აფხაზეთმა რუსეთს გაუსწრო ერთ სულ მოსახლეზე ავტომობილების რაოდენობით: პროგრესის ნიშანი თუ კრიზისის სიმპტომი?
გაზიარება
გაზიარება
მანქანები აფხაზეთში
აფხაზეთმა რუსეთს გაუსწრო ერთ სულ მოსახლეზე მანქანების რაოდენობით. ეს სოხუმისთვის სიამაყის საფუძველს ჰგავს. თუმცა, არსებობს ნიუანსები.
აფხაზეთის საგზაო პოლიციის მონაცემებით, ე.წ. რესპუბლიკაში ამჟამად 82 000 მანქანაა რეგისტრირებული. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, აფხაზეთის მოსახლეობა 241 000 ადამიანს შეადგენს. ამ მაჩვენებლების შედარების შემდეგ, ვხვდებით, რომ აფხაზეთში ყოველ 1000 ადამიანზე 342 მანქანა მოდის.
რუსეთში ეს მაჩვენებელი 1000 ადამიანზე 315 მანქანაა. მეორე მხრივ, 82 000 ავტომობილი თითქმის ორჯერ აღემატება აფხაზეთის ომამდე დაფიქსირებულ რაოდენობას. და ეს მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის მოსახლეობა იმ დროს გაცილებით მეტი იყო – 530 000.
ადგილობრივი ავტომობილების გარდა, აფხაზეთის გზებზე ასევე მოძრაობს უცხოური (რუსული) სანომრე ნიშნების მქონე მრავალი ავტომობილი.
2025 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში, რუსეთიდან აფხაზეთში 2 მილიონზე მეტი ავტომობილი შემოვიდა. ზაფხულში, ტურისტული სეზონის პიკზე, აფხაზეთში ზოგჯერ დღეში 12 700-მდე ავტომობილი შემოდიოდა.
ავტომობილების რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ საცობები აფხაზეთში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. და ეს მთელი წლის განმავლობაში ხდება და არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე.
პრობლემას ის ფაქტიც ამწვავებს, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ (30 წელზე მეტი ხნის წინ), აფხაზეთის საგზაო ინფრასტრუქტურა უცვლელი დარჩა – მთელი ამ ხნის განმავლობაში აფხაზეთში არც ერთი ახალი გზა არ აშენებულა.