დაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია. რა ვიცით ამ დროისთვის
ბაჩო ახალაიას დაკავება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე დააკავა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელსაც, უწყების მტკიცებით, დანაშაულებრივი პროცესების “მთავარი ორგანიზატორის“ როლი ჰქონდა. დააკავეს ახალიას ცოლი, ანი ნადარეიშვილიც, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.
4 ოქტომბერს საქართველოში გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის ფონზეც ქვეყანა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა პოლიტიკური კრიზისის ეპიცენტრში. მრავალათასიანი ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქცია, რომელიც რუსთაველის გამზირზე არჩევნების პარალელურად შეიკრიბა, პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობით და პოლიციის ჩარევით დასრულდა. არჩევნებში კი რომლებსაც ოპოზიციის და საზოგადოების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა, მმართველმა პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
სუს-ის ბრიფინგზე განმარტეს, რომ გამოძიება უკავშირდება 4 ოქტომბრის პარალელურად იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტს, რომელიც, მათი თქმით, შესაძლოა კავშირში იყოს ხელისუფლების დამხობის მცდელობასთან. საქმეში ფიგურირებენ ბექა ჭულუხაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და სხვა პირები.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერნეტტრაფიკის ანალიზით “წუთებისა და წამების სიზუსტით“ დადგინდა, რომ ბაჩანა ახალაიასა და 4 ოქტომბრის საქმის სხვა ბრალდებულ ორგანიზატორებს შორის მობილური ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა. სუს-ის მტკიცებით, ეს კავშირები ხორციელდებოდა ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებული IP მისამართის გამოყენებით, რომელიც ახალაიების საცხოვრებელ მისამართზეა დაფიქსირებული.
ბრიფინგზე წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, 2025 წლის 28 სექტემბრიდან დაკავებამდე დაფიქსირდა სულ 343 ინტერნეტსესია: მურთაზ ზოდელავასთან — 157, პაატა ბურჭულაძესთან — 110, პაატა მანჯგალაძესთან — 29, ლაშა ბერიძესთან — 26 და ირაკლი ნადირაძესთან — 21. სუს-ის თქმით, 4 ოქტომბერს დღის განმავლობაში არაერთი ასეთი კავშირი წინ უსწრებდა ან ემთხვეოდა მომიტინგეთა გადაადგილებასა და ძალადობრივ ეპიზოდებს.
განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებენ 4 ოქტომბრის საღამოს კომუნიკაციებზე, რომლებიც, სუს-ის ვერსიით, დაემთხვა თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობის დაწყებას, პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით დაძაბულობასა და პოლიტიკური მოწოდებების გაჟღერებას. უწყება ამტკიცებს, რომ ამ პერიოდში ლაშა ბერიძე პრეზიდენტის სასახლესთან იმყოფებოდა და დირექტივებს სწორედ ბაჩანა ახალაიასგან იღებდა.
სუს-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ ასახავდა ახალაიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის ხელისუფლების დამხობის თემაზე საუბარს, კომუნიკაციის ფორმა შეიცვალა და აქტიური კონტაქტი დაფიქსირდა მურთაზ ზოდელავასა და ზვიად გაგუას შორის. გამოძიების ვერსიით, რეალურად ეს კავშირიც ბაჩანა ახალაიასთან იყო დაკავშირებული, რადგან გაგუა ახალაიების ოჯახის ახლობელია და მათთან ერთად ცხოვრობს.
უწყების განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებები “უტყუარად ადასტურებს“ 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორის ვინაობას საქართველოში, რის საფუძველზეც ბაჩანა ახალაია დააკავეს. საქმე შემდგომი გამოძიებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა.
ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანა ნადარეიშვილმა, TV პირველთან საუბარში სუს-ის ბრიფინგი “სრული ბოდვად“ შეაფასა. მისი თქმით, უწყებას არც მისი მეუღლის ტელეფონის ნომერი ჰქონდა დადგენილი და არც ის, ვინ ცხოვრობდა მათ სახლში. ნადარეიშვილი ასევე აღწერს დაკავების ეპიზოდს, როდესაც, მისი თქმით, სახლში დაახლოებით 30 ნიღბიანი და შეიარაღებული სამართალდამცველი შევიდა და ტელეფონი იძულებით ჩამოართვეს.