სტალინი ოსებისთვის: ხანდაზმულები მას ახალ ძეგლებს უდგამენ, ახალგაზრდები - ანადგურებენ
სტალინი და ოსები
“კავკაზსკი უზელის“ პუბლიკაციის თანახმად
იოსებ სტალინის ფიგურა ოსურ საზოგადოებაში შესამჩნევი პოპულარობით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებს რეპრესიების შესახებ ინფორმაცია აქვთ – ასეთ დასკვნას აკეთებს გამოცემა „კავკკაზსკი უზელი“, რომელმაც ამ თემასთან დაკავშირებით ანალიტიკოსები გამოკითხა.
ამავე დროს, ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდებში სტალინის მიმართ უფრო ნეგატიური დამოკიდებულება შეინიშნება.
2025 წლის ივნისში ცხინვალში, პურის ქარხნის ტერიტორიასთან, საწარმოს დირექტორის ინიციატივით იოსებ სტალინის ძეგლი დაიდგა. მონუმენტის გამოჩენიდან ერთი თვის შემდეგ უცნობებმა მას სახე დაუზიანეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ძეგლი სამმა სკოლის მოსწავლემ დააზიანა. მოზარდების მშობლებმა ძეგლის აღდგენის საფასური გადაიხადეს, რის შემდეგაც კომბინატის ხელმძღვანელმა მილიციიდან მონუმენტის დაზიანებაზე შეტანილი განცხადება უკან გაიტანა.
სტალინის რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის წიგნში 3500-ზე მეტი ოსი ეროვნების ადამიანი სახელებითადაა ჩამოთვლილი. ამის მიუხედავად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად დროებით დაუბრუნა დედაქალაქ ცხინვალს თავისი ყოფილი სახელი – სტალინირი. „კავკაზსკი უზელმა“ ადგილობრივი მოსახლეობა გამოკითხა და აღმოაჩინა, რომ უმეტესობა ამას მიესალმებოდა.
სამხრეთ ოსეთში სტალინის ორი ძეგლი და ერთი ბიუსტია. ჩრდილოეთ ოსეთში (რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში) 26-ზე მეტი სხვადასხვა ბიუსტი და ძეგლია.
და ეს მაშინ, როცა 1944 წლის თებერვალსა და მარტში, ჩრდილოეთ კავკასიის ნახევარ მილიონზე მეტი მცხოვრები სტალინის ბრძანებით მშობლიური მიწა-წყლიდან აყარეს და ყირგიზეთსა და ყაზახეთში გადაასახლეს. მათგან ათიათასობით ადამიანი შიმშილითა და დაავადებებით გარდაიცვალა.
ადგილობრივი ბლოგერი ანატოლი ამბობს, რომ მოსახლეობამ საჯაროდ არ გამოხატა აღშფოთება იმის გამო, რომ ძეგლი მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე დადგეს.
„ძეგლი ახალგაზრდებმა – სკოლის მოსწავლეებმა – დააზიანეს. სტალინის მიმართ დამოკიდებულება ერთგვაროვანია. უფროს თაობაში ბევრია მისი თაყვანისმცემელი, როგორც ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში. მაგრამ ახალგაზრდებში ბევრია ისეთი, ვინც სტალინის კულტის მიმართ მკვეთრად ნეგატიურადაა განწყობილი“, – ამბობს ბლოგერი.
ცხინვალელი უმუშევარი ასლანი, სტალინისადმი დამოკიდებულებაზე საუბრისას, აღიარებს, რომ „ბოლო დროს ყველა ეშინია ასეთ თემებზე ღიად საუბარი ისე, როგორც ადრე“. მან ასეთი ისტორია გაიხსენა:
„საბჭოთა დროს, ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, საწარმოში მძღოლად ვმუშაობდი. მაშინ მიღებული იყო, რომ სატვირთო მანქანების საქარე მინაზე სტალინის პორტრეტი ეკიდათ. მეც დავკიდე. ბებიამ რომ დაინახა, ყურში ჩამკიდა და მკაცრად მთხოვა პორტრეტი მომეხსნა, დამეხია და ნაფლეთები ქარს გაეფანტა. ვკითხე – რატომ? მან უბრალოდ მიპასუხა, რომ დიდი სულელი ვიყავი. მისი თქმით, ამ ადამიანმა კავკასიაში ხალხს ძალიან ბევრი უბედურება მოუტანა. მხოლოდ 1990-იან წლებში გავიგე სტალინის მიერ დატრიალებული ტრაგედიის მასშტაბების შესახებ“.
ასლანი ამბობს, რომ ცხინვალში ახალი ძეგლის დადგმის ამბავი მედიაპუბლიკაციებიდან გაიგო – არა გახსნის შესახებ სტატიიდან, არამედ ვანდალიზმის ფაქტის გამო დაწერილი ტექსტიდან.
„ბიჭებმა ასე გამოხატეს პროტესტი. კარგები არიან, მე მათ ამაში ვუჭერ მხარს. დღეს სტალინის მხარდამჭერები მხოლოდ გაუნათლებელი ადამიანები შეიძლება იყვნენ, ასეთები კი ახლა ოსეთში ბევრია. რამდენი ინფორმაცია გაიხსნა კავკასიის ხალხების წინააღმდეგ ჩადენილ მის დანაშაულებზე. რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს მის თაყვანისცემას?“ – კითხულობს ასლანი.
სტალინის აღქმის პარადოქსები კავკასიაში
კანადელი ირანისტი, მონრეალის (კანადა) კონკორდიის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ ფოლცი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ოსეთში. ის ოს ქალზეა დაქორწინებული და სამი შვილი ჰყავს.
მეცნიერმა „კავკაზსკი უზეილის“ კორესპონდენტთან საუბარში თქვა, რომ რეგიონში სტალინის პოპულარობამ გააოცა.
„არ ვიცი, ვინ დგას ამ ისტორიული რევიზიონიზმის უკან – სახელმწიფო სტრუქტურები თუ კერძო პირები. შესაძლოა ორივე. ცხინვალის მთავარი პროსპექტი სტალინის სახელზეა. მისი გამოსახულებები ყველგანაა: მანქანებზე, კედლებზე; იბეჭდება კალენდრები მისი პორტრეტით. ეს ძალიან უცნაურია. მითხრეს, რომ ბევრმა ადგილობრივმა იმ მძიმე კორუფციის გამო, რომელთანაც ყოველდღე უწევთ შეჯახება, სტალინი წარმოიდგინა როგორც „სამართლიანობის ადამიანი“, რომელიც არავის მისცემს პასუხისმგებლობის თავიდან არიდების საშუალებას, თანამდებობის მიუხედავად“, — ამბობს რიჩარდ ფოლცი.
პროფესორი ვარაუდობს, რომ ოსეთში სტალინის თაყვანისმცემლებს „შესაძლოა სურთ ისეთი ადამიანი, ვინც დღეს არსებულ გავლენიან დამნაშავეებს პასუხს აგებინებდა“.
„მე ოსი არ ვარ და ეს პრობლემა უშუალოდ არ მეხება. მაგრამ ჩემი მეუღლის ბაბუა იმათ შორის იყო, ვინც რეპრესიების დროს გაუჩინარდა“, – თქვა მან.
სტალინის მიმართ დამოკიდებულება კავკასიის სხვადასხვა რეგიონში მნიშვნელოვნად განსხვავდება.
„შეუძლებელია, მაგალითად, საქართველო შევადაროთ სომხეთსა და აზერბაიჯანს: საქართველოსთვის სტალინისადმი დამოკიდებულება განუზომლად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი მეზობლებისთვის. საქართველოში სტალინს ზოგიერთი ადამიანი აღიქვამს როგორც საკუთარი ქართული ისტორიის ნაწილს და არა მხოლოდ საერთო-საბჭოთა ისტორიისას“, — უთხრა „კავკაზსკი უზელს“ ერევნის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრ ისკანდარიანმა.
ჩრდილოეთ კავკასიასა და ზოგადად რუსეთში სტალინისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ იმ ხალხების წარმომადგენლებს, რომლებიც სტალინის დროს დეპორტაციას დაექვემდებარნენ – ჩეჩნებს, ინგუშებს, ყარაჩაელებსა და ბალყარებს.
თუმცა, ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიაში სტალინს ეთნიკური თვალსაზრისით „თავისიანად“ აღიქვამენ – ბევრს სჯერა, რომ ის ეროვნებით ქართველი კი არა, ოსი იყო.
„ჩრდილოეთ ოსეთში სტალინის ბიუსტი ოფიციალურად დადგეს ვლადიკავკაზში, 2005 წელს გახსნილ დიდების მემორიალზე“, – შეგვახსენა ალექსანდრ ისკანდარიანმა.
რეგიონულ „სიყვარულში სტალინისადმი“ ის, რიჩარდ ფოლცის მსგავსად, ნაკლებად ხედავს „ისტორიასთან დაკავშირებულ სენტიმენტებს“ ან მოქალაქეთა სტალინიზმისადმი ერთგულებას და უფრო მეტად – თანამედროვე პრობლემებზე რეაქციას.
„ეს არის სურვილი უფრო მეტი სოციალური სამართლიანობისკენ და პროტესტი კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ. მითი სტალინის ასკეტიზმზე და მისი მმართველობის დროს კორუფციის არარსებობაზე განაპირობებს იმას, რომ სტალინს დღესაც ჰყავს მიმდევრები“, — ამბობს კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი.
ჩრდილოეთ კავკასიაში სტალინის ძეგლების ზუსტი რაოდენობა, ისკანდარიანის თქმით, დადგენილი არ არის.
„ხალხი მათ საკუთარ კერძო ეზოებში და ზოგჯერ სახლშიც კი დგამს. ამას არცერთი სტატისტიკა არ აღრიცხავს. ჩემი შეგრძნებით, მათი რაოდენობა სულ მცირე ათეულებია“, – ამბობს ის.
2024 წელს ჩრდილოეთ ოსეთის არდონის რაიონის სოფელ ნარტში, სტალინის სახელობის ქუჩაზე, ადგილობრივი მცხოვრების ინიციატივით სტალინის ბიუსტი დაიდგა. ბიუსტის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუსტის დადგმა ახსნა სოფლის მცხოვრებთა სურვილით, შეენარჩუნებინათ „მნიშვნელოვანი ისტორიული პიროვნების“ ხსოვნა.
ნალჩიკის მცხოვრებმა (ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა, რუსეთის შემადგენლობაში) ოლეგ კელემეტოვმა 2024 წლის მაისში მიმართვა გაგზავნა რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტებში და მოუწოდა კანონით აიკრძალოს სტალინისა და მეორე მსოფლიო ომის წლებში მასობრივი დეპორტაციებისთან დაკავშირებული სხვა პირების კულტი და მათი გმირად ქცევა და მათთვის ძეგლების დადგმა.
კელემეტოვის ინფორმაციით, სტალინის ძეგლები კავკასიის 40 რეგიონშია დადგმული, მათ შორის 15 რეგიონულ დედაქალაქში, ხოლო სტალინის სკულპტურების რაოდენობით ლიდერთა სამეულში ჩრდილოეთ ოსეთი და დაღესტანი შედიან.
2025 წლის 1 დეკემბერს ინგუშმა ისტორიკოსმა იბრაჰიმ კოსტოევმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის პარლამენტმა ფარულად სრულად მოხსნა განხილვიდან კანონპროექტი, რომელიც რეგიონში სტალინის ხსოვნის უკვდავყოფის აკრძალვას ითვალისწინებდა. აღნიშნული კანონპროექტი პირველ მოსმენაში ჯერ კიდევ 2017 წელს იყო მიღებული.
exchange