“ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობიდან ერთი წელი გავიდა და ევროკავშირი კვლავ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაადასტურა ერთგულება 24 დიპლომატიური მისიის ერთობლივი პოზიციისადმი, რომელიც ამაღლობელის საქმეს ჟურნალისტებზე მზარდი ზეწოლის სიმბოლოდ აფასებს.
დიპლომატიური მისიები ეხმაურებიან 2025 წლის 6 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელის საქმე და “ბათუმელებსა“ და “ნეტგაზეთზე“ განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მზარდ ტენდენციას ასახავს.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ისინი კვლავ იზიარებენ იმ შეფასებას, რომ ამაღლობელის მიმართ გამოტანილი განაჩენი არაპროპორციული და პოლიტიზებულია. დიპლომატიური მისიების თანახმად, ჟურნალისტს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს საქმეზე, რომელიც მედიის თავისუფლების დაცვის კუთხით საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევას აჩვენებს.
განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებასაც. დიპლომატების თქმით, საქმის გაჭიანურებამ სერიოზულად დააზიანა ამაღლობელის ჯანმრთელობა, განსაკუთრებით კი მხედველობა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უკვე პრობლემურ სამართლებრივ პროცესს.
“ჩვენ ვგმობთ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე ყველანაირ ძალადობასა და მათ დაშინებას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, — ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები.
გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2025 წლის 6 აგვისტოს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მზია ამაღლობელს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
განაჩენის გამოცხადების დღეს, მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა – სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, – პოლიციელიისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
სანქცირებულ მოსამართლე ნინო სახელაშვილს განაჩენის გამოსაცხადებლად მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდა.