ბოდიშს ითხოვს
BBC-ს გამოძიება
“ქართულმა ოცნებამ“ ბრიტანულ საზოგადოებრივ მაუწყებელ BBC-ს ოფიციალური საჩივრით მიმართა და მის მიერ გამოქვეყნებული სტატიისა და დოკუმენტური ფილმის წაშლა, ასევე საჯარო ბოდიშის მოხდა მოითხოვა. პარტიის განცხადებით, BBC-მ საქართველოს შესახებ მომზადებულ მასალებში დაარღვია სარედაქციო სტანდარტები, სიზუსტისა და მიუკერძოებლობის პრინციპები და ფაქტად წარმოადგინა დაუდასტურებელი ბრალდებები.
ოცნების განმარტებით, ბრიტანეთის კანონმდებლობის თანახმად, დაწესებულია გასაჩივრების თანმიმდევრობა:
1. სავარაუდო დაზარალებულმა ჯერ უნდა მიმართოს თავად მედიას.
2. შემდეგ ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროს (Ofcom).
3. და ბოლოს, თუ ამ ორ ინსტანციაში არ დადგინდა დარღვევა – ბრიტანეთის სასამართლოს.
საჩივრის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, საჩივარი BBC-ს 14 იანვარს გაეგზავნა და სრულად ეყრდნობა თავად მაუწყებლის სარედაქციო პრინციპებს, დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს, Ofcom-ის მაუწყებლობის კოდექსს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
პაპუაშვილის განცხადებით, BBC-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტური ფილმი და თანმხლები პუბლიკაციები “სერიოზულ და დაუსაბუთებელ ბრალდებებს“ შეიცავს. განსაკუთრებულად მწვავედ მმართველი პარტია უარყოფს მტკიცებას, თითქოს 2024 წლის ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დროს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ქიმიური ნივთიერება “კამიტი“ გამოიყენეს.
მისი თქმით, აღნიშნული ბრალდება არ ეფუძნება არც ერთ დამოუკიდებელ ან სანდო წყაროს და გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ნივთიერება შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს გამოუყენებია და არც მის მფლობელობაში ყოფილა. პაპუაშვილი BBC-ს სიზუსტის ვალდებულების “უხეშ დარღვევაში“ ადანაშაულებს.
მმართველი პარტია ასევე აცხადებს, რომ BBC-მ მოვლენები ისე წარმოაჩინა, თითქოს საპროტესტო აქციების მონაწილეები სამართალდამცავების მიმართ ძალადობას არ მიმართავდნენ, ხოლო შეკრებების დაშლა მაინც უსაფუძვლოდ მოხდა. პაპუაშვილის შეფასებით, ეს “ფაქტების მცდარი ინტერპრეტაციაა“, რომელიც სრულ სურათს არ ასახავს.
განსაკუთრებული კრიტიკა ეხება პუბლიკაციებში ბიძინა ივანიშვილის როლის აღწერას. პაპუაშვილის თქმით, BBC “მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებს“, თითქოს “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობდა 2024 წლის ნოემბერ–დეკემბერში გამართული აქციების დაშლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
საჩივრის მეორე მთავარ ნაწილად პაპუაშვილი მიუკერძოებლობის დარღვევას ასახელებს. მისი თქმით, BBC-ს მასალებში ჩამოყალიბებულია “აშკარად ცალმხრივი ნარატივი“, რომელიც “ქართულ ოცნებას“ წარმოაჩენს, როგორც ძალადობის ორგანიზატორს, პრორუსულ ძალას და რუსეთის ინტერესების გამტარებელს. მისივე განცხადებით, პუბლიკაციებში იგნორირებულია მმართველი პარტიის პოზიცია, სამართალდამცავი უწყებების განმარტებები და ის კონტექსტი, რომელიც, ხელისუფლების შეფასებით, აუცილებელია მოვლენების ობიექტურად გასაანალიზებლად.
პაპუაშვილი ასევე საუბრობს სამართლიანი პასუხის უფლების დარღვევაზე და ამბობს, რომ BBC-მ მათ ეთერამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე მიმართა, რაც, მისი თქმით, სრულფასოვანი პასუხის შესაძლებლობას ზღუდავდა. დამატებით, იგი მიუთითებს “ცილისწამების ელემენტებზე“ – ფილში გამოყენებულ წყაროებზე, რომელთა სანდოობა, ინტერესთა კონფლიქტი და წარსული აუდიტორიისთვის გამჟღავნებული არ ყოფილა.
“შედეგად მაყურებელი იღებს დამახინჯებულ სურათს, სადაც ვარაუდები და ჰიპოთეზები წარმოდგენილია როგორც დადასტურებული ფაქტები,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებით, თუ BBC თავად არ გამოასწორებს დარღვევებს, შემდეგი ნაბიჯი Ofcom-ისთვის მიმართვა იქნება, ხოლო ამის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის სასამართლოები. ხელისუფლება არ გამორიცხავს საკითხის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრებას.
BBC-მ 2025 წლის 1 დეკემბერს გამოაქვეყნა სტატია და დოკუმენტური ფილმი საქართველოში საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის შესახებ. მაუწყებელი მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერდა, რომ გასულ წელს მმართველმა ძალამ შესაძლოა ანტისამთავრობო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი “კამიტი” გამოიყენა.