ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარმა საქართველოს გენერალურ პროკურორს წერილით მიმართა
მაიკლ ო’ფლაერტის მიმართვა
ევროპის საბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში მაიკლ ო’ფლაერტიმ საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს წერილი გაუგზავნა, სადაც ის გამოხატავს შეშფოთებას 2024 წლის ბოლოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების სავარაუდო შემთხვევების გამოძიებაში “ხელშესახები პროგრესის” არარსებობის გამო.
წერილში ნახსენებია საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნები, “რომლებიც მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის მრავალრიცხოვან ბრალდებებს” ადასტურებს, მათ შორის წამებისა და ქალი მომიტინგეების მიმართ სექსუალური ძალადობის სავარაუდო მუქარის შესახებ ცნობებს.
კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული და პროკურატურისთვის გადაცემული გამოძიებების ეფექტურობასთან დაკავშირებით. კერძოდ, წერილში აღნიშნულია, რომ მაშინ, როცა მომიტინგეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები წინ წავიდა და გამამტყუნებელი განაჩენებით დასრულდა, პოლიციის მიერ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია.
მაიკლ ო’ფლაერტი ხაზს უსვამს, რომ ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენება სრულად უნდა იქნას შესწავლილი, რადგან ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს ძალის გამოყენების კანონიერებასთან, აუცილებლობასთან და პროპორციულობასთან დაკავშირებით, “განსაკუთრებით ოფიციალური აღიარების’ გათვალისწინებით, რომ საპროტესტო აქციების დროს წყლის ჭავლებში ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული.
“მიმაჩნია, რომ ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების საკითხი უნდა განიხილებოდეს, როგორც მთავარი პროკურატურის მიერ 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მომიტინგეების წინააღმდეგ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გამოყენების გამოძიების ნაწილი, რადგან ეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის შესახებ მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს.” – აღნიშნულია წერილში.
კომისარი სწრაფი, საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების მოწოდებით გამოდის, მოითხოვს პასუხისმგებლობის აღებას მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილი ადამიანის უფლებების ნებისმიერი დარღვევისთვის და ითხოვს განახლებულ ინფორმაციას მიღებული ზომების შესახებ.
წინაისტორია
2024 წლის 18 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროევროპული საპროტესტო აქციების განმავლობაში სისტემური წამების და არაადამიანური მოპყრობის სქემა განიხილეს და ცრუ მოწმე პოლიციელების სია გაასაჯაროვეს.
დასკვნის მიხედვით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ათიათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დაშლისათვის შსს იყენებდა სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის წყლის ჭავლში გაზავებულ გაურკვეველ ნივთიერებებს, წიწაკის სპრეის, გაურკვეველი ნივთიერების მხუთავ გაზს და სხვა.
BBC-მ 2025 წლის 1 დეკემბერს გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისამთავრობო მომიტინგეების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია, რომელიც მათივე თქმით, შსს-მ 2007 წელს შეიძინა.
სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, “კამიტის” გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიება დასრულებულია, თუმცა გამოძიება გრძელდება უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით.